აქტუალური
გიორგი თარგამაძე: „კიწმარიშვილი სიტუაციიდან „მოტეხეს“

giorgi_targamთბილისი, 2 დეკემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ გაზეთ „ვერსიასთან“ საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, „ადამიანები, რომლებიც ორი წლის განმავლობაში „მაესტროს“ ფუნქციონირებით კმაყოფილები იყვნენ და ამტკიცებდნენ, რომ კიწმარიშვილი არა მხოლოდ „მაესტროს“, არამედ თავისუფალი სიტყვის გადამრჩენელია და რომ არა იგი, ტელეკომპანია ვერ იარსებებდა, ხელფასები ვერ დარიგდებოდა, იჯარები ვერ გადაიხდებოდა და ა.შ., დღეს კიწმარიშვილს უპირისპირდებიან“.

„გარკვეულწილად, ეს სიტუაცია ბიზნესდავის ელემენტების შემცველია, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, მაინც პოლიტიკური დავაა. გვაქვს ასეთი სიტუაცია: კიწმარიშვილი ედავება, ეჩხუბება და ებრძვის ტელეკომპანიის დამფუძნებლებს. ანუ, როგორც მინიმუმ, უკვე ორ დაპირისპირებულ მხარეს ვიღებთ. არსებობს მესამე – ხელისუფლების მხარეც, რომელიც „მაესტროს“ დისკრედიტაციითაა დაინტერესებული, მისთვის უკეთეს შემთხევაში – მაუწყებლობის შეწყვეტით ან შესუსტებით მაინც. არის კიდევ მეოთხე მხარეც, რომელსაც გარკვეული გეგმები და ინტერესები აქვს „მაესტროსთან“ მიმართებაში“, – აცხადებს თარგამაძე.

ამასთან, თარგამაძეს აინტერესებს, „თუ ეროსის მიერ მიტანილ ფულზე დღემდე „მაესტროს“ არსებობა იყო დამოკიდებული, ეროსისთან ასეთ დაპირისპირებში რომ შედიხარ და იცი, ამ ფულს ვეღარ მიიღებ, ნიშნავს თუ არა ეს, რომ რაღაც ალტერნატივა გაქვს?“

„დამფუძნებლები ისეთი უჭკუო ადამიანები არ არიან, რომ ასეთ დაპირისპირებაში ფეხი შედგან, თუ ფეხის მოსაკიდებელი ადგილი სხვაგან არ აქვთ. კიწმარიშვილი თავისი 4,5 მილიონისთვის იბრძვის. ადრე არავინ ეკითხებოდა მას, ფული საიდან მოიტანეო. კაცს ეს თანხები ჩაუდია „მაესტროს“ ფუნქციონირებაში და ეტყობა, ახლა ხედავს, რომ მის გარეშე რაღაც გარიგებები უკვე შემდგარია და თვითონ ამ სიტუაციიდან „მოტეხეს“. ორივე მხარე ივანიშვილთან მოლაპარაკებებს მაქსიმალური სარგებელის მისაღებად დამოუკიდებლად ცდილობდა, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, პროცესი არაჯანსაღია“, – აღნიშნავს საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერი.