აქტუალური
„ქართული ოცნება“ ოფიციალურად დარეგისტრირდა

reestri3თბილისი, 28 ნოემბერი, საქინფორმი. დღეს, 2011 წლის 28 ნოემბერს ბიზნესმენ და პოლიტიკოს ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნომ გაავრცელა განცხადება იმის თაობაზე, რომ საჯარო რეესტრი ივანიშვილის მოძრაობას – „ქართულ ოცნებას“ არ არეგისტრირებდა.

„ამა წლის 24 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ახალი სუბიექტის – ა(ა)იპ საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ განცხადება მიიღო, განმცხადებლის მიერ სახელმწიფო მოსაკრებელი იქნა გადახდილი, რაც დადგენილი წესით მომსახურების დასრულებას განაცხადის შეტანის დღესვე ითვალისწინებს. შესაბამისად, რეესტრი ვალდებული იყო, განცხადების შეტანის დღესვე (24/11/2011) ა(ა)იპ საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ რეგისტრაციაში გაეტარებინა, ან განმცხადებლისთვის საბუთებში არსებულ ხარვეზებზე მიეთითებინა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ სარეგისტრაციო განცხადება მიღებულია, რეალურად კი რეესტრი საზოგადოებრივ მოძრაობას არ არეგისტრირებს და განმცხადებელს არც რაიმე სახის ხარვეზს უდგენს. 25 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლები ჯერ – საჯარო რეესტრის ცხელი ხაზის მეშვეობით, შემდეგ კი უშუალოდ რეესტრში ადგილზე მისვლით წარდგენილ განცხადებაზე პასუხის გაცემის გაჭიანურების მიზეზის გარკვევას შეეცადნენ. არანაირი განმარტება იმის თაობაზე, თუ რატომ არღვევს რეესტრი საქართველოს კანონმდებლობას, გაკეთებული არ ყოფილა. აშკარად სახეზეა ხელისუფლების კიდევ ერთი მცდელობა პოლიტიკური ოპონენტის უკანონო დისკრიმინაციის, რაც პოლიტიკური დევნისა და კანონის დარღვევის ნათელ მაგალითს წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.

თუმცა, ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო საქინფორმს ატყობინებს, რომ პრესსამდივნოს მიერ გაკეთებული განცხადების გავრცელებიდან ერთი საათის შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ დაარეგისტრირა.

„ინფორმაცია ამის შესახებ საჯარო რეესტრის ვებგვერდზე დღეს, 15:04 საათზე, დაიდო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რეგისტრაციის თანხმობის შესახებ პასუხს საჯარო რეესტრისგან ჯერ კიდევ 24 ნოემბერს ველოდით“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადებაში.