აქტუალური
„მერანი“ - „ზესტაფონს“ გადადება ემუქრება
12meraniთბილისი, 3 დეკემბერი, საქინფორმი. დიდთოვლობამ და ცუდმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა ბოლო ტურში „გაგრა“- „ბაიას“ დაპირისპირების გარდა ყველა მატჩი გადადო. უკლებლივ ყველა სტადიონზე გვარიანი თოვლი იდო, თუმცა დიდი პროგრესი ამ მრხივ არც მომავალ ტურშია.

მარტვილში, 4 დეკემბერს, ადგილობრივი „მერანი“ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ „ზესტაფონს“ მასპინძლობს, თუმცა ფოტოდან (რომელიც 2 დეკემბერს, დღის 12 საათზეა გადაღებული), კარგად ჩანს, რომ ამ მატჩის ჩატარება მარტვილის სტადიონზე შეუძლებელია.

როგორც მარტვილში ამბობენ, მინდორზე თოვლი მოყინულია და მისი აღება ვერ ხერხდება, ამიტომ სტადიონი მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებამდე ვერ მოწესრიგდება. არცაა გასაკვირი, ისეთმა გუნდებმა, როგორიც „ზესტაფონი“ და „ტორპედოა“ თოვლის საფარისგან, მოედნის გაწმენდა შესბამისი ტექნიკის არქონის გამო ვერ მოახერხეს, მარტვილში კი სიტუაცია უფრო მძიმეა.

საქინფორმი „მერანის“ თავკაცს მალხაზ ჟვანიას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ თამაშის ჩატარება მათ მოედანზე შეუძლებელია და მატჩს გადადება ემუქრება.

„თოვლია სტადიონზე, აღებას ვერ ვახერხებთ, გუშინ საღამოს მოყინა, ამიტომ აქ თამაში გამორიცხულია. ნეიტრალური მოედანზე, არ მგონია გაიმართოს, ამას შეთანხმება და მომზადება სჭირდება და ამის საშუალება არ გვაქვს ჩვენ. ალბათ, გადაიდება თამაში, - განაცხადა ჟვანიამ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე გათამაშებაში მარტვილელებს  შინ წაუგებელი სერია აქვთ, ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ ნეიტრალურ მინდორზე თამაში მათ არ სურთ.