წინამდებარე ინტერვიუ პოლიტოლოგ ალექსანდრე ჭაჭიასთან 2005 წელს ჩაიწერა. მაშინ ჰორიზონტზე არც 2008 წლის აგვისტოს მოვლენები ჩანდა და არც მსოფლიო ფინანსური კრიზისი; მაშინ ხელისუფლება ომახიანად გვპირდებოდა ახალი წლის «მალე» აღნიშვნას ხან ცხინვალში, ხანაც სოხუმში და აზრადაც არ მოსდიოდა, რომ თავადვე გახდებოდა მოვლენათა ტრაგიკული ჯაჭვის ინიციატორი, რასაც საქართველოს ტერიტორიების დამატებით დაკარგვა და აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება მოჰყვა... თუმცა ჩვენი რესპონდენტი ამ საფრთხეებზე, მოსალოდნელ კატასტროფაზე ღიად და მკაფიოდ მიანიშნებდა როგორც ხელისუფლებას, ასევე საზოგადოებას. ექვსი წლის წინანდელ ამ ინტერვიუს მკითხველს უცვლელად ვთავაზობთ.
- ბატონო ალექსანდრე, სამწუხარო ფაქტია, მაგრამ დამოუკიდებლად არსებობის მთელი დროის მანძილზე საქართველომ ვერ მოახერხა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების სტაბილიზება და ვერ შეუდგა თანმიმდევრულ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. ასე არასახარბიელოდ რატომ გამოვირჩევით ყველა სხვა პოსტსაბჭოთა და პოსტსოციალისტური ქვეყნებისგან?- დიახ, შევარდნაძის მმართველობის დასაწყისიდან დღემდე საქართველო წარმოადგენს დაშლილ, არშემდგარ სახელმწიფოს. ეს განსაზღვრება მეტად სწყინდა ყოფილ ხელისუფლებას, სწყინს დღევანდელსაც, მაგრამ ეს ფაქტია. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე ჩვენ დაშლილი სახელმწიფო ვართ და ეს უდავოა... განა შეიძლება, შემდგარად მიიჩნიო სახელმწიფო, სადაც ხელისუფლების ცვლა მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალების გზით ხორციელდება და, თანაც, უცხოეთიდან ფინანსდება?
თუმცა ყველაზე მთავარი ის არის, რომ საქართველოს პოლიტიკური წრეები დღემდე ვერ აცნობიერებენ ტრაგიზმს იმ მდგომარეობისა, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა. ტყუილად კი არ ვაცხადებ სისტემატურად, რომ არც პრეზიდენტი და არც მთავრობა არ წარმოადგენენ საქართველოს პრეზიდენტს და მთავრობას. ისინი არიან საქართველოს მხოლოდ ნაწილის პრეზიდენტი და მთავრობა, რადგან აფხაზეთის გარეშე ქვეყანას არ აქვს უფლება, საქართველოდ იწოდებოდეს, ხოლო მის ხელმძღვანელობას – საქართველოს ხელმძღვანელობა ერქვას. გამსახურდია იყო საქართველოს პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი პრეზიდენტი.
- ამიტომ დაუდგით მას ძეგლი ზუგდიდში?
- დიახ, და მზადა ვარ, ძეგლი დავუდგა ქვეყნის იმ ლიდერს, რომელიც დაუბრუნებს მას უფლებას, ერქვას საქართველო.
სამწუხაროდ, დღეს ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომელთათვის აფხაზეთი ცოცხალი ტკივილი არ არის. ასაკის გამო მათ ვერ მოასწრეს აფხაზეთის, როგორც საკუთარი სამშობლოს განუყოფელი ნაწილის, აღქმა და გაცნობიერება, ამიტომ ლაპარაკობენ «ტერიტორიების დაბრუნებაზე», არადა, სამშობლოს დაბრუნებაზე უნდა იყოს ლაპარაკი.
რეალობიდან მოწყვეტა, წარსულის არცოდნა, გამოუცდელობა და ზედაპირული განათლება - აი დღევანდელი ხელმძღვანელობის მთავარი ნაკლოვანებანი. ახალგაზრდულ ენთუზიაზმზე, შესაძლებელია, საგრძნობლად გამოაცოცხლო საზოგადოებრივი, თუნდაც ეკონომიკური აქტივობა, წარმატებით გადაწყვიტო რიგი ტაქტიკური ამოცანებისა, მაგრამ ეს მოკლევადიან ეფექტს იძლევა. ქვეყნის რეალური განვითარება მხოლოდ სტრატეგიის საფუძველზე ხდება, ხოლო სტრატეგიის შემუშავებისა და რეალიზაციისთვის საჭიროა სიღრმისეული ცოდნა, თაობათა გამოცდილების გათვალისწინება, ქვეყნისა და ერის ადგილის, როლის, ისტორიული დანიშნულების გაცნობიერება. ახლახან ვუსმენდი ტელევიზიით სოფლის მეურნეობის მინისტრის ანგარიშს ქვეყნის არსებობისათვის ამ უმნიშვნელოვანეს, სასიცოცხლო დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ და უნებლიეთ შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანები რომელიღაც სხვა ქვეყანაზე, სხვა ეკონომიკაზე, სხვა სოფლის მეურნეობაზე ლაპარაკობდნენ. იგივე შეიძლება ითქვას ყველა სხვა ხელმძღვანელზე, რომლებიც ტელევიზორის ეკრანებიდან თავისი დარგის «არნახულ წარმატებებზე» მოგვითხრობენ. ასე ცრუობდა მრავალი წლის განმავლობაში შევარდნაძე. სამწუხაროდ, ეს პოლიტიკურ ტრადიციად იქცა.
ყოველთვის ვცდილობ, აღვნიშნო დადებითი მომენტები ხელისუფლების საქმიანობაში. მუდამ მაღიზიანებდა ყველა ჯურის ოპოზიციონერის სწრაფვა, ერთიანად, ხელაღებით გაეშავებინათ ყველა და ყველაფერი, სახელმწიფო ხელისუფლების ყველა ნაბიჯში მხოლოდ ცუდი და მავნე დაენახათ. შევარდნაძის მმართველობის დროსაც კი ვცდილობდი, გარკვეულ პროცესებში პოზიტივი დამენახა, რადგან ხშირად ოპოზიციის სწრაფვას, კატეგორიულად უარყოს ხელისუფლების საქმიანობა, იქამდე მივყავართ, რომ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლად იქცევა. შევარდნაძის პერიოდთან შედარებით, დღეს მართლაც არის პოზიტიური მომენტები ხელისუფლების საქმიანობაში, რასაც მივესალმები. შაკმარისია, თბილისის, ბათუმის შეცვლილ იერს შეხედო, გზების მშენებლობას, კორუფციასთან ბრძოლას ქვედა და საშუალო დონეზე და სხვ. მაგრამ ყველა ეს მოვლენა კოსმეტიკური ხასიათისაა და გავლენას ვერ ახდენს ქვეყნის სტრატეგიულ განვითარებაზე, ვერ ცვლის შევარდნაძის დროს დამკვიდრებულ ქვეყნის განვითარების დამღუპველ ვექტორს. დღემდე არ არსებობს ეკონომიკური განვითარების ერთიანი მოდელი, რაც ქვეყანას ეკონომიკური ჩიხიდან გამოიყვანდა. და მთავარი - ხელისუფლების ქმედება არანაირად არ გვაახლოებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემის გადაწყვეტასთან. ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარებისა და თანამედროვე ეკონომიკური ბაზის ფორმირების გარეშე კი საქართველოს მომავალი არ აქვს.
- ცნობილია, რომ მეორე ევროპულ ფორუმზე მოსკოვში თქვენ – მონაწილეთაგან ერთადერთი – ე. წ. კონფლიქტების მოგვარების კოსოვოს სქემის წინააღმდეგ გამოხვედით. რატომ?
- კოსოვოს სქემა სერბეთის ისტორიულ ტერიტორიაზე მოსული მუსლიმების დამოუკიდებელი ალბანური სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებს. კოსოვო სერბული მართლმადიდებლური კულტურის აკვანია, სერბი ერის გულია. იქ ეთნიკურად და რელიგიურად უცხო ხალხი დასახლდა, რომელსაც იქვე, გვერდით, საკუთარი სახელმწიფო აქვს, ამერიკელების დახმარებით სერბი მოსახლეობა განდევნა, 200-ზე მეტი მართლმადიდებლური ტაძარი დაანგრია და ახლა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას მოითხოვს. არ შემიძლია ამ მოთხოვნას დავუჭირო მხარი, პირველყოვლისა იმიტომ, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, იმიტომ, რომ სერბი და ქართველი ხალხები სულიერი ძმები არიან.
ჩვენ ისედაც სამარცხვინო, მოუშორებელი ლაქა გვადევს: შევარდნაძე იყო პირველი სახელმწიფოთა მეთაურებს შორის, რომელმაც ოფიციალურად დაუჭირა მხარი ნატო-ს ავიაციის მიერ სერბეთის დაბომბვას, რასაც ასობით უდანაშაულო ადამიანი, ათობით ეკლესია და მონასტერი შეეწირა. ხოლო ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ არ დაგმო ამის გამო ედუარდ-გიორგი, ანათემას არ გადასცა იგი.
მეორეს მხრივ, «კოსოვოს სქემის» უნივერსალურობის აღიარება ავტომატურად ნიშნავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოყოფის უფლების აღიარებას. მეტიც: ეს ანალოგიურ პერსპექტივებს შეუქმნის საქართველოს სხვა რეგიონებსაც, რომლებიც, ძირითადად, მოსული უცხოტომელებით არის დასახლებული. «კოსოვოს სქემა» სახიფათოა ევროპის ბევრი ქვეყნისთვისაც და მის შესახებ ევროპელ მოღვაწეთაგან არაერთი მწვავე შეფასება მომისმენია. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ «კოსოვოს სქემის» უკან ამერიკის შეერთებული შტატები დგას. მას კონკრეტული მიზანი აქვს – მაქსიმალურად დაასუსტოს გაძლიერების გზაზე დამდგარი ევროპა, ამიტომ ქმნიან ევროპის ცენტრში მძლავრ მუსლიმურ ანკლავს დიდი ალბანეთის სახით. ამასთანავე, ანტიმართლმადიდებლური ტენდენციების დაკმაყოფილებაც ხერხდება, რაც მეტად ძლიერია როგორც კათოლიკურ, ისე პროტესტანტულ ქვეყნებში. მაგრამ მთავარი, რა თქმა უნდა, ევროკავშირის დასუსტებაა. სწორედ ამიტომ გაიტანეს თავისი ამერიკელებმა და ევროკავშირში აღმოსავლეთევროპული პოსტსოციალისტური სახელმწიფოები მიაღებინეს. უფრო მეტიც, - იუგოსლავიის დაშლა აიძულებს ევროკავშირს, თავის შემადგენლობაში ყველა ახალი ბალკანური სახელმწიფო მიიღოს. ეს უდავოდ სერიოზულ გავლენას იქონიებს გაერთიანებული ევროპის ეკონომიკაზე, ევროს, როგორც დოლარის კონკურენტის კურსზე, დაძაბულობას შეიტანს წამყვანი ევროპული ქვეყნების საშინაო ცხოვრებაში.
მათ მილიონობით აღმოსავლეთევროპელ მიგრანტთან საკუთარი შრომის ბაზრის გაყოფა მოუწევთ. ამიტომ ევროკავშირის ძირითადი წევრები ყველა ახალი პრეტენდენტისთვის კარის დასაკეტად მზადყოფნას გამოხატავს. მაგალითად, თურქეთის ევროკავშირში მიღების საკითხი, პრაქტიკულად, 10-15 წლით გადაიდო და, ალბათ, არასდროს მოხდება, სხვათა შორის, ანალოგიური ვითარებაა ნატო-შიც. ევროპელებს მკაფიოდ ესმით, რომ ნატო ამერიკის მსოფლიო ჰეგემონობის ინსტრუმენტია. ნატო-ს გაფართოება, არსებითად, ამერიკის შეერთებული შტატების გავლენის გაფართოებას ნიშნავს, ევროპა კი იძულებულია, ამის საფასური იხადოს, ამიტომ ევროპის წამყვან სახელმწიფოებს ნატო-ს გაფართოების პერსპექტივისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ. მაგალითად, გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან საქართველოს ჩართვას «ინტენსიური დიალოგის» პროგრამაშიც კი, ანუ ნატო-სთან ურთიერთობაში საქართველოს ახალ საფეხურზე გადასვლას.
- მაგრამ საქართველოს ხელმძღვანელობა მალე ნატო-ში შესვლას გვპირდება...
- ამ დაპირებას, მრავალი წელია, ვისმენთ. ევროკავშირსაც გვპირდებოდნენ, თუმცა ბოლო დროს აღარ ახსენებენ: მეტისმეტად სასაცილოდ ჟღერს. რაც შეეხება ნატო-ს, ქართველებისთვის მეტად მნიშვნელოვანია, გააცნობიერონ რეალური სურათი. ევროპა არ იწვის ნატო-ს გაფართოებისა და ამით, ფაქტობრივად, ამერიკელთა ინტერესების მომსახურების სურვილით. გარდა ამისა, ევროპა არ არის დაინტერესებული რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებით. ამერიკის შეერთებულ შტატებს, რა თქმა უნდა, შეუძლია აიძულოს ევროპა, ეს ნაბიჯი გადადგას. საქართველოს ნატო-ში შესვლას ყოველმხრივ შეუწყობს ხელს თურქეთი, რადგან ეს თურქეთის შეიარაღებულ ძალებისთვის გახსნის საქართველოს ტერიტორიას, რაც შექმნის ჩრდილოეთ კავკასიაზე პირდაპირი გეოპოლიტიკური გავლენის პერსპექტივას. მაგრამ ნატო-ს ევროპელი წევრები, კიდეც რომ დაეთანხმონ ამერიკისა და თურქეთის მოთხოვნას, ყოველ მიზეზგარეშე წამოაყენებენ უმთავრეს მოთხოვნას - ნატო-ს წესდების მკაცრ დაცვას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნატო-ს წევრ ქვეყანას ტერიტორიული პრობლემები არ უნდა ჰქონდეს.
აშშ, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო თანამეგობრობა, დაჟინებით მოითხოვს ჩვენი კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას, მაგრამ მშვიდობიანი მოგვარება შეუძლებელია ამ პროცესში რუსეთის დაინტერესებული მონაწილეობის გარეშე. რუსეთი კი ამაში მონაწილეობას არ მიიღებს, ვინაიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩვენთვის დაბრუნება ამ ტერიტორიის ნატო-ს კონტროლის ქვეშ გადაცემას ნიშნავს, რადგან საქართველოს ხელმძღვანელობა არ იღებს საკუთარ თავზე ვალდებულებას, არ განათავსოს თავის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები. ნატო-ს კატეგორიული წინააღმდეგია, აგრეთვე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობაც.
რა და რისთვის უნდათ ამერიკელებს საქართველოში? ამერიკას სჭირდება ნატო-ს ეგიდით საქართველოში თურქული სამხედრო ბაზის განლაგების შესაძლებლობა იმ მიზნით, რომ გააძლიეროს დაძაბულობა რუსეთის სამხრეთ საზღვრებზე; მეორეც - მთლიანად აკონტროლოს ნავთობ და გაზსადენები; მესამე - ირანთან სამხედრო მოქმედების გაშლის შემთხვევაში, გამოიყენოს ქართული სამხედრო აეროდრომები, რომელთაც, უკვე კარგა ხანია, თურქები აკონტროლებენ. ამ ამოცანების გადასაჭრელად არც აფხაზეთი, არც სამხრეთ ოსეთი საჭირო არ არის.
ამიტომ ძალიან მაწუხებს, თუ როგორ აპირებს საქართველოს ხელმძღვანელობა ნატო-ში შესვლის საკითხის მოგვარებას, უფრო სწორად, რა პირობებს უკარნახებს მას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. ძალიან მაფიქრებს, რომ სოხუმში ყოფნისას აშშ-ის ელჩმა ტეფტმა მოიწონა და პროგრესული უწოდა კონფლიქტის მოგვარების აფხაზურ გეგმას, რომელიც შემდეგ თბილისში სერგეი შამბამ ჩამოიტანა. გეგმის პირველივე პუნქტი აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ითვალისწინებს. მაშ, ვისთვის არის ეს გეგმა პროგრესული? არ გამიკვირდება, თუ სააკაშვილის ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ გოგო-ბიჭები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ე. წ. დემოკრატიული საზოგადოებრიობის წარმომადგენლები დაიწყებენ «რუსთავი 2»-ის ეთერში გამოსვლებს ნატო-ში ნებისმიერ, თუნდაც სადავო ტერიტორიებზე დროებით უარის თქმის, ფასად შესვლის შესახებ, რომელთაც შემდეგ ნატო აუცილებლად დაგვიბრუნებს. წლის ბოლოსთვის კოსოვოს პრობლემაც ამერიკული სცენარით გადაწყდება. ასე რომ, «მსოფლიო თანამეგობრობა» ტერიტორიული დავის «ცივილიზებული გადაწყვეტის» რეალურ პრეცენდენტზე ლაპარაკს შეძლებს. ქართველი დემოკრატები კი, როგორც ცნობილია, ყველაზე უფრო ცივილიზებულნი არიან...
ძალზე სახიფათოა, რომ რუსულ პოლიტიკურ წრეებშიც მატულობს კოსოვოს სცენარის მხარდაჭერა კონფლიქტების მოგვარებაში. არსებობენ ძალიან გავლენიანი ადამიანები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ საქართველო უნდა გაიყოს, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კი მათი გავლენის ქვეშ დარჩეს. მეც და ჩემი ბევრი მეგობარი ვცდილობთ, დავარწმუნოთ რუსი პოლიტიკოსები, რომ აფხაზეთის მოწყვეტა დანარჩენი საქართველოსგან ვერ გადაწყვეტს რუსეთის სამხრეთის სტრატეგიული უსაფრთხოების პრობლემას. თურქეთის ხელისუფლების გახშირებული კონტაქტები აფხაზეთთან, პირდაპირი მიმოსვლის აქტივიზაციის სურვილი მეტყველებს თურქეთის განსაკუთრებულ ინტერესზე ამ რეგიონის მიმართ. უეჭველია ისიც, რომ დამოუკიდებელი აფხაზეთი სერიოზულ სტიმულად იქცევა ჩრდილოეთ კავკასიის გაერთიანების პროცესისთვის ამ რეგიონის შემდგომი სეპარატიზაციის მიმართულებით, რაც, დიდი ხანია, თურქეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტის სტრატეგიულ გეგმებში შედის. მაგრამ ყველა ეს არგუმენტი - ნატო-სკენ სწრაფვასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მანიაკალური განცხადებების ფონზე - ყოველგვარ ძალასა და დამაჯერებლობას კარგავს. თუ რუსეთი და შეერთებული შტატები საქართველოს გაყოფაზე მოილაპარაკებენ, ეს დიდი უბედურება იქნება.
- სააკაშვილისა და პუტინის პეტერბურგში შემდგარმა შეხვედრამ ვერანაირად ვერ იმოქმედა რუსულ-ქართული ურთიერთობების ხასიათზე?
- ვერ იმოქმედა და ვერც იმოქმედებდა. მაოცებს, როგორ შეიძლებოდა ამ შესაძლებლობის გამოუყენებლობა. შეხვედრა აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო. ასეთი რამ იშვიათია სახელმწიფოთაშორის ურთიერთობათა პრაქტიკაში. მე ვიცი, რომ საქართველოს საელჩო რუსეთში, დიპლომატიური სამუშაოს გარდა, ყველაფრით არის დაკავებული, მაგრამ გაუგებარია, რას აკეთებს საგარეო საქმეთა სამინისტრო და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ნათელია, რომ სერიოზული შეთანხმებისთვის ბაზად შეიძლება გამოდგეს მხოლოდ საქართველოს თანხმობა, რუსეთ-საქართველოს ჩარჩო ხელშეკრულებაში ჩაიდოს ქართული მხარის ვალდებულება იმის შესახებ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამხედრო კონტინგენტები არ განთავსდება. ამგვარი საერთაშორისო ვალდებულების გარეშე აფხაზეთისა და ოსეთის პრობლემა ვერ მოგვარდება. ისიც ნათელია, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა ამაზე ვერ წავა, რადგან ეს, ასე ვთქვათ, ამერიკული კომპეტენციის საკითხია. რა თქმა უნდა, საწყენია, რომ საქართველო ფორმალური დამოუკიდებლობის 15 წლის თავზეც ვერ გახდა საერთაშორისო ურთიერთობათა დამოუკიდებელი სუბიექტი, მაგრამ ეს ფაქტია და ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ორმხრივი თანამშრომლობის გარკვეული საკითხები (ქართული პროდუქციისთვის ბაზრის გახსნა, ერთობლივი ეკონომიკური პროექტები, სავიზო რეჟიმის შემსუბუქება, პუტინის თანხმობა საქართველოში სტუმრობაზე და სხვ.) წარმატებით შეიძლებოდა გადაწყვეტილიყო ვიზიტის სათანადო მომზადებისა და სხვადასხვა დონის მხარდაჭერის ამოქმედების შემთხვევაში. მაგრამ, როგორც ჩანს, დღევანდელი ხელისუფლების რეალური პოლიტიკა პრიმიტიული პიარაქციების დონეზეა დასული, რაც, ცხადია, ქვეყნისთვის დამღუპველია. თუმცა ბუტაფორია საქმიანობის ყველა სფეროს განუყოფელ ნაწილად იქცა.
- როგორ მოგეწონათ სამხედრო აღლუმი?
- მე მახსოვს სამარცხვინო აღლუმი, რომელიც შევარდნაძემ აფხაზეთის ჩაბარების შემდეგ გამართა და იმის შემდეგ აღლუმებს აღარ ვუყურებ. რა ეაღლუმება ქვეყანას, რომელსაც ტერიტორიის მესამედი დაკარგული აქვს? არმიის ძალა მწყობრ ნაბიჯში და საბრძოლო შეძახილებში კი არ არის, არამედ მის უნარში - უზრუნველყოს ქვეყნის ერთიანობა და უსაფრთხოება.
- ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ახალ წელს ცხინვალში შევხვდებით. როგორ ფიქრობთ, თუ ეს არ მოხდა, გადადგება?
- მახსოვს, აფხაზეთში გაგანია ომისას მაშინდელი სახელმწიფო მინისტრი ხაინდრავა იფიცებოდა, ახალ წელს ბიჭვინთაში შევხვდებითო და სინდისმა არ დაუშალა, ახალ ხელისუფლებაშიც კონფლიქტების მოგვარების სახელმწიფო მინისტრის პოსტი დაეკავებინა.
რაც შეეხება ჯარს, პრობლემა გაცილებით ღრმა და არსებითია, ვიდრე ბუტაფორული აღლუმების ჩატარება. ჩვენ დღემდე არ ვიცით, რა საჭიროა არმია და, შესაბამისად, როგორი უნდა იყოს იგი. დღეს საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი, რამდენადაც ვიცი, 200 მილიონ ევროს, ანუ თითქმის 500 მილიონ ლარს შეადგენს. ეს დაუშვებელი ფუფუნებაა ღატაკი ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს პარალიზებული ეკონომიკა და უმუშევრობის კოლოსალური დონე. ამის «დაშვება» კიდევ შეიძლება, დაკარგული ტერიტორიების ძალის გამოყენებით დაბრუნება ჩვენი პირველხარისხოვანი ამოცანა რომ იყოს, მაგრამ ხომ კარგად ვიცით, რომ რუსეთთან და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ჩვენი ამჟამინდელი ურთიერთობების პირობებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ძალის გამოყენებით დაბრუნების ნებისმიერი მცდელობა მარცხისთვის არის განწირული? მეტიც, - საქართველოს ვერასოდეს ეყოლება არმია, რომელიც ისეთ მოწინააღმდეგეს შეერკინება, როგორიც რუსეთია. მე მგონი, ეს ცხადია. გარდა ამისა, აშშ, ნატო, ევროპული სტრუქტურები კატეგორიულად გამორიცხავენ ჩვენი კონფლიქტების ძალის გამოყენებით გადაწყვეტას. თუმცა, ამავე დროს, ქართული არმიის მშენებლობასა და წვრთნას აფინანსებენ. რაში სჭირდება ნატო-ს 12 ათას 500 ქართველი ჯარისკაცი? ბუნებრივია, ეს ნატო-ს არ სჭირდება, მაგრამ ერთი ქართული ბატალიონის ერაყში გაგზავნა ამერიკელებს წელიწადში 300 მილიონი დოლარის ეკონომიას აძლევს, ანუ საკუთარი ჯარისკაცების გაგზავნა და შენახვა მათ 300 მილიონი დოლარით უფრო ძვირი დაუჯდებოდათ. სხვათა შორის, ჩვენს ჯარისკაცებს საყარაულო ფუნქციისთვის წვრთნიან. დღეს ერაყში 852 ქართველი სამხედროა. იაპონელებმა კი ამ დღეებში ერაყიდან საკუთარი კონტინგენტის გაყვანის შესახებ განაცხ