საზოგადოება
ბიუჯეტი ხელისუფალთა სამსახურში

TeTrebi4თბილისი, 1 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც „თეთრი მოძრაობის“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, ამჯერად მოძრაობის ლიდერი თემურ შაშიაშვილი „ღირსების ულტიმატუმში“ დასახელებული 25 პუნქტიდან ორ მნიშვნელოვან პუნქტზე ამახვილებს ყურადღებას. ეს პუნქტები, ძირითადად, ხელისუფლებისგან მოითხოვდა ყველა დონეზე  (სახელმწიფო, მხარე, ქალაქი, რაიონი) ბიუჯეტში შესული თანხების მოცულობის, წყაროების, მათი ხარჯვის შესახებ ინფორმაციის ყოველთვიურ გამოქვეყნებას; ასევე ყველა დონის სახელმწიფო მოხელეებზე გაცემული ხელფასების, პრემიებისა და სამივლინებო თანხების ოდენობის გასაჯაროებას.

შაშიაშვილის განმარტებით, ქვეყნის ხელმძღვანელებს შედარებით დაბალჩინოსნები, ანუ ადგილობრივი მასშტაბის „რეგიონალური მამები“, ყოველმხრივ ბაძავენ. ეს მსგავსება საკმაოდ ძვირი უჯდება ქვეყნის ბიუჯეტს, რაც ყველასათვის როდია ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ ინიციატივით 14 პარტიის, 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის, უცხოეთში მცხოვრები 100-ზე მეტი ცნობილი ქართველისა და საქართველოს 1000-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერით ჯერ კიდევ 2009 წლის 23 ნოემბერს მიღებულ იქნა და 25 ნოემბერს პრეზიდენტის კანცელარიას ჩაბარდა „ღირსების ულტიმატუმი“.

შაშიაშვილის თქმით, კონსტიტუციის შესაბამისად,  „ღირსების ულტიმატუმის“ 25-ვე პუნქტის მოთხოვნები ხელისუფლებამ უგულებელყო.

„უმუშევრობისა და სიღატაკის მორევში ჩაფლული ქალაქებისა და რაიონების მერიები, გამგეობები და საკრებულოები მხოლოდ ძეგლებისა და ველოსიპედების გაგორება-გამოგორებით, შადრევნების გათხრა-გამოთხრითა და ფერუმარილით შეღებილი საბოლოოდ იმედდაკარგული საპატარძლოსავით პოტიომკინის სოფელს დამსგავსებული ქალაქებისა და რაიონების უკვე მერამდენე რეაბილიტაციით როდი არიან დაკავებულნი. ჩვენი მეგობრების მიერ ადგილებიდან მოწოდებული ინფორმაციებითა და „თეთრების“ წევრ მეცნიერ-ანალიტიკოსთა დასკვნებით, ყველა დონის ხელმძღვანელები იღებენ საარაკო პრემიებს, სოლიდურ თანხებს სატელეფონო და სხვა მომსახურებისათვის, საკმაოდ ბუნდოვანი მისიით ხშირად სტუმრობენ მაღალგანვითარებულ და ძვირადღირებულ სახელმწიფოებს, სამუშაო საათებში განცხრომას ეძლევიან კომფორტულად მოწყობილ სამსახურებრივ აპარტამენტებში და ძვირადღირებულ ავტომობილებში“, – ამბობს შაშიაშვილი.

როგორც „თეთრების“ ანალიზი ადასტურებს, თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და სხვა ქალაქების მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ხშირად – წელიწადში 5-7-ჯერ, საკმაოდ გაუგებარი და უმაქნისი მისიით სტუმრობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას ხალხის მიერ შექმნილი ბიუჯეტის ხარჯზე.

„თეთრები“ კიდევ ერთხელ მოითხოვენ, შესრულდეს „ღირსების ულტიმატუმში“ ჩამოყალიბებული კონსტიტუციური მოთხოვნა: გამოქვეყნდეს, თუ რა უჯდება სახელმწიფო ხაზინას თითოეული რაიონის ხელმძღვანელობა, რას იღებენ ისინი ხელფასის, კომპენსაციის, სახით, თუ რა ჯდება მათი სატელეფონო და სატრანსპორტო მომსახურება, მათი კაბინეტების კეთილმოწყობა თუ რემონტი და ა.შ.

„თეთრების“ აზრით, ამ მონაცემების გამოქვეყნება ხალხისთვის თვალნათელს გახდის, თუ რატომ იქცნენ მონებად ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლები; თუ რატომ არის ასე არნახულად ძლიერი სახელისუფლებო ვერტიკალი საქართველოში, სადაც არ არსებობს არათუ კრიტიკა, არამედ საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება.

„საქართველოს ხელისუფლება  მთლიანად ცხოვრობს  მონური ფსიქოლოგიით და ამ სახელისუფლო ვერტიკალის შენახვა ქვეყანას გაცილებით მეტი უჯდება, ვიდრე მილიონი პენსიონერი“, – ნათქვამია გზავნილში.