თბილისი, 2 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოდან ატყობინებენ, „ქართუ ჯგუფის“ სახელზე შემოსული ტვირთები საბაჟო ტერმინალებში მიზანმიმართულად ზიანდება.
ამასთან, განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ დღესაც უამრავი ტვირთია გაჩერებული საბაჟოზე – როგორც „ქართუ ჯგუფში“ შემავალი ორგანიზაციების კუთვნილი, ისე მათთვის სპეციალურად კონტრაქტორი ქართული კომპანიების მიერ ჩამოტანილი. შესაბამისად, გრძელდება ძვირადღირებული ტექნიკის მიზანმიმართულად დაზიანება.
ჯგუფის ეჭვს ტექნიკის გამიზნულად დაზიანების შესახებ აძლიერებს ის ფაქტიც, რომ „ქართუ ჯგუფის“ სახელზე შემოსული ტვირთების გახსნა და დეტალური შემოწმება ხორციელდება ცალმხრივად, დაინტერესებული მხარის წარმომადგენლების თანდასწრების გარეშე.
შემოსული ტვირთების უმრავლესობა გრანტის სტატუსის მქონე საქონელია და განკუთვნილია შემდეგი საქველმოქმედო პროექტებისთვის: ფრანგული სკოლა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ოპერისა და ბალეტის თეატრი, საჩხერის რეგიონის სკოლები, თუმანიშვილის სახელობის თეატრი, საჩხერის საავადმყოფო, ბორითის ემერჯენსი, ჯ. კახიძის მუსიკალური ცენტრი, ნატანების საკონცერტო დარბაზი, რაგბის სტადიონები, ყუმისთავის მღვიმე, სარგავი მასალის ეროვნული ცენტრი და ა.შ.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში შემოსული ტვირთების 100% მოხვდა ე.წ. წითელ დერეფანში, ანუ გაიარა დეტალური შემოწმება, მაშინ, როდესაც წინა პერიოდში მსგავსი ტიპის გაძლიერებული შემოწმების ფაქტი 5-10% იყო.
„აღვნიშნავთ, რომ „ქართუ ჯგუფში“ შემავალი კომპანიები საქმიანობას ახორციელებენ კანონმდებლობის სრული დაცვით და არცერთ მათგანს არ აღენიშნება საბაჟო წესის დარღვევის ფაქტი. აღნიშნული პრობლემების შესწავლა და მასზე რეაგირება „ქართუ ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ჯავახიშვილმა სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროს ჯაბა ებანოიძეს ოფიციალური წერილით ამა წლის 17 ნოემბერს სს მოსთხოვა, თუმცა შემოსავლების სამსახურის მხრიდან ამ დრომდე არც განცხადება გაკეთებულა და არც რეაგირება მოჰყოლია“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.