საქართველოში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებზე საქინფორმი პოლიტიკის მეცნიერებათა კანდიდატს, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელ გულბაათ რცხილაძეს ესაუბრა.
– ბატონო გულბაათ, რამდენიმე დღის წინათ ხელისუფლებამ თავის გუნდთან ერთად „ვარდების რევოლუციიდან“ გასული 8 წელი იზეიმა და ამ ხნის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებზეც თამამად ისაუბრა. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ პერიოდს, ვარდებისრევოლუციონერი ხელისუფლების კურსსა და, ზოგადად, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას?
– ამ 8 წლის განმავლობაში მათ იმდენი „სასიკეთო საქმე“ აკეთეს, რომ მათი გაკრიტიკება ძალიან ადვილია. შეიძლება რაღაც კონკრეტულ საკითხში მოხდა გაუმჯობესება, მაგრამ ნეგატიური იმდენად მეტია, რომ ეს აშკარად გადაწონის დადებით მოვლენებს. „ვარდების რევოლუცია“, მისი წყალობით მოსული ხელისუფლება და მისი კურსი დამღუპველი აღმოჩნდა საქართველოსთვის მრავალი თვალსაზრისით. ამ კურსის შედეგია სოციალური უსამართლობის გაღრმავება, ცხოვრების ისედაც დაბალი დონის კიდევ უფრო გაუარესება, მრავალი მოქალაქის ჩავარდნა საბანკო ვალებში, სახელმწიფო ტერორი, სასამართლოს ტოტალური პოლიტიზაცია, სამარცხვინო ომი, ქვეყნის დაქუცმაცების ტენდენციის გაძლიერება, საკუთარ ხალხთან ძალადობა... საუბარი და კამათი ამ საკითხზე ზედმეტად მიმაჩნია, რადგან შედეგი დამანგრეველია. მაშინ, როდესაც ქვეყანამ გადაიტანა ომი, დაკარგულ ტერიტორიებს მიემატა კიდევ სხვა, როგორ შეიძლება აქ რაღაც დადებითზე საუბარი?!2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყანა პერსპექტივის გარეშე დარჩა. სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება. ფანტაზიის სფეროდან მოყვანილი ციფრები, რომლებითაც ხელისუფლება ხშირად იწონებს თავს, აბსურდულია და აშკარა ტყუილი.
– აგვისტოს ომის შემდეგ განსაკუთრებით გაუარესდა ჩვენი ურთიერთობა მეზობელი რუსეთის სახელმწიფოსთან. რამდენიმე დღის წინათ კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე ოფიციალური მიწვევით რუსეთში ბრძანდებოდა. როგორ შეაფასებდით ამ ვიზიტს? საგარეო უწყების განცხადებით, ეს ვიზიტი ვერანაირი დადებითი ცვლილების მომტანი ვერ იქნება...
– ჩვენს ხელისუფლებას გულზე ეკალივით ესობა უწმიდესის რუსეთში ვიზიტები, და არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული ვიზიტი, არამედ, ზოგადად, საეკლესიო ურთიერთობები რუსეთთან. ხელისუფლება გამწარებულია იმით, რომ ჩვენ ერთი და განუყოფელი მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები ვართ.
ბოლო პერიოდში ნაციონალური ტელევიზიებით აქტიურად მიმდინარეობს პროპაგანდა რუსეთის ეკლესიის წინააღმდეგ. ძალიან უნდათ, რუსული მართლმადიდებელი ეკლესია დახატონ აგრესორად, რუსეთის ხელისუფლების დამხმარე ძალად. რა თქმა უნდა, ეკლესია ყოველთვის აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფოსთან, მით უმეტეს, რუსულ სინამდვილეში, მაგრამ, ასევე, არსებობს სერიოზული სხვაობა რიგ საკითხებში, რომელიც ნათლად ასახავს, რომ რუსული ეკლესია უბრალოდ ავტომატურად და ბრმად განმმეორებელი არაა იმისა, რასაც რუსული სახელმწიფო აკეთებს. ეს ცხადად გამოჩნდა საქართველოს მაგალითზეც. ჩვენს პატრიარქს დიდი ავტორიტეტი აქვს საერთაშორისო საეკლესიო სამყაროში, მათ შორის, რუსეთშიც. სწორედ საეკლესიო ურთიერთობები იქნება მომავალი ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირების საფუძველი. პატრიარქი რომ ამ ურთიერთობებს უფრთხილდება და ინახავს, უდიდესი სულიერი და, ამავე დროს, პოლიტიკური მნიშვნელობის ფაქტია. ჩვენ ვართ ევქარისტულ კავშირში რუს ხალხთან და ეს ყოველთვის იმაზე უფრო მაღლა დგას, ვიდრე პოლიტიკური კონიუნქტურა, თუნდაც ისეთი შეუგუებელი პოზიციები, როგორიც დღეს სამხერთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხში გვაქვს. ყველა პრობლემა დროებითია, თუნდაც ხანგრძლივი იყოს, მაგრამ მარადიულია სულიერება, ჩვენი რწმენა.
– სამხრეთ ოსეთი ახსენეთ. ახლახან ამ რეგიონში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
– ჩვენდა სამარცხვინოდ, როგორც აფხაზეთმა, ისე ცხინვალმა დემოკრატიის მაგალითი აჩვენა ჩვენს თავგასულ ხელისუფლებას, რომელსაც მუდამ პირზე აკერია დემოკრატიული რიტორიკა. სწორედ არჩევნებია დემოკრატიის უმთავრესი განმსაზღვრელი. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გარკვეული სენსაცია მოხდა – არჩევნებში გაიმარჯვა იმ კანდიდატმა, რომლის გამარჯვებასაც არ ვარაუდობდნენ. მართალია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამხრეთ ოსეთი დემოკრატიის მაგალითად გამოდგება, მაგრამ ვამბობ – ჩვენს სიტუაციასთან შედარებით, რადგან არჩევნების რეალური შედეგები დაფიქსირდა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეს შედეგები აღიარა. გამოდის, რომ საქართველოს ძირითადი ნაწილისგან განსხვავებით, ცხინვალის რეგიონში ერთი სახელმწიფო ორგანო – ცესკო მაინც მუშაობს მიუკერძოებლად. თუმცა საბოლოოდ გასარკვევია, რა როგორ იქნება. შესაძლოა, მოვლენები ცუდი სცენარითაც განვითარდეს, დემოკრატიის ამ პირველმა გამარჯვებამ ნაყოფი მოცემულ ეტაპზე ვერ გამოიღოს და დაპირისპირება გამძაფრდეს, მაგრამ, ვფიქრობ, ეს ამბები, განსხვავებით ჩვენი „დემოკრატიული ქვეყნისგან“, შეიარაღებული დაპირისპირებების, სპეცრაზმის მიერ ადამიანების ცემის გარეშე ჩაივლის, რაც უკვე დიდი მიღწევა იქნება.
პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი, პრინციპში, მისაღებია რუსეთისთვის, რადგან სამხრეთ ოსეთში კარგად ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის რუსეთთან კარგი ურთიერთობა. უფრო მეტიც, სერიოზულად დგას საკითხი – სამხრეთ ოსეთი შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში. ეს ჩვენთვის ძალზე სამწუხაროა, მაგრამ ამაში დამნაშავეები უფრო ჩვენ ვართ, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ხელი გვეკრა ჩვენი თანამოძმე ოსებისათვის. ეს დაიწყო ჯერ კიდევ 22 წლის წინათ, როდესაც ცხინვალში დროშების ფრიალითა და გამომწვევი შეძახილებით ბრბო ჩავიდა თბილისიდან, რის საფუძველიც იმ დროისთვის საერთოდ არ არსებობდა; ცხინვალში რადიკალურ სეპარატისტულ ორგანიზაციებს იმჟამად არ ჰქონდათ დიდი გავლენა. პირიქით, 9 აპრილის მოვლენების დროს არაფორმალური ორგანიზაციების ნაწილმა სამძიმრის წერილი გამოაგზავნა თბილისში. ამას ყველაფერს ხაზი გადაესვა და იქიდან მოყოლებული მოდის ეს დაპირისპირება. გვიანდელი შევარდნაძის პერიოდში გარკვეული დათბობა შეიმჩნეოდა ჩვენს ურთიერთობაში, მაგრამ ჯერ – 2004 წლის ლოკალური შეიარაღებული კონფლიქტის წამოწყებით, შემდეგ კი 2008 წლის აგვისტოს ომით სააკაშვილმა საერთოდ ხაზი გადაუსვა ყველაფერს; სიტუაცია მიიყვანა იქამდე, რომ დღეს სამხრეთ ოსეთი აბსოლუტურად გაუცხოებულია საქართველოსგან. კიდევ უარესი – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს მიემატა ახალგორის რაიონიც, რომელიც არასოდეს ყოფილა სეპარატისტული რეგიონი. საქართველოს ხელისუფლებამ ახალგორიდან ხელოვნურად გამოიყვანა მოსახლეობა ქალაქში ბინების დარიგების დაპირებით, თუმცა ბოლოს ყველამ ვნახეთ, როგორ შეყარეს ეს საცოდავი ხალხი რაღაც სოროებში. მერე კი ინანეს ახალგორელებმა თავიანთი საქციელი, მაგრამ „გვიანია თითზე კბენანი“. დღეს სამხრეთ ოსეთი კიდევ უფრო დიდ პრობლემად იქცა საქართველოსთვის, ვიდრე აფხაზეთი.
– სააკაშვილის ხელისუფლებამ სათავეში მოსვლისთანავე კატეგორიული უარი თქვა რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორებაზე. მათ კურსი თავიდანვე დასავლეთზე აიღეს. სწორედ ამერიკა მოიაზრება სააკაშვილის პირველ მხარდამჭერად და მფარველად, თუმცა ბოლო პერიოდში ამერიკასაც უჩნდება პრეტენზიები ჩვენი პრეზიდენტის მიმართ...
– ამერიკის ხელისუფლება ჩვენ არ უნდა აღვიქვათ ერთგვაროვან ვერტიკალად, აქ არის ძალიან ბევრი შრე, ძალიან ბევრი გავლენიანი ინტერესთა ჯგუფი. არ შეცვლილა დამოკიდებულება სააკაშვილისადმი ნეოკონსერვატების, მაკეინისა და მისი დაჯგუფების მხრიდან. ეს არის იდეოლოგიურად ანგაჟირებული, მაგრამ, ამასთან, ფინანსურად დაინტერესებული ხალხი, რომელსაც ხელს აძლევს, არსებობდეს სააკაშვილი თავისი რეჟიმით, რადგან ამ მხარდაჭერის სანაცვლოდ საქართველოსთვის გამოყოფილი გრანტები და ფული ისევ მათ ჯიბეებში ბრუნდება.
გარდა ამისა, პროვოკაციული იდეების განხორციელებისათვის მათთვის სააკაშვილი იდეალურია. ასე იყო 2008 წლის აგვისტოშიც. ამაზე უკვე ბევრი ფაქტი მიუთითებს, რომ ამერიკის ხელისუფლების გარკვეული წრე ჩართული იყო სააკაშვილის გაქეზებაში რუსეთის წინააღმდეგ. სააკაშვილის რეჟიმს „დემოკრატებშიც“ ჰყავს მხარდამჭერები, პირველ რიგში, ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის სახით. თუმცა იმის გარჩევა, ვინ რა დოზით უჭერს სააკაშვილს მხარს და ვისი დამოკიდებულება შეიცვალა მის მიმართ, შორს წაგვიყვანს.
ზოგადად, პოლიტიკური მოვლენები ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს არა ამერიკისა და სააკაშვილის გადასაწყვეტი, არამედ – ქართველი ერის. თუ ქართველი ხალხის ნება იქნება ურყევი და მოხდება კონსოლიდაცია სააკაშვილის წინააღმდეგ, ამერიკა ვეღარ შეძლებს ჩარევას.
2007-2008 წლის მოვლენების დროს ოპოზიციას რომ არ გაეყიდა და გაენიავებინა ასე უმსგავსოდ ხალხის მხარდაჭერა, სააკაშვილის ამბავი დასრულებული იყო – ვეღარ უშველიდა მას ამერიკა. თუკი ამერიკის ამჟამინდელი, გნებავთ, მომავალი ხელისუფლება, დაინახავს, რომ ქართველი ხალხის ნება ისევე მტკიცე იქნება, როგორც, ვთქვათ, ეგვიპტელი ხალხის ნება იყო მუბარაქის საკითხთან დაკავშირებით, ის ვეღარ დააფარებს ხელს სააკაშვილს, როგორც ვეღარ დააფარა ხელი მუბარაქს და, ფაქტობრივად, გაწირა საკუთარი მოკავშირე, რომელიც სააკაშვილზე ბევრად უფრო ღირებული იყო ამერიკისათვის.
– დღეს, როცა პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება, ალბათ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ სცენაზე გამოჩენას არ შევეხოთ. ამ ფაქტმა სერიოზული გამოფხიზლება გამოიწვია ბოლო დროს მიძინებულ პოლიტიკურ ასპარეზზე. როგორც პოლიტოლოგი, როგორ შეაფასებდით ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას?
– ცალსახაა, რომ ივანიშვილის გამოჩენამ უკვე დახავსებული და დამყაყებული პოლიტიკური გარემო აამოძრავა. ასევე, ძალიან დიდი იმედები გააჩინა საზოგადოებაშიც. როდესაც ივანიშვილმა პირველი პრესკონფერენცია მოაწყო, სწორედ ამ დროს ქალაქში გადაადგილება მიწევდა. სადაც კი მივედი, ყველგან ტელევიზორი იყო ჩართული და იქაური მუშაკები გაფაციცებით ადევნებდნენ თვალს ამ პრესკონფერენციას. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო ივანიშვილის მიმართ დადებითი ემოციებით დატვირთული ხალხი. ეს განწყობა არ შეცვლილა არც დღეს და, სავარაუდოდ, არც მომავალში შეიცვლება, თუკი თავად ივანიშვილმა არ დაუშვა შეცდომები.
ივანიშვილის მთავარი განცხადება, ჩემი აზრით, იყო ის, რომ აპირებს საკუთარი პარტიის შექმნას, მაგრამ ეს მთავარი ნაბიჯი მას ჯერ არ გადაუდგამს. ახლა უკვე კითხვები გაჩნდა – რა იყო მისი გამოჩენის მიზანი – ალასანიასა და რესპუბლიკელების რეიტინგის ამაღლება, თუ გამარჯვება და საქართველოს ხსნა სააკაშვილის ხელისუფლებისაგან? თუკი ეს მეორე ვარიანტია სწორი, და მე ამის შინაგანად მჯერა, ახლა კი უნდა გადადგას აქტიური ნაბიჯები, რომლებიც ამ მიზნის მიღწევას უფრო რეალურს გახდის. ჩემი აზრით, აუცილებელია თავის პოლიტიკურ პარტნიორთა სპექტრის გაზრდა, რადგან ივანიშვილი უნდა გახდეს არა გარკვეული პარტიული დაჯგუფებების ხელმძღვანელი, არამედ მთელი ქართველი ხალხის კონსოლიდატორი. კიდევ ერთი აუცილებელი მომენტი – ივანიშვილმა უნდა შეძლოს, რომ საზოგადოებას დაანახვოს თავისი ძალა, ის, რომ მას შეუძლია თავისი მხარდამჭერებისა და რეჟიმის მოწინააღმდეგეების ელემენტარული დაცვა. აი მაგალითად, გივი ბერიკაშვილის ქალიშვილი მოხსნეს სამსახურიდან იმის გამო, რომ მან მხარდაჭერა გამოთქვა ივანიშვილის მიმართ და ხელისუფლება გააკრიტიკა. ეს ყველამ გაიგო – არასახელმწიფო სტრუქტურამ, ტელეკომპანია „იმედმა“ სამსახური დაატოვებინა ამ პიროვნებას, მაგრამ ახლა რას აკეთებს იგი, ნაკლებად არის ცნობილი. არადა, ივანიშვილმა უნდა გამოაცხადოს, რომ თავად დაასაქმებს მანანა ბერიკაშვილს, ასევე, უყურადღებოდ არ დატოვებს რეჟიმის ყველა მსხვერპლს – თუნდაც იმ კახელ კაცს, რომელმაც თავის ეზოში ტუალეტი გახსნა და სააკაშვილის პოლიტიკური შარჟის შემცველი ვიდეო გამოაქვეყნა ინტერნეტში, რის შედეგადაც იგი, ასევე, სამსახურიდან გაგდებით დაისაჯა. აუცილებლად უნდა გაპიარდეს, რომ ივანიშვილი ყველა ასეთ პიროვნებას დაეხმარება! ეს ხალხს შესძენს იმის რწმენას, რომ ივანიშვილი რეალური კაცია და მის გამო ღირს რაღაც რისკებზე წასვლა. ეს სახუმარო თემა არ არის, ბოლო წლებში ხალხი ძალიან დაიქანცა, ხელისუფლების წნეხის ქვეშ მოექცა. ადამიანებს სჭირდებათ გარკვეული პერსპექტივის დანახვა, რომ რაღაც რისკის სანაცვლოდ ისინი ელემენტარულად მშივრები არ დარჩებიან. თუ ეს ვერ მოახერხა ივანიშვილმა, მისი მოღვაწეობა უპერსპექტივო გახდება.
– ივანიშვილმა რომც შექმნას პარტია, მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში, რამდენად იქნება დაცული ეს არჩევნები გაყალბებისგან, სააკაშვილის ხელისუფლებას რამდენად აქვს შანსი – გააყალბოს არჩევნები?
– ეს არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვა. ამ თემით დავინტერესდი და კონსულტაციებიც მქონდა ამ საქმის სპეციალისტებთან, რომელთაგანაც მივიღე პრინციპული პასუხი: იმ არადემოკრატიული საარჩევნო სისტემის პირობებშიც კი, რომელიც დღეს საქართველოშია, ძლიერ ოპოზიციურ პარტიას შეუძლია, მოიპოვოს გამარჯვება. ოპოზიციურ პარტიას უნდა ჰყავდეს თავისი წარმომადგენლები ყველა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის დონეზე, რათა ადგილებზე არ იქნას დაშვებული ყალბი ოქმების გაფორმება. არჩევნების შედეგები, ძირითადად, სწორედ ამ ოქმების საშუალებით ყალბდება. „კარუსელები“ და საარჩევნო ურნებში ყალბი ბიულეტენების ჩაყრის სხვა მექანიზმები ხომ იმდენად დიდი მასშტაბის ეფექტს ვერ იძლევა, მაქსიმუმ 10-12%, რაც, თავისთავად, არაა ცოტა, მაგრამ შეიძლება, რომ გადამწყვეტი არ აღმოჩნდეს. ასე იყო 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე – ოპოზიციას ძალიან ბევრ საარჩევნო უბანზე და ოლქში კომისიებში არ ჰყავდა წარმომადგენლები ან თუ ჰყავდა, ეს წარმომადგენლები არ იყვნენ სანდონი და ქრთამის აღებისა თუ ზეწოლის შედეგად ხელს აწერდნენ არარეალურ ოქმებს, რომლებიც მიღებული ხმების შედეგებს არ ასახავდა. ამიტომ 2008 წლის არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. ეს არ იყო კოსმეტიკური გაყალბება.
ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და, ივანიშვილი იქნება ეს, თუ სხვა ვინმე, შექმნას თავისი საარჩევნო დამკვირვებლების ძლიერი გუნდი და მიავლინოს ისინი ადგილებზე. აგრეთვე, ძალზე მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი, ავტორიტეტული უცხოელი დამკვირვებლების მოზიდვა. ყოველივე ეს მინიმუმამდე დაიყვანს გაყალბების შესაძლებლობას. მით უმეტეს, ივანიშვილი გათვლას აკეთებს არჩევნების არსებითად დიდი უპირატესობით მოგებაზე. რაც უფრო მეტი ამომრჩეველი მოვა საარჩევნო უბნებზე და ხმას მისცემს სააკაშვილის რეჟიმის საწინააღმდეგო ძალას, მით უფრო ძნელად გაყალბდება არჩევნები. მაგრამ ამომრჩევლის დასარწმუნებლად ოპოზიციას კიდევ ბევრი შრომა აქვს გასაწევი.
ესაუბრა თეო ტაბატაძე
საქინფორმი