ფოთი,13 დეკემბერი, საქინფორმი. ფოთის ნავსადგურის ხელმძღვანელობამ უკანასკნელ დღეებში სამსახურიდან ასობით ადამიანი გაათავისუფლა და რამდენიმე სამსახურიც გააუქმა. გასათავისუფლებლებს ტელეფონით უკავშირდებიან და ცალ-ცალკე იბარებენ, რათა ხალხმრავლობასა და დაძაბულობას თავი აარიდონ. შეხვედრებში მხოლოდ ფირმის უცხოელი წარმომადგენელი და თარჯიმანი მონაწილეობს. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო tspress.ge ავრცელებს.
განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში საპენსიო ასაკს მიღწეულნი არიან: „მე ახალ სამსახურში აღარავინ მიმიღებს, ერთ წელიწადში ეს კომპენსაცია რომ დამთავრდება, რითი მივიტანო სული პენსიის დანიშვნამდე?“ – აღნიშნავს შუახნის მამაკაცი.
ფოთის ნავსადგურის თანამშრომელთა შემცირება ამ დრომდე გრძელდება.
ნავსადგურის ხელმძღვანელობა თანამშრომლებს დღის განმავლობაში ნავსადგურის სამმართველოსა და გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ განყოფილებაში ხვდება.
თანამშრომელთა ვარაუდით, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ახალ წელს უმუშევრის სტატუსით 600-მდე ადამიანი შეხვდება.