თბილისი, 30 ნოემბერი, საქინფორმი. ამ ბოლო ხანებში აქტუალურია ბური ფერმერების საქართველოში ჩამოსახლების თემა. ეს კი განაპირობა ხელისუფლების მიერ რამდენიმე სოფელში მიწების ჩამორთმევის აქტიურმა პოლიტიკამ.
როგორც საქინფორმმა გაარკვია, ბურ ფერმერთა მეტი დაინტერესებისთვის სპეციალური ვებგვერდიც კი შეიქმნა, რომლის მეშვეობითაც ჰოლანდიური წარმოშობის სამხრეთაფრიკელ მოსახლეობას ონლაინრეჟიმში შეუძლია, მიმართონ საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობის მისაღებად, სადაც კითხვარიდან ერთი კითხვა ეხება ჩამოსახლებული ბური ოჯახის რიცხოვნობას. ეს ფაქტები მეტად საგულისხმოა, რამდენადაც შესაძლებელია, შეიცავდეს გარკვეულ საფრთხეს ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული სიტუაციიდან გამომდინარე.
ბურები განსაკუთრებით ინტენსიურად სტუმრობენ კახეთს, კერძოდ, შირაქის მიწებსა და ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭიაურის ტყის მიმდებარე ტერიტორიას. ეს ნიადაგები გამოირჩევა მაღალი ნაყოფიერებით. არადა, ამ მიწებს ქართველი გლეხი ვერ ინარჩუნებს მაღალი გადასახადების გამო, რაც საბოლოოდ ჩამორთმევის მიზეზი ხდება.
რაც შეეხება ლაგოდეხის რაიონის სოფლ ჭიაურის მცხოვრებთ, წყაროს ინფორმაციით, სოფლის მიწები მაღალნაყოფიერია, თუმცა დაჭაობებული ადგილები მალარიის წყაროა, რაც სოფლის მოსახლეობისთვის ძალზე შემაწუხებელია. ამ თვალსაზრისით სოფლის დახმარების პროგრამის სამუშაოები დადებით შედეგებზე ნაკლებად აისახება.