პუბლიკაციები
ჯუმბერ კირვალიძე: “საქართველოს ოცნება – თავისუფლება, გამთლიანება, განვითარება”

analitik-kirvalidzeპოლიტიკურ ბრძოლაში ახლადჩაბმული ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ყოველი მხრიდან  გაისმა გეოპოლიტიკური ხასიათის კითხვები: ა) როგორ აპირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას? ბ) როგორი დამოკიდებულება აქვს ნატო–მიმართ? გ) როგორ დაალაგებს ურთიერთობას რუსეთთან?.. – დიახ, ეს  აინტერესებს ყველას, როგორც ქვეყნის შიგნით- ფართო საზოგადოებას, ისე ქვეყნის გარეთ (ქართული დიასპორა), დასავლეთის პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებს,  რუსეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს..  პრინციპში, ზევით მოცემული სამივე კითხვა არსობრივად და პოლიტიკურად ერთ სიბრტყეში, ერთ პაკეტში შეიძლება იქნას განხილული...

საქმე ის არის, რომ  სსრკ–ს რღვევის პერიოდში და შემდგომ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობისას, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების გზაზე, ქართულ – რუსული დიალოგი და ურთიერთთანამშრომლობა არ შედგა!  მეტიც, ჯერ კიდევ საკავშირო მთავრობამ საქართველოს მიმართ აგრესიული პოლიტიკა აწარმოა ცხინვალის რეგიონში, როდესაც  ხელი შეუწყო ეთნოკონფლიქტის გაღვივებას და ცალსახად ოსი სეპარატისტების მხარე დაიჭირა. ამას მოჰყვა, საქართველოს  მხრიდან, – როგორც ეროვნული მოძრაობის ლიდერების ნაწილის, ისე ადგილობრივი ქართველი კომუნისტი მმართველების  წინდაუხედავი ნაბიჯები, რამაც საფუძველი ჩაუყარა შემდგომ წლებში ოსურ – ქართული კონფლიქტის სისხლიან განვითარებას, რომელიც,  ფაქტიურად „გაიყინა“ 1992 წლის ივლისის დაგომისის სამშვიდობო ხელშეკრულებით. ამ ხელშეკრულების დადების შემდეგ, იგი იქცა ე.წ. „გაყინულ კონფლიქტად“  და, რაც ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია, რუსეთი ამ და ყველა სხვა ორმხრივ თუ საერთაშორისო დოკუმენტებში, ცნობდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის იურისდიქციას „სამხრეთ ოსეთის“ ყოფილი ავტონომიური ოლქის მთელ ტერიტორიაზე! ანუ შემუშავდა  „სამშვიდობო ფორმატი“, რომლის მონაწილეებიც იყვნენ  საქართველო, რუსეთი, ეუთო და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ და ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენლები. ეს ფორმატი მუშაობდა 2008 წლის 26 აგვისტომდე, მანამ, სანამ რუსეთმა სააკაშვილის გაუაზრებელი მოქმედების  წყალობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის  და  აფხაზეთის „დამოუკიდებლობა აღიარა“!.. ასევე დრამატულად წარიმართა მოვლენები აფხაზეთის მიმართულებით.. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მიერ აფხაზებთან მიღწეული კომპრომისული შეთანხმებები არ გახდა საკმარისი დაძაბული მდგომარეობის განსამუხტად, მითუმეტეს, მოსკოვში, ჯერ კიდევ სათავეში მყოფი კომუნისტები განაგრძობდნენ  ეთნიკური დაპირისპირების ინსპირირებას. 1991 წლის დეკემბერში, თბილისში დაწყებულმა სახელმწიფო გადატრიალებამ, რომელიც სამოქალაქო ომში გადაიზარდა, 1992 წლის 14 აგვისტოს საბედისწერო ნაბიჯი გადაადგმევინა იმდროინდელ სახელმწიფო საბჭოს ედუარდ შევარდნაძის მეთაურობით, – ქართული სამხედრო ფორმირებები (მძიმე ტექნიკა) გადაადგილდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სადაც მოხდა  საბრძოლო შეტაკება აფხაზურ რაზმებთან, დაიღვარა სისხლი და ასე დაიწყო ომი აფხაზეთში, რომელშიც, 1993 წლის სექტრმბერში  გამარჯვება რუსეთის ფედერაციის დახმარებით დარჩათ აფხაზ სეპარატისტებს... მიუხედავად ჩვენი მარცხისა, 1994 წელს მოსკოვში დადებული ხელშეკრულებით, რუსეთი ცნობდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს იურისდიქციას აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე! ამასთანვე, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, მასში ჩაერთო გაერო! ორივე რეგიონში, სამშვიდობო ხელშეკრულებების საფუძველზე, დსთ–ს მანდატით განლაგდნენ რუსეთის სამშვიდობო ძალები და გაეროს (აფხაზეთში) და ეუთოს („სამხრეთ ოსეთში“) დამკვირვებლები!  რუსეთმა, აფხაზეთის  და  ე.წ.  სამხრეთ ოსეთის  „დამოუკიდებლობის აღიარება“  მოახდინა 2008 წლის 26 აგვისტოს...  ბუნებრივია, იბადება კითხვა,  რატომ „არ აღიარა“ რუსეთმა აფხაზეთის და ე.წ.  სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“, – 1992–93 წლებში?  რამდენიმე მიზეზი არსებობს  ამის ასახსნელად.  პირველი, ალბათ საგარეო ფაქტორი, დასავლეთი, რომელიც აქტიურად ეხმარებოდა კომუნისტური მმართველობისაგან ახლად განთავისუფლებულ რუსეთის იმდროინდელ ხელისუფლებას, შეეწინააღმდეგებოდა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის ხელყოფას „დემოკრატიული“ რუსეთისგან. და მეორე, რუსეთის ეს ქმედება,  შეიძლება „მისაბაძი“ გამხდარიყო ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებისთვის, ანუ ისინიც მოითხოვდნენ „დამოუკიდებლობას“ და სხვა.  სსრკ–ს დაშლის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის კავკასიის მონაკვეთი და მასში შემავალი 6  ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკა  ესაზღვრება  საქართველოს.  კავკასიის ცენტრალური ქედი ყოფს ქართველ და ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხებს.  ამ მიმართულებას, მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის, იმიტომ, რომ სეპარატიზმის პრობლემები საფრთხეს უქმნიდა და უქმნის რუსეთის ფედერაციის ერთიანობას, რაც დადასტურდა  რუსეთ–ჩეჩნეთის ორი ომით.
ჯერ კიდევ, სსრკ–ს პერიოდში, როცა დაიწყო ყარაბახის კონფლიქტი, ნათელი გახდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის ბრძოლაში, უპირველესი დამაბრკოლებელი და ხელისშემშლელი ფაქტორი იქნებოდა, მასში შემავალ ავტონომიებში არსებული სეპარატისტული განწყობები, რომლებიც „იკვებებოდნენ“ მოსკოვიდან!..  სსრკ–ს დაშლის შემდეგ, ეს „ტრადიცია“ რუსეთის ფედერაციამ განაგრძო. მიზანი იყო შემდეგი, რომ საქართველო არ და ვერ გასულიყო რუსეთის გავლენის ზონიდან, გაწევრიანებულიყო დსთ–ში და რაც მთავარია, შენარჩუნებულიყო მისი სამხედრო ბაზები საქართველოში,- რაც შეიძლება დიდხანს!.. უნდა აუცილებლად ითქვას, რომ იმ პერიოდში (90–იანი წლები) რუსეთი თვითონ განიცდიდა უმძიმეს რყეევებს, არსებობდა რუსეთის ხელისუფლებაში კომუნისტების დაბრუნების საშიშროება, ამიტომ დასავლეთი ყველანაირად ეხმარებოდა  ე.წ. რუსულ დემოკრატიულ ძალებს  (ელცინს), რათა მათ არ დაეკარგათ  ხელისუფლება!.. აქედან გამომდინარე, ჩვენს პრობლემებზე და მათში რუსეთის ნეგატიურ როლზე, დასავლეთი გარკვეულწილად „დუნედ“ რეაგირებდა (გაეროს არაერთი რეზოლუცია)!..  მიუხედავად იმისა, რომ საქართველო 1994 წელს შევიდა დსთ–ში, რუსეთმა მაინც არ გადადგა ნაბიჯი საქართველოს გასამთლიანებლად, რატომ? ვფიქრობ იმიტომ, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას მიაჩნდა, თუ გამთლიანებული საქართველო „ერთ მშვენიერ დღეს პოლიტიკურ კერსს“ შეიცვლიდა, მაშინ რუსეთს არ ექნებოდა ქმედითი ბერკეტი საქართველოზე ზემოქმედების მოსახდენად!  ზოგიერთს მიაჩნდა, რომ  მიზეზი, შევარდნაძის „პროდასავლური“ პოლიტიკა გახლდათ?!..  ისეა თუ ასე,, შევარდნაძემ შეძლო და რუსეთის სამხედრო ბაზების  საქართველოდან გაყვანას დაუდო საფუძველი, რომლის ბოლო აკორდი გახლდათ, სტამბოლის 1999 წლის ხელშეკრულებაზე რუსეთის პრეზიდენტის ელცინის ხელმოწერა!.. აგრეთვე, შევარდნაძის ინიციატივით გადაიდგა პირველი ნაბიჯი ნატო–სკენ... რუსეთის ახალმა პრეზიდენტმა, პუტინმა საპასუხოდ დაიწყო საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, მოქალაქეების „პასპორტიზაციის“ პროცესი, ანუ, – რუსული პასპორტების „დარიგება“.. ამას მოჰყვა, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღება!..
2004 წელს, სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ,  აჭარიში შეიცვალა აბაშიძის ოდიოზური რეჟიმი.  "რევოლუციური"  ხელისუფლების მიერ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებით შემუშავებულ იქნა „ჰუმანიტარული შტურმის“ სტრატეგია, რომელმაც,  არსებული, თითქმის აღდგენილი მეგობრული ურთიერთობა ოსებსა და ქართველებს შორის, დარტყმის ქვეშ დააყენა, დაიღვარა სისხლი და დაინგრა ძლივს აღდგენილი ნდობა!  სააკაშვილის ხელისუფლებამ უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ადმინისტრაციული ერთეული (ხელმძღვანელი დ.სანაკოევი)  შექმნა,  "ააღორძინა" საბჭოთა ტერმინი ""სამხრეთ ოსეთი" და ახალგორის რ–ნიც „იქ აღმოჩნდა“, – რის შედეგსაც დღეს ვიმკით!.  რუსეთთან წარმოებული პოლიტიკა კი, სულ უფრო  დაძაბულ ხასიათს იძენდა და 2006 წელს ძალიან გამწვავდა, რასაც რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია მოჰყვა.. ასევე, რუსეთმა გამოაცხადა ემბარგო ქართულ პროდუქციაზე!.. ამას დაემატა, საერთაშორისო პროცსებში, ახალი, ჩვენთვის არასასურველი ტენდენციების განვითარება, მხედველობაში მაქვს, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მომხდარი ცვლილებები, რომელიც „დაგვირგვინდა“, სერბეთის სახელმწიფოში (გაერო–ს წევრი!) შემავალი კოსოვოს ავტონომიური ოლქის „დამოუკიდებლობის აღიარებით“  აშშ–სა და ევროკავშირის მიერ, 2008 წლის 17 თებერვალს!.. შეიქმნა იმის საშიშროება, რომ აშშ–სა და ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას რუსეთი მყისიერად უპასუხებდა, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის აღიარებით“!.. მაგრამ, რუსეთმა ეს „აღიარებები“ უმალ არ მოახდინა, თითქოს ეძებდა საბაბს თუ მიზეზს, ან კიდევ, საქართველოს მხრიდან გარკვეულ წინადადებებს  შექმნილ ახალ ვითარებასთან დაკავშირებით...  2008 წლის აგვისტომდე,  გაიმართა  სააკაშვილის შეხვედრები  პუტინთან და გაპრეზიდენტებულ მედვედევთან  მოსკოვსა და პეტერბურგში, მაგრამ, როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ გვაჩვენა, უშედეგოდ...
2008 წლის აპრილში, ბუქარესტში გამართულ ნატო–ს სამიტზე, საფრანგეთმა და გერმანიამ („ძველი ევროპის“ სხვა ქვეყნებმა) დაბლოკეს საქართველოსთვის მაპ–ის მიცემა და მხოლოდ სამმიტის რეზოლუციაში ჩაწერილმა წინადადებამ იმის თაობაზე,– რომ საქართველო მომავალში, "ოდესღაც" (ახლახანს, 9–10 ნოემბერს თბილისში გამართულმა ნატო–საქართველოს კომისიის სხდომამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა ამ "ოდესმეს" ალბათობა?!) გახდება ნატო–ს წევრი,– როგორც გამოჩნდა შემდეგ, რუსეთის ხელმძღვანელების (პუტინის!) „მოთმინების ფიალა“ საბოლოოდ აავსო!..  იმის ნაცვლად, რომ რუსების და ოსების მხრიდან გახშირებულ პროვოკაციებზე შესაბამისი პრევენციული ზომები განეხორციელებინა საქართველოს ხელისუფლებას, რის შესახებაც გამუდმებით აფრთხილებდნენ სააკაშვილს დასავლელი მეგობარი სახელმწიფო პირები, – სააკაშვილმა და მისი უახლესმა გარემოცვამ ავანტიურაზე წამოაგო მთელი ქვეყანა 2008 წლის 8 აგვისტოს, ჩაერთო რა, რუსეთთან ფართომაშტაბიან საომარ მოქმედებებში, რომელიც საქართველოს მარცხით დასრულდა!..  ხოლო, 2008 წლის 26 ავისტოს, რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის „დამოუკიდებლობა აღიარა“, რამაც, როგორც ამბობენ რუსები  შექმნა, –  „ახალი რეალობა“ სამხრეთ კავკასიის რეგიონში და საერთაშორისო ურთიერთობებში! ასე „გადაუხადა“ რუსეთმა სამაგიერო დასავლეთს, უფრო სწორად აშშ–ს, – საქართველოს  ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ხარჯზე..  მოკლედ, ისედაც სათუოდ ქცეული საქართველოს გამთლიანება, – საოცნებოდ გადაიქცა!

2008 წლის აგვისტოს ომის დეტალების განხილვა არ გახლავთ ჩემი მიზანი, ისე  ცნობისთვის, დასავლელი პოლიტიკოსები და ექსპერტები სარგებლობენ ე.წ. ტალიავინის კომისიის დასკვნით და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციით!. როგორც, 90–იანი წლების, ისე 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად, აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში განხორციელდა ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა, რომლის შედეგადაც 400 000 ათასი დევნილი ადამიანი გაჩნდა ქვეყანაში!. დღეს, გვაქვს ასეთი პოლიტიკური სიტუაცია,– 2008 წლის 8 აგვისტომდე არსებული სამშვიდობო ფორმატები კონფლიქტურ ზონებთან დაკავშირებით აღარ არსებობს! გარდა ამისა, რუსეთმა, ვენესუელამ, ნიკარაგუამ და კიდევ 2 კუნძულოვანმა სახელმწიფომ, – ნაურუმ და ვანუატუმ – აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა აღიარა“!  თავის მხრივ, ცივილიზებული, დემოკრატიული სამყარო (აშშ, ევროკავშირი) ამ რეგიონებს განიხილავს როგორც საქართველოს შემადგენელ ნაწილებს და ახორციელებს მათ მიმართ „არაღიარების პოლიტიკას“! კონფლიქტის მიმდებარე ტერიტორიაზე მონიტორინგს ახორციელებენ მხოლოდ ევროკავშირის წარმომადგენლები, მათ უფლებას არ აძლევენ, რომ უშუალოდ რეგიონის შიგნით შეძლონ  ფუნქციონირება, ამასთანავე, შეწყვეტილია გაეროს და ეუთოს მისიების ოპერირება აღნიშნულ ტერიტორიებზე (რუსეთისა და სეპარატისტების მოთხოვნით)!  დღეისთვის, მოქმედებს ერთადერთი ე.წ. ჟენევის ფორმატი, რომლის არსებობის მანძილზე არანაირი წინსვლა პოზიციების დაახლოების თვალსაზრისით არ შეიმჩნევა და არცაა მოსალოდნელი... დასავლეთი კი, თბილისისაგან რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებისა და ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივის შესახებ ინიციატივებს და ალტერნატიული სტრატეგიის შეთავაზებას ელოდება (სარკოზის გამოსვლა თბილისში).   საქართველოს მიერ აღებული გეზი ევროკავშირისაკენ არის შეუქცევადი, მაგრამ  ნატოს წევრობა გამორიცხეთ, რუსული ოკუპაციის პირობებში ეს საკითხი არც განიხილება!  საქმე ის არის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რამდენად „წარმატებულიც“ არ უნდა იყოს  სააკაშვილის ვიზიტები და გამოსვლები საერთაშორისო ორგანიზაციების ტრიბუნებიდან და როგორი სამშვიდობო ინიციატივებიც არ უნდა გაახმოვანოს მან, - რუსეთს (პუტინს!), მასთან დიალოგი არ სურს და როგორც ჩანს, პუტინის დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ არ შეიცვლება!..

ბალტიის სახელმწიფოების გამოცდილების პირდაპირი გადმოღება კი საქართველოსთვის არ გამოდგება, რადგანაც ბალტიის ქვეყნებს ნატოში შესვლისას თავის ტერიტორიაზე არ ჰქონდათ სეპარატისტული ავტონომიები, რომლებიც რუსეთზე იყვნენ ორიენტირებულნი! საქართველოს სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკა დასავლეთის მიერ, ძალიან მნიშვნელოვანია, მეტიც, არსებულ ვითარებაში ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორია რუსეთისთვის, რომ არ გაგრძელდეს საქართველოს დეზინტეგრაციის პროცესი. რაც შეეხება, ტერმინ „ოკუპაციის“ დამკვიდრებას საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციებში თუ სხვადასხვა სახის დოკუმენტებში, ეს ძალზედ კარგია, მაგრამ იგი ვერ მიგვიყვანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე.  ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატში, ჯერ კიდევ შარშან განიხილებოდა საქართველოს საკითხი, ვინაიდან საქართველოს საკითხის გადაუწყვეტელობა სერიოზული ხელისშემშლელ ფაქტორია  დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობებში. ფაქტია, რომ ჩვენი საკითხის ღიად დატოვება თავის ტკივილია როგორც რუსეთისათვის, ისე აშშ-სთვის და ევროპისთვისაც. საფრანგეთისა და გერმანიის პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს საკითხის განხილვა.  ეჭვგარეშეა, რომ საფრანგეთი და გერმანია საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთის აზრის გაუთვალისწინებლად არანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. ნატო-ს წევრ ამ ორ დიდ სახელმწიფოს, თითქმის იდეალური ურთიერთოები აქვთ რუსეთთან.  იმ შემთხვევაში, თუ ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატში, საფრანგეთი და გერმანია შუამავლის როლს იკისრებენ, ვფიქრობ, რუსები, რაციონალური თვალსაზრისიდან გამომდინარე  წავლენ კომპრომისზე, რომელსაც მათ ამერიკელებთან შეთანხმებით, ფრანგები და გერმანელები წარუდგენენ. ამ შემთხვევაში, შესაძლოა ნატო და რუსეთი გახდნენ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და უსაფრთხოების გარანტორები (გარანტები)!  სამწუხაროდ, აფხაზები და ოსები ქართველებთან ინტეგრაციაზე რუსეთის გარანტიების (თუ გნებავთ, ზემოქმედების!) გარეშე არ წამოვლენ!.  მოლაპარაკებების პროცესი უნდა წარიმართოს ნატო-რუსეთის საბჭოს ეგიდით და საფრანგეთისა და გერმანიის შუამავლობით.  საჭიროა, რომ რუსეთმა არა მარტო ჯარები გაიყვანოს სარკოზი-მედვედევის 12 აგვისტოს შეთანხმების თანახმად, არამედ გააუქმოს საქართველოს რეგიონების "დამოუკიდებლობის აღიარება", რომელიც მან 2008 წლის 26 აგვისტოს მოახდინა და როგორც ისინი აცხადებენ, ამით „ახალი რეალობა შეიქმნა“!!  ამისათვის, აუცილებელია ახალი სტრატეგიული პროექტი, რომელიც რუსეთს მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ პროცესში თანამონაწილედ გახდის!  წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი აპელირებას მოახდენს "კოსოვოს პრეცედენტზე" (რუსები, არამართებულად ავლებენ პარალელს კოსოვოსა და ჩვენს რეგიონებს შორის) და არ გაითხოვს აფხაზეთის და ცხინვალის "დამოუკიდებლობის აღიარებას"! ამიტომაცაა საჭირო, რომ რუსეთი დაფიქსირდეს როგორც ერთ-ერთი გარანტორი. ვფიქრობ, რუსები ამაზე წამოვლენ რამდენიმე მიზეზის გამო, –  საქართველოში არ იქნება ნატო–ს სამხედრო ბაზები. ქვეყნის შიგნით, ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკებთან სათქმელი ექნებათ (“მუნდირის ღირსება”), რომ რუსეთი, დასავლეთთან ერთად, იქნება საქართველოს სახელმწიფოში შემავალი აფხაზებისა და ოსების ფართო უფლებების მქონე ავტონომიების უსაფრთხოების გარანტი. სეპარატიზმის “ვირუსი”, რომელიც ნებსით თუ უნებლიედ გადადის, რუსეთის მიერ „აღიარებული“ აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან,  რუსეთის ჩრდილო კავკასიურ რესპუბლიკებში, – აღარ იარსებებს! რუსეთმა თუ არ გააუქმა ჩვენი რეგიონების "დამოუკიდებლობის აღიარება", მაშინ, საქართველოს სუვერენიტეტი და ქვეყნის გამთლიანება მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი გააგრძელებს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების "დამოუკიდებლობის" არაღიარების პოლიტიკას! დასავლეთს,  რუსეთსა და საქართველოს შორის კომპრომისების და კონსენსუსის გარეშე, საქართველოს გაერთიანების საკითხი არ და ვერ გადაწყდება! რუსეთის მიერ,  დეკლარირებულ „ახალ რეალობას“ – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა", – გააქარწყლებს, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ახალი ალტერნატიული სტრატეგია: ნატო და რუსეთი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების, აფხაზების და ოსების ფართო უფლებების მქონე ავტონომიების გარანტები – ერთიანი,  დამოუკიდებელი, დემოკრატიული  სახელმწიფოს შემადგენლობაში!  ეს სტრატეგია, მისი განხორციელების შემთხვევაში, გახდება პრეზიდენტ ობამას მიერ ინიცირებული აშშ-რუსეთის გადატვირთვის პოლიტიკის  მაგალითი! ბიძინა ივანიშვილს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ "გადატვირთვის" პოლიტიკის ჭრილში, შესთავაზოს დასავლეთის ლიდერებს ახალი სტრატეგიული პროექტის რეალიზება. ეს იქნება პოლიტიკური გარღვევა არსებულ სტაგნაციურ მდგომარეობაში და იმავდროულად ქვეყნის მთლიანობის აღდგენის რეალური შანსი! შეიძლება გარანტორების რიცხვის გაზრდაც, – მთავარია, დასავლთმა იცოდეს ბიძინა ივანიშვილის პოზიცია, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში იგი მიმართავს დასავლეთის ლიდერებს – პრეზიდენტ ობამას, პრეზიდენტ სარკოზის და კანცლერ მერკელს საქართველოს საკითხზე და სთხოვს შუამავლობას რუსეთის მმართველებთან (პუტინთან!), რათა, -  აშშ, რუსეთი, ნატო, ევროკავშირი და გაერო, - ერთად, გახდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, სახელმწიფო სუვერენიტეტის და უსაფრთხოების გარანტები (გარანტორები). ბიძინა ივანიშვილს რომ აქვს, ასეთი წინაპირობები კიდევ დიდხანს აღარ გვექნება ქართველებს და ქვეყნის გამთლიანების საკითხიც "საბოლოოდ დაიგვიანებს"!  "შუა უნდა გაიკრიფოსო", – ვეთანხმები, ოღონდ, საშინაო პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ხოლო, რაც შეეხება, საგარეო პოლიტიკას (გამთლიანებას), სწორედ შუალედური, დაბალანსებული და კომპრომისული კურსია საჭირო! ამის გახმოვანებისთვის, შესაბამისი დრო უნდა შეირჩეს, ვინაიდან, ყველასთვის მისაღები და გასაგები გახდეს ხელისუფლებაში მოსვლამდეც! მიმაჩნია, რომ ეს  საქართველოს გამთლიანების ერთადერთი შანსია! საქართველოს გამთლიანება საერთაშორისო გარანტიების გარეშე შეუძლებელია. ოსები და აფხაზებიც, რომ დაინახავენ "ძლიერთა ამა ქვეყნის" საერთო ნებას საქართველოს საკითხის საბოლოო მოგვარებისათვის, მათთან, ჩვენი დიალოგიც შედეგიანი იქნება!  რუსეთის როლი და მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე იზრდება, უწინარესად, გლობალური ბირთვული უსაფრთხოების ჭრილში! რუსეთის ჩართულობის გარეშე, საქართველოს  ტერიტორიის 20% დეოკუპაცია ვერ განხორციელდება! ამიტომ, ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია, რომ  შედგეს დასავლეთის,  რუსეთის და საქართველოს ინტერესების თანხვედრა!  აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების (გდრ, პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, ბულგარეთი) დეოკუპაცია, - მოლაპარაკებების და ურთიერთგაგების ატმოსფეროში განხორციელდა! გაიხსენეთ, მთვრალი ელცინი, როგორ დირიჟორობდა ორკესტრს ბერლინში, კანცლერ კოლის თანდასწრებით! ავღანეთშიც, - დიალოგის რეჟიმი უძღოდა წინ ავღანეთის დეოკუპაციას! ამ ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს მდგომარეობა გაცილებით მძიმეა და აი რატომ. აღმოსავლეთ ევროპის არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის ბალტიის ქვეყნებში, რუსეთს, ეთნიკურ უმცირესობებში სეპარატისტული მოძრაობების სახით დასაყრდენი არ ჰქონდა! რუსებმა მოახერხეს, რომ დასავლეთს ეთნოკონფლიქტის კვალიფიკაცია მიეცა რუსეთის მიერ ინსპირირებულ მოვლენებისათვის საქართველოში! ამიტომაც გაიძახიან ფარისევლურად რუსი მაღალჩინოსნები - ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა, რომ არ გვეღიარებინა აფხაზების და ოსების დამოუკიდებლობა, მაშინ ქართველები მათ გაანადგურებდნენო"! - დასავლეთი კი, "სტრატეგიული მოთმინებისკენ" მოგვიწოდებს, მათ იციან, რომ პუტინი სააკაშვილს არ დაელაპარაკება. ამასობაში, აფხაზეთთან მიმართებაში გაჩნდა ასეთი ტერმინი - "ჩართულობა, აღიარების გარეშე"!. გაისმის ლაპარაკი, ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი შეიარაღების განლაგებაზე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე! და რა, რუსებს შეეშინდებათ და გაიქცევიან. თუ, უფრო მეტი აგრესიულობით განაგრძობენ, მათ მიერ ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების მილიტარიზაციას?!  მოვლენების ამგვარმა განვითარებამ, შეიძლება კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს და საქართველომ თავისი ორი ისტორიული მხარე საბოლოოდ დაკარგოს...  ბიძინა ივანიშვილი ბრძანა, რომ ნატო–ალტერნატივა არა აქვს!. ვეთანხმები, თუ, საქართველო ოდესმე გაწევრიანდა რომელიმე სამხედრო – პოლიტიკურ ბლოკში, ეს უნდა იყოს ნატო და არცერთი სხვა, მაგრამ, თუ ნატოს წევრობა არ უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მაშინ, საქართველომ თავი უნდა შეიკავოს ასეთი ნაბიჯის გადადგმისაგან! ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ნატოს დავშორდეთ, პირიქით, თანამშრომლობა ნატოსთან უნდა გაგრძელდეს და ნატო – რუსეთის საბჭოს თანამშრომლობის ფორმატში, საქართველომ შეიძლება მიაღწიოს სასურველ შედეგს! მითუმეტეს, რომ  ნატო–ს ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ – "ნატო-რუსეთის ურთიერთობაში საქართველოს საკითხი დაბრკოლებად არ უნდა იქცეს!" – "საქართველო ნატო-ს რუსეთთან ომში არ ჩაითრევს. ამის შესახებ The Washington Times-ისთვის მიცემულ ინტრვიუში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა. –ამასთან, ბაქრაძის განცხადებით, "საქართველოს რეგიონებში რუსული ჯარების ყოფნა ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებას ვერ დააბრკოლებს." –  რას ნიშნავს ეს განცხადება? ნაციონალები“ ხომ არ ვარაუდობენ შემდეგს, რომ საქართველოს ის ტერიტორია, რომელსაც აკონტროლებს ცენტრალური ხელისუფლება "შევიდეს" ნატო–ში, ხოილო აფხაზეთი და ცხინვალი, – რუსეთის "დაშლის შემდეგ შეიერთონ!" ადრე, ერთ–ერთმა მათგანმა განაცხადა, ამ "ვარიანტთან" დაკავშირებით, რომ გერმანიაც ასე იყოო გაყოფილი და "მერე" (სსრკ, რომ დაიშალაო, ანუ, რუსეთის "დაშლას" უნდა ველოდოთო!) გაერთიანდაო (თითქოს აფხაზებს და ოსებს "ერთი სული აქვთ", რომ "შემოგვიერთდნენ")!.. იმას კი არ უფიქრდებიან, რომ გერმანიის შემთხვევაში, ერი იყო ორად გაყოფილი გარეშე ძალის მიერ, და არანაირი გერმანიაში არ არსებოდა!. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ნატოში "ამდაგვარი" გაწევრიანება საქართველოს სამუდამოდ დააკარგვინებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების შანსს! ამას, უცილობლად მოჰყვება რუსეთის საპასუხო „ძალისხმევა“ აფახაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობის აღიარებისა“, ანტიამერიკული (ანტინატოური) სახელმწიფოების მხრიდან (ირანი, სუდანი, სირია, ჩრდ. კორეა და სხვა "კუნძულები"), რაც საბოლოოდ დაასამარებს საქართველო-რუსეთის ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივას და ქვეყნის გამთლიანების იმედს! ხოლო, სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის ცნობა 10 და მეტი სახელმწიფოს მიერ, შეიცავს საშიშროებას, რომ აფხაზეთი და ცხინვალი გახდნენ საერთაშორისო სამართლის სუბიექტები! ეს კი ნიშნავს იმას, რომ თუ მომავალში ნატოს წევრი საქართველო (უაფხაზეთოდ და უცხინვალოდ!) მოინდომებს ძალისმიერი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, თვით ნატო არ მისცემს ამაზე დასტურს და უფლებას! მოვლენების ასეთი განვითარება გამოიწვევს ჩვენი ქვეყნის საბოლოო გაყოფას, მის ქცევას რუსეთის (აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი) და ამერიკის (დანარჩენი საქართველო) სამხედრო ბაზებად! „ნაციონალი“ ლიდერები ცდილობენ საზოგადოებას თავს მოახვიონ ასეთი პოზიცია, რომ    – თუ, რუსეთის დემოკრატიზაცია არ მოხდა, მაშინ მასთან ლაპარაკს საერთოდ არ აქვს აზრი?! ესე იგი, თუ არადემოკრატიული რუსეთი (პუტინი), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, დიალოგზე წამოვა ახალ ხელისუფლებასთან (სააკაშვილთან გამორიცხულია!), საქართველომ თურმე, უარი უნდა განუცხადოს?! მათი "ლოგიკით", საქართველოს გამთლიანება დამოკიდებულია იმაზე, გატარდება თუ არა რუსეთში  "დემოკრატიული რეფორმები"?! მოკლედ, სააკაშვილი და მისი ხელისუფლება წარმოადგენს დაბრკოლებას, – ამ სამი საკითხის გადაწყვეტის გზაზე! აქედან გამომდინარე, სასურველია, რომ ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინოს საქართველოს საზოგადოებას, დასავლეთს, დღეს ოკუპანტ რუსეთს (ხვალ კი, პარტნიორს), ამ ურთულესი საკითხების გადაწყვეტის მისეული, ალტერნატიული ხედვა, რომელიც გამორიცხავს დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირების მცდელობას და ორიენტირებული იქნება მშვიდობიანი, გამჭირვალე და ურთიერთნდობაზე დაფუძნებულ პარტნიორულ თანამშრომლობაზე! რაც ნიშნავს  ეროვნულ ფასეულობებსა და ევროპულ  ღირებულებებზე ორიენტირებულ დემოკრატიულ საზოგადოებას, ეფექტურ ეკონომიკას და სწრაფვას სახელმწიფოს მოდერნიიზაცისაკენ.  სწორედ ასეთი პოლიტიკური კურსი მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რასაც ეწოდება ქართული ოცნება – თავისუფლება, გამთლიანება, განვითარება!

 

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე

სპეციალურად საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმისთვის“