ასრულდა მიხეილ სააკაშვილის „სანუკვარი ოცნება“ – საქართველოში ძლიერი ოპოზიცია გამოჩნდა – ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“! ახლად მოვლენილ პოლიტიკოსზე, აგერ უკვე ორი თვეა, მხოლოდ კრიტიკა ან დითირამბები გვესმის, მაგრამ დღემდე არავის უცდია, პირუთვნელად ეპასუხა კითხვაზე: ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, როგორია მისი ნამდვილი მიზნები?
ივანიშვილი, რუსეთი და მილიარდები
ფენომენი პროვინციიდან, ბევრი სხვა ქართველი ოლიგარქის მსგავსად, ის უმსხვილეს ბიზნესმენად ითვლება. რუსეთში "ველური კაპიტალიზმის" დროს ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლების "კეთილგანწყობისას“ შეძლო, წარმატებით აეთვისებინა ზოგიერთი ბიზნესნიშა.
(შედარებისათვის: სხვა ქართველმა ოლიგარქმა, რომელიც, ასევე, რუსეთში მოღვაწეობდა – მეწარმეობის „ვეშაპმა“ კახა ბენდუქიძემ – მართალია, ოთხჯერ ნაკლები მილიარდები იშოვა, მაგრამ უფრო "კლასიკური", ეკონომიკურ გამოთვლებზე დამყარებული მეთოდებით, სამაგიეროდ წარუმატებლობები მხოლოდ საკუთარი მცდარი გაანგარიშებებისთვის შეეძლო დაებრალებინა, და არა ბიზნესპარტნიორების ან რუსეთის ხელისუფლებისთვის.)
ბიძინა ივანიშვილი, როგორც ამბობენ, საქმეებს წუნდაუდებლად და კორექტულად აწარმოებდა, ამიტომაც მას მისცეს საშუალება, 5 მილიარდამდე დოლარი ეშოვა. მაგრამ რამდენი ეკუთვნის ამ თანხიდან ივანიშვილს – ანუ რამდენს მიიღებს ის რუსეთში თავისი ბიზნესის რეალიზაციის შემთხვევაში – ამას სწორედ ისინი გადაწყვეტენ, ვინც ამ მილიარდების შოვნის საშუალება მისცა.
ივანიშვილი, საქართველო და ელექტორატი
რუსეთში დრონი თანდათან იცვლებოდა, ეკონომიკური კრიზისები და დეფოლტები ერთმანეთს მოჰყვებოდა, ამიტომ ბიძინა ივანიშვილი სულ უფრო ხშირად იყურებოდა სამშობლოსკენ – საქართველოსკენ. "ნიჭიერი" (საკუთარი კლასიფიკაციით) ფილანტროპი ივანიშვილი, ალბათ, არა მხოლოდ "კარგი საქმეების კეთებით სიამოვნებას იღებდა", როცა საქართველოში ქველმოქმედება დაიწყო, სოროსის პარალელურად... მნიშვნელობა არ აქვს, რა იყო ეს – ტრაქტორები, თეატრები, პოლიცია, არმია, ეკლესიები თუ... ქართული ელიტა: დიახ-დიახ, ცნობილი პოეტი, მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი, მხატვარი და სპორტსმენი ხომ ასიათასობით ადამიანის კერპია, ანუ ელექტორატის გაცილებით უფრო პროდუქტიული მომწოდებელი, ვიდრე, უბრალოდ, გაჭირვებული ობივატელი!
და აი, მეცენატობის წყალობით, ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკურ სარბიელზე გამოჩენისთანავე "დიდი მოსავალი" – უფრო მრავალრიცხოვანი ელექტორატი მიიღო, ვიდრე მთელ ქართულ ოპოზიციას ჰყავს, ერთად აღებულს.
ივანიშვილი, პოლიტიკა და ელიტა
მაგრამ იმისათვის, რომ საქართველოში დღეს, მაღალი რეიტინგითაც კი, სრულფასოვანი პოლიტიკური მოთამაშე გახდე, აბსოლუტურად აუცილებელია ამერიკულ სცენარზე მორგება და აშშ-ის სანქციის მიღება (ამისთვის ხომ არ გაემგზავრა ახლახან ივანიშვილის ოფიცერი აშშ-თან ურთიერთობებში – ირაკლი ალასანია – ამერიკელ სენატორებთან – ლიბერმანთან, მაკეინთან და ლუგართან?)
აშშ-ს სანქციაზე ივანიშვილს უარს არ ეტყვიან ორი მიზეზით:
პირველი – ის მდიდარია, მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ახალი ხელისუფლება ფულს ვაშინგტონს გამუდმებით აღარ დაეღრიჯება;
მეორე – ის მდიდარია, ამიტომ შეუძლია გააერთიანოს (იყიდოს) ქართული პოლიტიკური და კულტურული ელიტა.
საქმე ის არის, რომ ცე-რე-უ-ს სამეცნიერო ლაბორატორიებში გამოითვალეს თანამედროვე ქართული ელიტის კოდი – "ახა", რაც ქართველმა ივანიშვილმა მათ გარეშეც იცოდა: ქართული ელიტის დიდი უმრავლესობა
ა – ამბიციურია,
ხ – ხარბია,
ა – ამორალურია.
და არა მხოლოდ თანამედროვე – გავიხსენოთ ისტორია, ქართველი ფეოდალები, რომელთაც გაერთიანების სურვილი არ ჰქონდათ... პირადი კეთილდღეობა – მიწები, ტიტულები, ოქრო – მათთვის საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებზე უფრო მნიშვნელოვანი იყო, ამიტომაც ისინი მოურიდებლად იღებდნენ ამ ძღვენს დამპყრობელთა – სპარსთა და თურქთა – ხელიდან შაჰებისა და სულთნების კარზე.
XI-XII საუკუნეებში დავით IV აღამაშენებელმა მათი გაერთიანება მახვილით შეძლო, ხოლო დღეს, კოდი "ახა"-ს გათვალისწინებით, ბიძინა I აღმაშენებელი ამის გაკეთებას დოლარით შეეცდება!
ივანიშვილი, დენ სიაოპინი და "ქართული ოცნება"
ბიძინა ივანიშვილის მიერ დეკლარირებული პროგრამა 4 პუნქტისაგან შედგება:
1. პარტიის შექმნა, პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება, „თავისი“ მთავრობის დაკომპლექტება და პრემიერმინისტრობა;
2. კონსტიტუციური რეფორმა, ფისკალური და ეკონომიკის მართვის სხვა ბერკეტების მოდიფიკაცია;
3. პოლიტიკური ბალანსის შესანარჩუნებლად "თავისივე" მთავრობასთან ოპოზიციაში გადასვლა;
4. პოლიტიკიდან წასვლა.
ეს ყოველივე სხვა არაფერია, თუ არა უმოკლესი გზა "ერის მამის", მისი სულიერი და პოლიტიკური ლიდერის კვარცხლბეკისაკენ, როგორიც იყო ჩინელებისათვის დიდი დენ სიაოპინი (პოლიტიკოსი და რეფორმატორი, რომელსაც ქვეყნის ხელმძღვანელის პოსტი არასოდეს ეკავა, მაგრამ 1970 წლიდან 1990 წლამდე ჩინეთის ფაქტობრივი ხელმძღვანელი გახლდათ).
ივანიშვილის ჩანაფიქრით, საქართველოში შეიქმნება ორპოლუსიანი სისტემა ამერიკულის მსგავსად, რომელსაც "ჩინური" კომპონენტი დაემატება – თამაშის წესებს "დიდი მასწავლებელი" ბიძინა ივანიშვილი დაადგენს. ის კრიტიკისათვის მიუწვდომელი სიმაღლიდან ფინანსებით დაეხმარება დასუსტებულს: ხან – ხელისუფლებას, ხან – ოპოზიციას, და ამგვარად შეინარჩუნებს ბალანსს.
მაგრამ, დენ სიაოპინისაგან განსხვავებით, ბატონი ბიძინა თავისი შთამომავლების მომავალზეც ფიქრობს, ამიტომ ივანიშვილის მიზანი – მეფე ივანიშვილია: საქართველოში იქნება ახალი "სამეფო" დინასტია – ივანიშვილების დინასტია, "ტახტზე" ბიძინას მისი ვაჟები შეცვლიან, რომლებიც დღევანდელ ბრძოლაში მამის გვერდით დგანან.
აი, ეს გახლავთ ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნება".
ივანიშვილი, ზიგმუნდ ფროიდი და უილიამ ჯეიმსი
"საქართველოს პრობლემა – ოპოზიციის სისუსტეა" – მიაჩნია ივანიშვილს. ამიტომ არჩევნებზე გამარჯვების, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების, "საკუთარი" მთავრობის დაკომპლექტებისა და პრემიერობის შემდეგ ის "თავისივე" მთავრობის ოპოზიციაში გადასვლას აპირებს.
ფსიქოანალიზით ბატონი ბიძინას გატაცებას თუ გავითვალისწინებთ, სრული საფუძველი გვაქვს, ეს განზრახვა XIX-XX სს. ავსტრიელი ფსიქოლოგის, ფსიქიატრისა და ნევროლოგის ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზის თეორიის მიხედვით ავხსნათ. ოპოზიციაში თუ გადავა, ბიძინა ივანიშვილი იქ თავის დღევანდელ მეტოქეებთან ერთად აღმოჩნდება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", რომლებიც სწორედ რომ ივანიშვილის გამარჯვების შედეგად მომავალ არჩევნებში მასზე ადრე ოპოზიციაში აღმოჩნდებიან! ჰოდა, გამოდის, რომ 2-3 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი ნაციონალებთან ერთად განახორციელებს ზეწოლას მის მიერვე შექმნილ ხელისუფლებაზე – ან ფროიდის მიხედვით, ანდა ბრიტანული პრინციპის თანახმად: "მუდმივი მეგობრები და მტრები არ არსებობენ, არის მხოლოდ მუდმივი ინტერესები"...
საერთოდ, ივანიშვილის ჰობიმ (ფსიქოანალიზმა) თუ ღრმა კვალი არ დააჩნია მთელ მის მოღვაწეობას, მის პიროვნებას – დანამდვილებით. "ცნობიერების ნაკადი", რომელიც ტელეარხ "მაესტროზე" ბატონი ბიძინას ამასწინანდელი ინტერვიუს დროს ვიხილეთ – ამის მეორე დადასტურებაა. "Stream of consciousness" ("ცნობიერების ნაკადი") ამერიკელი ფილოსოფოსი-იდეალისტის – უილიამ ჯეიმსის, ტერმინია, რომლის გავლენას ივანიშვილი უდავოდ განიცდის.
მოდერნისტულმა მიმართულებამ XX საუკუნის ლიტერატურაში, რომელიც უშუალოდ ასახავს სულიერ ცხოვრებას, განცდებს, ასოციაციებს, და რომელსაც ყოველივე ზემოჩამოთვლილის თავმოყრის მეშვეობით ცნობიერების მენტალური ცხოვრების ასახვის პრეტენზია აქვს, განაპირობა ივანიშვილის სინტაქსისის არახაზოვნება, "წყვეტილობა", განსაკუთრებით, როდესაც ის საკუთარ „ფსიქოლოგიურ აღმოჩენებზე” ლაპარაკობს, ცნობიერება ხომ "ნაკადია, მდინარე, რომელშიც აზრები, შეგრძნებები, მოგონებები, მოულოდნელი ასოციაციები გამუდმებით ეცილებიან ერთმანეთს და უცნაურად, "არალოგიკურად" იხლართებიან" («Основания психологии», 1890 г.).
ივანიშვილი და მისი გუნდი
თავდაპირველად ივანიშვილი საკუთარი პარტიის შექმნას არ აპირებდა – "ერის მამის" კვარცხლბეკზე ის უკვე არსებულ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" უნდა აეყვანა, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდან (2003 წ.) სააკაშვილის "მეორედ მოსვლამდე" (2008 წ.) არჩენდა. მაგრამ სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა და დღეს ივანიშვილის უპირველესი ამოცანა არის სააკაშვილის დამარცხება.
ამისთვის იგი არცთუ საუკეთესოს აგროვებს იმისგან, რაც დღეს "თავისუფალია" – პოლიტიკოსები, მრჩევლები, ექსპერტები, იმიჯმეიკერები, იურისტები, ჟურნალისტები – იმისთვის, რომ მათგან დიდი "ბუა" შექმნას, რომლითაც მიშას დაარტყამს. "ბუა" კი, როგორც იცით, ყველაზე მკვეთრი სუნის მქონე რამეებისგან იქმნება – ფეკალიებიდან მოყოლებული, ვარდებამდე, რომელთაგანაც "ბუა" თავის დროზე სააკაშვილმა გააკეთა და „ბაბუს“ დაარტყა.
«Я тебя слепила из того, что было…» - გახსოვთ ალიონა აპინას ცნობილი სიმღერის სიტყვები? დიახ, ივანიშვილი ყიდულობს ყველაფერს, რაც ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე იყიდება და მოდი, ნუ ვიქნებით მეტისმეტად წუნიები – ქართული პოლიტიკური ბაზარი ხომ second hand-ის ბაზარია...
ივანიშვილი და „ამერიკული ოცნება“
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, რომელიც მისი ძლიერი მხარე აშკარად არ არის, აქ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ მოილაპარაკებენ ერთმანეთთან აშშ და რუსეთი, ან ვერ მოილაპარაკებენ... დღევანდელი მდგომარეობით თუ შევაფასებთ, ივანიშვილი&კომპანიას ნამდვილად არ ეყოფა რესურსი – თავად მართოს საგარეო პოლიტიკური პროცესები და აფხაზებსა და ოსებთან დიალოგი აწარმოოს. "ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს შესვლას ალტერნატივა არ გააჩნია, რუსეთთან კი ურთიერთობა უნდა მოვაგვაროთ", – აი, ჯერჯერობით, ყველაფერი, რაც საზოგადოებამ მის საგარეო პოლიტიკურ განზრახვებზე იცის.
რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას: „ამერიკული ოცნება“, რასაც მისგან საქართველოში ელიან, ალბათ, არ შედგება, რადგან საქართველო – არც ამერიკაა და არც, მით უმეტეს, ჩინეთია; ქართველები არც ამერიკელები და არც, მით უმეტეს, ჩინელები არიან; ხოლო ივანიშვილი – არც თოვლის ბაბუა და არც, მით უმეტეს, დენ სიაოპინია.
მითი თანაბარი შესაძლებლობების ქვეყანაზე, კეთილი მეფით, რომელიც ყველას საჩუქრებს უკეთებს და ერთ წელიწადში საქართველოს შვეიცარიად გადააქცევს, სულ მალე გაიფანტება და ივანიშვილი თავის ჭეშმარიტ სახეს უჩვენებს – მტკიცეს და ანგარიშიანს, როგორც ოლიგარქს შეეფერება. საჩუქრებს არავის მიართმევენ, ყველა – მისი დროებითი გუნდის წევრებიდან დაწყებული, მთელი ქართველი ხალხით დამთავრებული – საკუთარი შრომით გამოიმუშავებს ყოველ თეთრს.
ის შეეცდება, კვლავ ასწავლოს ხალხს მუშაობა, როგორც სსრ კავშირის დროს მუშაობდნენ და როგორც დღეს მუშაობენ ჩინელები. აი ეს, მენეჯერის მისეული გამოცდილების წყალობით, მართლაც შეიძლება გამოუვიდეს.
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი