აქტუალური
ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადება

pressamdivnooთბილისი, 29 ნოემბერი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო განცხადებას ავრცელებს ზაზა ხუხუასთან დაკავშირებით, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო კატეგორიულად უარყოფს დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს ზაზა ხუხუა „ქართუ ჯგუფიდან“ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მასთან სტუმრად დედაქალაქის მერი მივიდა. ბიძინა ივანიშვილის პრესსსამდივნო ადასტურებს, რომ ზაზა ხუხუა „ქართუ ჯგუფში“ შემავალ ასოციაცია „ატუს“ თანამშრომელი იყო და მონაწილეობას იღებდა ოპერის თეატრის მშენებლობის პროცესში. ზაზა ხუხუა დაქირავებულ მუშად „ატუში“ 2011 წლის 5 მაისიდან ირიცხება და მას ოქტომბრის თვეში თვიური ანაზღაურება და ნოემბრის თვეში ავანსის სახით 140 ლარი აქვს აღებული. ზაზა ხუხუა სამსახურში თითქმის ერთი თვეა, აღარ გამოჩენილა, თუმცა ოფიციალურად კონტრაქტი „ქართუ ჯგუფს“ მასთან არ შეუწყვეტია და ის დღემდე „ატუს“ თანამშრომლად ითვლება. ასე რომ, დედაქალაქის მერიის წუხილი, თითქოს „ქართუ ჯგუფში“ ადამიანების დასაქმება და მათი სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით ხდება, სიმართლეს არ შეესაბამება და დედაქალაქის მერიისგან აპელირება თემით, რომ ადამიანების პოლიტიკური ნიშნით არჩევა ხდება, ცინიზმის გამოხატულებაა“.

ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო