აქტუალური
ჯაველიძე: „ივანიშვილის გარშემო არცთუ დიდად განათლებულმა და ერის მოყვარულმა ხალხმა მოიყარა თავი“

javelidzeeeeთბილისი, 1 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ელიზბარ ჯაველიძემ გაზეთ „ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, „ბიზნესმენ და პოლიტიკოს ბიძინა ივანიშვილის გარშემო არცთუ დიდად განათლებულმა და ერის მოყვარულმა ხალხმა მოიყარა თავი“.

„ჩემმა განვლილმა ცხოვრებამ დამარწმუნა, რომ გარემოცვა ყოველთვის ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანზე. შესაძლოა, ბატონი ბიძინა ძალიანაც პრინციპულია, ძალიანაც მტკიცე ხასიათის, მაგრამ მე საკუთარ კანზე მაქვს ნაწვნევი, როგორ შემოგავლებენ მტკიცე რკალს, გიჩიჩინებენ აქედან და იქიდან და შეიძლება, საერთოდ ჭკუიდან გადაგიყვანონ, საერთოდ, თუ ადამიანს ერთ მხარეზე ანგელოზი აზის, მეორეზე ეშმაკი სძალავს“, – განაცხადა ჯაველიძემ, რომელიც აღნიშნულ კონტექსტში ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრ ზურაბ ბიგვავას შეეხო.

„ბიგვავას რაღაც იდეოლოგის ფუნქციები აქვს. როგორც თვითონ აცხადებს, თურმე ზურაბ ჟვანია აღუზრდია. მაპატიეთ, მაგრამ ძალიან ცუდად აღუზრდია, ეტყობა, ხეზე ასვლა არ ასწავლა! ეს კაცი თავის თავზე გაიძახის, ფსიქოლოგი ვარო. ზოგი ამბობს, ფილოსოფოსი ვარო, მაგრამ მე მაგათი დაწერილი არაფერი წამიკითხავს“, – აღნიშნა ჯაველიძემ.

რაც შეეხება ივანიშვილის პოლიტიკურ პარტნიორებს, ჯაველიძე ალასანიას პარტიაზე საუბარს თავს არიდებს, „რესპუბლიკელებს“ კი გამოკვეთილად ანტიეროვნულ ძალად მოიხსენიებს.