თბილისი, 6 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „გარიგებით, რომელიც ებრაულ მხარესთან დაიდო, ქართულმა მხარემ 70 მილიონი დოლარი დაზოგა. „ეს არის საქმე, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში დანაშაულებრივი კორუფციული გარიგების შედეგად შედგა და დღემდე მძიმე ტვირთად აწვა ქვეყანას.
ამის გამო, ჯამური სახით, სახელმწიფოს 110 მილიონი დოლარი ჰქონდა გადასახდელი საურავების ჩათვლით. 70 მილიონი დოლარის დაზოგვა ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები და გადადგმული ნაბიჯი იყო სწორი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
როგორც ცნობილია, რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი ქართველმა სამართალდამცველებმა ქრთამის მიცემის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ებრაელ ბიზნესმენებს 7 და 6,5 წლით პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, თუმცა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს ისინი საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა.
ამასთან, იმავე დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ მიაღწია ქვეყნისთვის ხელსაყრელ შეთანხმებას კომპანია „Tramex International Inc“-თან. ებრაელი ბიზნესმენების სახელი სწორედ ამ კომპანიას უკავშირდება. კერძოდ, დავა შეეხებოდა 1992 წლის 3 მარტს საქართველოს მაშინდელი მთავრობის უკანონო გადაწყვეტილებას, რომლითაც სახელმწიფო კომპანია „საქნავთობმა“ გააფორმა კაბალური ხელშეკრულება კომპანია „Tramex International Inc“-ის წარმომადგენლებთან.