თბილისი, 7 დეკემბერი, საქინფორმი. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რეგისტრაციაში გაატარა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლი“, რომლის დამფუძნებელი და თავმჯდომარეა ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკოსი და მეცნიერი, პროფესორი ნესტან კირთაძე.
„ეს იქნება მშვიდობის სახლი, რომელიც ხელს უწვდის აფხაზებსა და ოსებს მშვიდობიანი თანაარსებობის, თანაცხოვრებისთვის საფუძვლების მოსამზადებლად და პირველი ნაბიჯების გადასადგმელად. ეს იქნება სამშვიდობო ინსტიტუცია და კერა ორმხრივი და მრავალმხრივი დაილოგისთვის, ადამიანურ დონეზე ჰუმანიტარული ურთიერთობისთვის, ტრადიციებისა და კულტურული ურთიერთობების განახლებისთვის, პრობლემების განსჯისა და მათი ერთობლივად გადაწყვეტისთვის. ჩვენი სამშვიდობო ურთიერთობები გარდაუვალი რეალობაა. ჩვენ ერთად გადავდგამთ პირველ ნაბიჯებს ამ რეალობის შესაქმნელად“, – განაცხადა კირთაძემ.
დეტალურ ინფორმაციას „ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის“, როგორც სამშვიდობო ინსტიტუციის, მისი პარტნიორებისა და სამომავლო გეგმების შესახებ კირთაძე უახლოეს დღეებში საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.