აქტუალური
საქართველოს მოსახლეობას პრემიერ-მინისტრად ივანიშვილის ხილვა სურს

miSa-biZina1თბილისი, 9 დეკემბერი, საქინფორმი. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილის შემდგომ 31.8 პროცენტი ბიძინა ივანიშვილს ასახელებს.

გამოკითხულთა 12,7 პროცენტი  მხარს უჭერს გიგი უგულავას გაპრეზიდენტებას, 9,3  პროცენტი კი ირაკლი ალასანიას მხარდამჭერია. რეიტინგით მეოთხეა ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე – 7,1პროცენტი.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის წარმომადგენელი იაგო კაჭკაჭიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის დაბალ მაჩვენებელს ამ ეტაპისთვის სააკაშვილის მიერ მემკვიდრის დაუსახელებლობას მიიჩნევს.

„საქართველოში ორი პოლიტიკური ცენტრი ჩამოყალიბდა – „ნაციონალური მოძრაობის“ და პოლიტიკაში ახლად მოსული მილიარდერი ქველმოქმედის, ბიძინა ივანიშვილის, პოლიტიკური ძალის სახით“, – ნათქვამია კვლევაში, რომელიც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დაკვეთით 11-22 ნოემბერს ჩაატარა.

კვლევის პრეზენტაცია, როგორც უკვე იუწყებოდა საქინფორმი, 8 დეკემბერს შედგა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით.

სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის ინფორმაციით, რომელიც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ხელმძღვანელია, კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით და ანონიმურობის დაცვით, დაახლოებით, 3000 საარჩევნო ასაკის რესპონდენტი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით  გამოიკითხა. მისი თქმით, კვლევის ცდომილება ქვეყნის მასშტაბით 1.8%-ია, ხოლო რეგიონულ მონაცემებში 6-7%-ია.

კვლევის დამკვეთისაქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტინოემბრის დასაწყისში დაფუძნებული ორგანიზაციაა და მისი ერთერთი დონორი ბიძინა ივანიშვილია.

„მისი [ივანიშვილის] ფინანსური მხარდაჭერა ინსტიტუტს ჰქონდა, მაგრამ არა ამ საქმისთვის. ჩვენ გვქონდა ამის შესაძლებლობა, რომ დაგვეფინანსებინა ეს კვლევა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ინსტიტუტის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გია ხუხაშვილმა კვლევასთან ივანიშვილის ფინანსური კავშირის შესახებ დასმულ კითხვაზე და კონკრეტული ციფრების დასახელების გარეშე დასძინა, რომ კვლევა „ძალიან სერიოზული თანხა დაჯდა“.

კვლევის შედეგების პრეზენტაციას ერთი დღით ადრე უსწრებდა აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევაზე დაყრდნობით ქართულ მედიაში ფრაგმენტულად გავრცელებული ინფორმაცია პარტიების რეიტინგებთან დაკავშირებით.

სპეციალურ მიმართვაში ხუხაშვილმა მოუწოდა IRI-ს, გაეაკეთებინა განმარტებები მის მიერ დაკვეთილ კვლევასთან დაკავშირებით 7 დეკემბერს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით „გაჟონილ“ მონაცემებზე, რადგან ამ კვლევით „პროპაგანდისტული მანიპულირება“ აზიანებს IRI-ის „მაღალ ავტორიტეტს“.

მედიის მიერ IRI-ის მონაცემებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  კითხვაზე – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ნაციონალური მოძრაობა“ – 42%; ბიძინა ივანიშვილის პარტია – 18%; ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა – 8%.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ანალოგიურ კითხვაზე რესპონდენტთა 36%-მა „ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა, 32% – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ძალა; 4.3%  – ქრისტიან-დემოკრატები; 1.6% – ლეიბორისტები; 1.5% – თავისუფალი დემოკრატები; დანარჩენ პარტიებს 1%-ზე ნაკლები მხარდაჭერა აქვს.

იაგო კაჭკაჭიშვილის განცხადებით, აქამდე ჩატარებულ კვლევებთან შედარებით, საგრძნობლად, 12.8%-მდე,  შემცირდა იმ რესპონდენტთა ოდენობა, ვისაც ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს. მისი თქმით, მისი ორგანიზაციის მიერ ივლისში ჩატარებულ კვლევაში რესპონდენტთა ეს ოდენობა 27%-ს შეადგენდა.

კვლევამ აჩვენა, რომ ივანიშვილის 32%-იანი რეიტინგის მდგენელი, კაჭკაჭიშვილის განცხადებით, არის იმედგაცრუებული ამომრჩევლის ივანიშვილის ფაქტორის გამო პოლიტიკისკენ შემობრუნება, სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა გადმობირება და მმართველი პარტიის ელექტორატის მიმხრობის „პირველი ნიშნები“. „ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“, დაახლოებით, 3% თავის აქტივში გადმოიტანა“, – განაცხადა მან, თუმცა დასძინა, რომ ეს აშკარად გამოხატული ტენდენციის სახეს არ ატარებს.

რეგიონულ ჭრილში ბიძინა ივანიშვილი მნიშვნელოვნად ლიდერობს იმერეთში, თბილისში, მცხეთა-მთიანეთში; „ხოლო ნაციონალური მოძრაობა“ უპირატეს პოზიციებს ინარჩუნებს სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში,  ქვემო ქართლში; დანარჩენ რეგიონებში დაფიქსირებული მონაცემები მათ თანაბარ შანსებზე მიუთითებს, რეგიონულ დონეზე კვლევის 6-7%-იანი ცდომილების გათვალისწინებით. რეგიონებში მხარდაჭერის თვალსაზრისით, ყველა სხვა დანარჩენ პარტიას, რომელთა რეიტინგებიც საკმაოდ დაბალია, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა უსწრებს, თუმცა ის მკვეთრად ჩამორჩება ლიდერების პოზიციებს.

კითხვაზე, თუ რომელი პოლიტიკური ძალა შეძლებს 5%-იანი ბარიერის გადალახვას მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, რესპონდენტთა 26% ასახელებს „ნაციონალურ მოძრაობას“; 21.4% – ბიძინა ივანიშვილის პარტიას; 14.7%  – ქრისტიან-დემოკრატებს; 7.9% - ირაკლი ალასანიას „თავისუფალ დემოკრატებს“; ხოლო 4.4% – ლეიბორისტებს.  დანარჩენი პარტიები 4%-ს მიღმა არიან.

რესპონდენტთა უფრო მეტი ოდენობა (39%)  აცხადებს, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში შესაძლო დარჩენას დადებითად აფასებს, ხოლო 35.8% ამ პერსპექტივას უარყოფითად უყურებს მაშინ, როცა 18%-მდე ამ საკითხის მიმართ ნეიტრალური განწყობა აქვს.

თუმცა კითხვაზე – თუ ვის ისურვებდნენ პრემიერ-მინისტრად 2013 წლის შემდეგ, როცა ამჟამინდელი პრეზიდენტის მეორე და უკანასკნელი ვადა იწურება, რესპონდენტთა 26.1%-მა ბიძინა ივანიშვილი დაასახელა, ხოლო 24.2%-მა – მიხეილ სააკაშვილი; შემდეგ მოდიან ირაკლი ალასანია (7.8%), გიორგი თარგამაძე (6.8%) და გიგი უგულავა (6.4%).

კაჭკაჭიშვილის განცხადებით, ნიშანდობლივია, რომ სააკაშვილის გაპრემიერების მსურველთა მონაცემი (24.2%) ჩამორჩება მმართველი პარტიის მხარდამჭერთა (36%) ოდენობას.

ამასთან, რესპონდენტთა 31.8%-ს მომავალ პრეზიდენტად ბიძინა ივანიშვილი; 12.7% – თბილისის მერი, გიგი უგულავა; 9.3% – ირაკლი ალასანია; 7.1% – გიორგი თარგამაძე, ხოლო 2.3% – პარლამენტის ამჟამინდელი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სურთ.

გამოკითხულთა 77.7% აცხადებს, რომ 2012 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას, ამ მხრივ მხოლოდ 6.7%-ია განწყობილი სკეპტიკურად.

ამასთან, გამოკითხულთა 75.7%-თვის ხელისუფლების შეცვლა მისაღებია მხოლოდ არჩევნებით; რევოლუციურ გზას, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, რესპონდენტთა მხოლოდ 6.8% უჭერს მხარს; არსებული ხელისუფლების შეცვლა 12.2%-თვის მიუღებელია.

რესპონდენტთა 59.1% ფიქრობს, რომ 2012 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები სამართლიანად ჩატარდება; 15.4%-ს კი გაყალბების მოლოდინი აქვს.

კვლევის თანახმად, ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას რესპონდენტთა 56.3% მიესალმება, თუმცა 10%-ით ნაკლები, 46.2% აფასებს დადებითად მის პირველ პოლიტიკურ ნაბიჯებს, 18.5%  – უარყოფითად, ხოლო 21.4% ნეიტრალურად არის განწყობილი.

კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 39.5%-ის აზრით, ბიძინა ივანიშვილმა სწორად აირჩია პარტნიორებად თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები; საპირისპიროს 30% მიიჩნევს, ხოლო ამდენივეს უჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

რესპონდენტთა 45% მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება შეძლებს მოუგვარებელი პრობლემების გადაჭრას, ხოლო ზუსტად ამდენივე – საპირისპიროს ფიქრობს. პრობლემების მოგვარების მოლოდინი ბიძინა ივანიშვილის მიმართ რესპონდენტთა 57%-ს აქვს.

ამასთან, გამოკითხულთა უმეტესობა მთავარ პრობლემებად უმუშევრობას, „დაკარგულ ტერიტორიებს“, სიღარიბეს, ფასების ზრდას და ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობას ასახელებს.

კვლევამ, ასევე, აჩვენა, რომ გამოკითხულთა 53% არ უჭერს მხარს პარლამენტში დეპუტატთა რიცხოვნობის 150-დან 190-მდე გაზრდის ინიციატივას – ამ იდეას მხოლოდ 13% ემხრობა.