აქტუალური
სომხეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთა მარტივდება

misha-da-serJiთბილისი, 30 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია. ის საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სომეხ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სომხეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ ერთ პუნქტზე გაჩერებით იქნება შესაძლებელი, როგორც ეს თურქეთის შემთხვევაში ხდება. სააკაშვილმა სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „უახლესი ისტორიის განმავლობაში ეს ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი მჭიდრო, როგორიც დღესაა“. ამ მხრივ მან სარგსიანის პიროვნულ ფაქტორს გაუსვა ხაზი.

„განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა ხალხთა შორის ურთიერთობებს. წელს სომხეთ-საქართველოს საზღვარი 600 000 ადამიანმა გადმოკვეთა. ახლა საზღვრის გადაკვეთა მარტივდება და ჩვენ გვექნება ისეთი გამჭვირვალე საზღვარი, როგორიცაა, ვთქვათ, ევროპაში შვეიცარია-საფრანგეთის. ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში პრობლემა, ფაქტობრივად, არ გვაქვს. სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები მეზობლებს შორის, ურთიერთობების თვალსაზრისით, სამაგალითოა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში სამთავრობო დელეგაციებს შორის საგარეო, ეკონომიკისა და სასაზღვრო სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდა.