პოლიტიკა
„ისტორიული ოცნების ასრულების დასაწყისი“

mishiiiთბილისი, 13 დეკემბერი, საქინფორმი. 2011 წელი ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან მოსაზრება, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, მტკიცედ დამკვიდრდა ევროპულ დედაქალაქებში, რაც „ჩვენი ერის ისტორიული ოცნების ასრულების დასაწყისია“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

12 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ბრიუსელში ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ კარელ დე გუხტსა და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის – პოლონეთის, საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის შეხვდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.

„ეს [მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირთან] ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ეტაპია ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა სააკაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე და დასძინა, რომ ამ მოლაპარაკებების დასრულებას, რაც საქართველოს ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარება, „არც ისე ბევრი წელიწადი“ დასჭირდება.

მისი თქმით, 2004 წელს „დასცინეს“ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას – ევროკავშირის დროშა აეწია საქართველოს ხუთჯვრიანი დროშის გვერდით როგორც თბილისის მისწრაფების სიმბოლური ჟესტი. 2011 წელი, მისი თქმით, საქართველოსთან მიმართებაში ევროპის ფსიქოლოგიური შემობრუნების წელი გახდა, რადგანაც ბევრმა ევროპელმა ლიდერმა, მათ შორის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა სიკორსკიმ დაიწყეს იმის დაფიქსირება, რომ საქართველო გახდებოდა ევროკავშირის წევრი.

„წლევანდელი წლის დასაწყისში ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის – და მე ვარ გამოუსწორებელი მეოცნებე ამ კუთხით, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრება გახდებოდა რეალური თემა, მე ვიტყოდი, რომ ეს სასურველი აზროვნებაა, მაგრამ ეს არის ახლო რეალობასთან. ბოლო ყველა შეხვედრაზე, სამიტზე, სადაც მე ვიყავი, რეფრენად, მუსიკალურ მოტივად ისმის, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„უკვე ევროკავშირში, ბრიუსელში დამკვიდრდა არა მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობა, არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლა, არამედ საქართველო უნდა იყოს ამ პოლიტიკურ-ეკონომიკური  გაერთიანების შემადგენელი წევრი აქედან რამდენიმე წელიწადში.

ეს არის მართლაც წარმოუდგენელი გეოპოლიტიკური გადატრიალება საქართველოსთვის. ეს არის ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი ოცნების ხორცშესხმის დაწყება“, – განაცხადა მან.

„ეს არის ის, რისთვისაც ცხოვრობდა საქართველოში  ათეულობით და ასეულობით თაობები. სამწუხაროდ, ვერცერთი მათგანი ვერ მოესწრო ამ მიზანს. ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი არა როდესღაც, სადღაც მომავალში, არამედ ამ თაობამ, ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა, ამ დღევანდელმა ჩვენმა დიპლომატიამ მიაღწიოს ამ საკითხის შეუქცევადად გადაწყვეტას, – განაცხადა სააკაშვილმა. – ეს არის მართლაც ძალიან დიდი შანსი თითოეული ჩვენგანისთვის“.

„ამიტომ დღეს მართლაც არის არა უბრალოდ, ვთქვათ, მორიგი დიპლომატიური გამარჯვება, ეს არის დასაწყისი ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი ეგზისტენციალური, ე.ი. ჩვენი არსებობისთვის განსმაზღვრელი პოლიტიკური პროცესის, ჩვენი ერის ისტორიული ოცნების ასრულების დასაწყისი“, – დასძინა მან.