სამართალი
ცხინვალში ოპოზიცია ქუჩის საპროტესტო აქციებს აგრძელებს

akciebi-cxinvalshiთბილისი, 16 დეკემბერი, საქინფორმი. ოპოზიციის მომხრეებმა ხუთშაბათს დღის 12 საათიდან ცხინვალის ცენტრში შეკრება დაიწყეს, რათა ოპოზიციის ლიდერ ალა ჯიოევას და რეგიონის ყოფილ ლიდერ ედუარდ კოკოითის შორის მიღწეული პოსტსაარჩევნო შეთანხმების დარღვევა გაეპროტესტებინათ.

ცხინვალიდან გავრცელებული ინფორმაციით, მომიტინგეთა რაოდენობა 100-დან 200-მდე მერყეობდა. რამდენიმე საათის შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდეს. ზოგიერთი  ინფორმაციით, ოპოზიცია კვირას კვლავ გამართავს აქციას, თუმცა, სხვა ცნობით, საპროტესტო აქცია მთავრობის სახლის წინ დღეს გაიმართება.

როგორც15 დეკემბერს ჯიოევამ განუცხადა „რია ნოვოსტის“, ოპოზიცია ყოველდღე გამართავს აქციებს, რათა აიძულოს ხელისუფლება, პოსტსაარჩევნო შეთანხმება სრულად შეასრულოს.

მიუხედავად შეთანხმებისა, რომლითაც ორკვირიანი საპროტესტო აქციები დასრულდა, რეგიონის პარლამენტმა 14 დეკემბერს მხარი არ დაუჭირა წინადადებას გენერალური პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადაყენების თაობაზე. ეს კოკოითისა და ჯიოევას შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იყო.

„შეთანხმება, რომელშიც რუსეთი გარანტორის როლს ასრულებს, არ სრულდება სამხრეთ ოსეთის პარლამენტის გამო. შეთანხმების დარღვევამ შესაძლოა, სიტუაციის აფეთქება და არაპროგნოზირებადი შედეგები გამოიწვიოს“, – აღნიშნა ჯიოევამ 14 დეკემბერს გაკეთებულ წერილობით განცხადებაში.

მართალია, კოკოითი გადადგა, მაგრამ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა – მთავარი პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადაყენების წინადადების ჩაგდებამ – უჩვენა, რომ მას ძალაუფლება კვლავ ხელში უჭირავს, მათ შორის, მისი მმართველი პარტიის მეშვეობით.

„ექს-პრეზიდენტ კოკოითის პარტია „ერთობა“, რომელსაც პარლამენტში 17 დეპუტატი ჰყავს, არ ცდილობს კრიზისიდან გამოსავლის მოძებნას; ის ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს“, – განაცხადა ჯიოევამ.

ამგვარი განვითარებების შედეგად, ჯიოევა და მისი მხარდამჭერები, ფაქტობრივად, ხელცარიელები დარჩნენ 9 დეკემბრის შეთანხების შედეგად და ვრცელდება სპეკულაციები, რომ იმ ფონზე, როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ კვლავ აცამაზ ბიჩენოვი რჩება, ჯიოევას შესაძლოა, 2012 წლის 25 მარტს დაგეგმილ განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც არ მისცენ.