პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე

mishikooo2თბილისი, 8 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთში ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას დაესწრო, რომელზეც სიტყვითაც გამოვიდა. პრეზიდენტის გამოსვლას საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„ბატონო პრეზიდენტო,

ქალბატონებო და ბატონებო,

ევროპის სახალხო პარტიის ყრილობა ოჯახურ შეკრებას ჰგავს – ოჯახის წევრები იკრიბებიან, რათა ერთმანეთს საერთო ღირებულებები და იდეები გაუზიარონ.

ამ იდეას ერთი სახელი აქვს – მას ევროპა ჰქვია.

ჩვენ არ ვგულისხმობთ გეოპოლიტიკურ ტერმინს, კიდევ უფრო ნაკლებად – ბიუროკრატიულ მანქანას.

ჩვენ ვლაპარაკობთ ევროპაზე როგორც პოლიტიკურ პროექტზე, როგორც მორალურ იდეალზე.

ევროკავშირი, რომელიც გასული საუკუნის ყველაზე დიდი მონაპოვარია, დღეს ფუნდამენტურ კრიზისს განიცდის. კრიზისს, რომელიც აღემატება ვალის საკითხს და შეიძლება კვალიფიცირდეს როგორც იდენტობის კრიზისი.

ზოგადი პესიმიზმისა და მზარდი სკეპტიციზმის ფონზე, დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის სახალხო პარტიის ოჯახი იქნება ევროპის განმტკიცების მამოძრავებელი ძალა.

მე ჩამოვედი ამ მშვენიერ ქალაქში, რომელსაც აქამდე არ ვიცნობდი – ეს ქალაქი ძალიან მაგონებს საქართველოს.

ბატონო მერო, მე ჩამოვედი მარტივი გზავნილით, იმედიანი გზავნილით – ევროპის პროექტს აქვს მომავალი, ხოლო ჩვენთვის, ევროპის მეზობლებისთვის, მომავალი არის ეს პროექტი.

ქალბატონებო და ბატონებო,

თქვენ ყველამ იცით, რომ რუსეთის ფედერაციას სამხედრო ძალების გამოყენებით 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევით, ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ 500 ათასი ჩემი თანამოქალაქის ტრაგედიის თაობაზე (ჩვენი მოსახლეობა მხოლოდ 5 მილიონია), რომლებიც საკუთარი სახლებიდან გამოაძევეს და უკან მხოლოდ იმიტომ ვერ ბრუნდებიან, რომ უშიშროების ყოფილმა ოფიცერმა შორეული  ქვეყნის დედაქალაქში გადაწყვიტა, რომ იქ მათი სახლი აღარ არის და ეს ადგილი ნეოსაბჭოური ამბიციების სათამაშო მოედანია.

მინდა, ამ ხალხისა და ქართველი ერის სახელით მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მარტენსს იმ სიტყვებისთვის, რომლებიც მან დღეს წარმოთქვა და, ასევე, იმ მტკიცე მორალური მხარდაჭერისთვის, რომელიც ევროპის სახალხო პარტიამ ბოლო წლებში აღმოგვიჩინა.

ამის ბოლო და ნათელი დადასტურებაა ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელსაც მისი წევრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი და რომელიც ევროპის სახალხო პარტიის მხარდაჭერით შეიქმნა.

ასე რომ, ოკუპაციის, ეთნოწმენდის, ემბარგოების და მუდმივი მუქარის მიუხედავად, ჩამოვედი აქ იმედის გზავნილით და მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, თუ რამდენად დიდია ევროკავშირის მიზიდულობის ძალა.

საქართველო, რომელიც რამდენიმე წლის წინათ ოკუპირებული და განადგურებული იყო, დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმატორი ქვეყანაა.

მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, ჩვენ ნომერ პირველი ქვეყანა ვართ ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით; „Transparency International“-ის კვლევების საფუძველზე,  კორუფციასთან მებრძოლი ნომერ პირველი ქვეყანა ვართ 5-წლიანი პერიოდის განმავლობაში.

კანადური სამართლისა და დემოკრატიის ცენტრის კვლევების მიხედვით, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ახალი ზელანდიის შემდეგ აქვს მეორე ყველაზე ეფექტიანი და გამჭვირვალე სახელმწიფო აპარატი მსოფლიოს მასშტაბით.

ეს არის ქვეყანა, სადაც სიღარიბე 52 პროცენტიდან 17 პროცენტამდე შემცირდა და ამ პროცესს კვლავაც აგრძელებს.

ეს არის ქვეყანა, რომელსაც აქვს წარმოუდგენელი წინსვლა სოციალური და კონსერვატიული ღირებულებების განმტკიცების თვალსაზრისით.

ქალბატონებო და ბატონებო, ეს კავშირი სტაბილურობის და პროგრესის გამოხატულებაა თავის გარშემო, რაც მშვიდობის, დემოკრატიის და კეთილდღეობის სინონიმია.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროპას ალტერნატივა არ აქვს.

ჩვენი გზები შეიძლება, განსხვავებულად ჩანდეს – საქართველო შესაძლოა, ევროპულ პოლიტიკურ მოდელს უფრო სწრაფად და სტაბილურად ერგებოდეს, ვიდრე სხვები, მაგრამ საბოლოოდ, ჩვენი საზოგადოებების ევროპული ტრანსფორმაციის ალტერნატივა არ არსებობს. ევროინტეგრაციის პროცესში  ჩვენ სხვა გეოპოლიტიკური არჩევანი არ გვაქვს.

რა იქნებოდა ალტერნატივა?

ევრაზიის კავშირი? როგორც მას  რამდენიმე ნოსტალგიურმა ლიდერმა უწოდა მოსკოვში...

ასეთივე პროექტი მოახვიეს თავს საქართველოსა და კიდევ ბევრ სხვა ქვეყანას თითქმის ერთი საუკუნის წინათ.

მაშინ მას სხვა სახელი ჰქონდა – საბჭოთა კავშირი.

ბავშვობის დიდი ნაწილი ამ ქვეყანაში გავატარე, მაგრამ ამ პერიოდის ერთი წამიც არ მენატრება. ვფიქრობ, ყველა ჩემი ახლობელი ამ გრძნობას იზიარებს.

თუ ევროკავშირი მომავალია, მაშინ ევრაზიის კავშირი წარსულია და სწორედ ამიტომ არ გაამართლებს ის.

ევროკავშირი ყოველთვის იყენებდა საკუთარ შესაძლებლობებს. ეს ევროპის უახლესმა ისტორიამ გვასწავლა. ევრაზიის კავშირი მაინც ყალიბდება იმის მიუხედავად, თუ რას ამბობენ ამის შესახებ. ამის გაგება ძალზე მნიშვნელოვანია იმ მოვლენების ფონზე, რომლებიც საქართველოს ერთ-ერთ მცირე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე – სამხრეთ ოსეთში ბოლო დროს განვითარდა.  იქ რუსეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა და არჩევნები „დადგა“, თუმცა თავისივე „დადგმული“ პროცესი ვეღარ გააკონტროლა. მათ ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატის ე.წ. საარჩევნო კამპანია აწარმოეს, მაგრამ ამან მხოლოდ ძალადობა გამოიწვია და  ძალიან ცუდი სანახაობა გამოუვიდათ.

ოკუპირებულ ცხინვალსა და მოსკოვის ცენტრში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, რომ წარსულის მეთოდები დღეს, უბრალოდ, აღარ  მუშაობს.

აწმყო ხანდახან ქაოტურია, მაგრამ მომავალი დემოკრატიებს, ღია საზოგადოებებსა და თავისუფალ ბაზარს ეკუთვნის.

ჩემს რეგიონში ამ დემოკრატიულ მომავალს ერთი სახელი აქვს და მას ევროპა ჰქვია.

ევროპის სახალხო პარტიამ იდეალური გარემო შეუქმნა იმ რეფორმისტულ ძალებს, რომლებიც ასეთ ევროპულ მომავალს აშენებენ და ეს პარტია წამყვანი ძალა უნდა იყოს სამეზობლო პოლიტიკაში.

ქალბატონებო და ბატონებო,

პრინციპი „მეტი მეტისათვის“, რომელიც ევროკავშირმა აირჩია, სწორი მიდგომაა.

ევროკავშირმა უნდა შესთავაზოს მეტი თანამშრომლობა და მეტი ინტეგრაცია მათ, ვისაც ეს სურს და შესაბამისად მოქმედებს.

ეკონომიკური და პოლიტიკური ტრანსფორმაციის თვალსაზრისით, საქართველოს სურს, რომ  წარმატების სამაგალითო ისტორია ჰქონდეს როგორც სამეზობლო პოლიტიკაში, ისე  ევროკავშირისა და ევროპის სახალხო პარტიისთვის“.