აქტუალური
მემორანდუმი თბილისის მერიასა და ბანკებს შორის

memorandumiiiთბილისი, 14 დეკემბერი, საქინფორმი. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით, თბილისის მერია  სავაჭრო ჯიხურებს ინტერნეტაუქციონის საშუალებით გასცემს. ახალი პროექტის ფარგლებში თბილისის მერიასა და საქართველოს ექვს ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ესენია: „საქართველოს ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“, „ბაზისბანკი“, „თიბისი ბანკი“, „ბითიეი ბანკი“,  ბანკი „რესპუბლიკა“.  მემორანდუმი იმ მცირე მეწარმეების ხელშეწყობას ითვალისწინებს, რომლებიც თბილისის მერიის მიერ გამართულ ინტერნეტაუქციონში გაიმარჯვებენ. იმისათვის, რომ აუქციონში გამარჯვებულმა პირებმა ჯიხურის დამზადება და ბიზნესის წამოწყება შეძლონ, მერია მათ ბანკებთან ურთიერთობისას თავდებში უდგება. ახალი პროექტი არის საუკეთესო შანსი იმ თბილისელებისთვის, ვისაც სურს, განავითაროს კერძო ბიზნესი, შექმნას სტაბილური და გრძელვადიანი სამუშაო ადგილები, რაც სავაჭრო ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, შევიდეს ვებგვერდზე iauction.ge, დარეგისტრირდეს, აირჩიოს მისთვის სასურველი ადგილი, გადაიხადოს 500 ლარი ბეს სახით და ჩაერთოს ელექტრონულ აუქციონში. იჯარის წლიური საწყისი ფასი არის 1000 ლარი. თუკი დაინტერესებული პირი აუქციონში ვერ გაიმარჯვებს, გადახდილი თანხა უკანვე დაუბრუნდება. გამარჯვებული პირი კი ხუთწლიანი იჯარით სავაჭრო ჯიხურით სარგებლობის უფლებას  მოიპოვებს.