თბილისი, 1 დეკემბერი, საქინფორმი. ყვარლის რაიონული საავადმყოფოს სისხლის გადასხმის განყოფილების ყოფილი თანამშრომელი თამარ ღონიაშვილი აცხადებს, რომ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო, ყვარლის საავადმყოფოში სისხლის გადასასხმელად მისულ პაციენტს სიკვდილი ელოდება.
„ცოტა ხნის წინ ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში კომპანია „უნიმედი კახეთი“ შემოვიდა და თანამშრომლების გათავისუფლება დაიწყო. ჩვენი საავადმყოფოს დირექტორი ზვიად დუშმანაშვილი სულ მეუბნებოდა, რომ ზოგიერთებისთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო სამსახურიდან გაგდება. ალბათ მან ურჩია „უნიმედი-კახეთის“ დირექტორს ზურაბ გონაშვილს ჩემი გაგდება, რადგან არ მომწონდა ის, რაც საავადმყოფოში, განსაკუთრებით კი, სისხლის გადასხმის განყოფილებაში ხდებოდა და ამას ხმამაღლა ვამბობდი. ვინც იქ მიდის სისხლის გადასასხმელად, სიკვდილი ელოდება. ჩემს თვალწინ ხდებოდა სისხლის აპრობაცია და ვიცი, რა სიტუაციაა. არანაირი პირობა არ არსებობს. პირდაპირ ირღვევა ჯანდაცვის შესახებ კანონი, რომელიც სისხლის გადასხმის პროცედურებს არეგულირებს. თავის დროზე ხარისხის კონტროლმა შეამოწმა და შესაბამისი აქტი გამგეობაშიც ინახება და საავადმყოფოშიც, მაგრამ მას მერე არაფერი შეცვლილა. მალე ახალ საავადმყოფოში გადადიან და ძველი საავადმყოფოს პირობები არ აინტერესებთ, მაგრამ ამ საავადმყოფოში ადამიანი ერთ საათში კვდება, საშიშროება ნამდვილად არსებობს“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თამარ ღონიაშვილმა.ყვარლის რაიონული საავადმყოფოს დირექტორი ზვიად დუშმანაშვილი თამარ ღონიაშვილის ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, ყოფილი მედდა ასეთ ინფორმაციებს შურისძიების მიზნით ავრცელებს.
„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მტკნარი სიცრუეა. 100 საავადმყოფოს პროექტის ფარგლებში ყვარელში შემოვიდა სადაზღვევო კომპანია „იმედი L“, ანუ შპს „უნიმედი კახეთი“. სანამ ყვარელში ახალი საავადმყოფო დაიწყებს მუშაობას, მანამდე ამ კომპანიას ძველი საავადმყოფო იჯარით მართვის უფლებით გადაეცა. ნოემბრიდან ვიღაც-ვიღაცებს აღარ გაუფორმდათ ხელშეკრულებები და თამარ ღონიაშვილი სწორედ ამიტომ არის გაბრაზებული. ის ამ საავადმყოფოში სისხლის გადასხმის მედდად მუშაობდა. თუ ასეთი საშინელი მდგომარეობა იყო, რატომ აქამდე არ იღებდა ხმას? გარწმუნებთ, რომ მსგავსი არაფერი ხდება“, – აღნიშნა ზვიად დუშმანაშვილმა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი