აქტუალური
თბილისი, 7 დეკემბერი, საქინფორმი. ბანკმა „რესპუბლიკამ“, რომელიც ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის“ წევრია, ბრიტანული ბანკი „HSBC“-ის შვილობილი კომპანია „HSBC Georgia“-ს საცალო პორტფელი შეიძინა.
გარიგების თანხა კონფიდენციალურობის მოტივით არ დასახელებულა, თუმცა „HSBC“-ის ინფორმაციით, ამ პორტფელის მთლიანი ღირებულება 23 ნოემბრის მდგომარეობით 4.5 მლნ დოლარს შეადგენდა.
ბანკი „რესპუბლიკის“ გენერალურმა დირექტორმა კრისტიან კარმანიოლიმ განაცხადა, რომ ბანკი მოხარულია, მიიღოს „HSBC“-ის 170 კლიენტი.
„HSBC Bank Georgia“-ს გენერალური დირექტორის – გაი ლუისის განცხადებით, ბანკი „რესპუბლიკა“ მათ იმ მოტივით შეარჩიეს, რომ ის „სოსიეტე ჟენერალის“ წევრია. ბანკი „რესპუბლიკა“ საქართველოში აქტივების მიხედვით რიგით მეხუთე ადგილზეა.