რელიგია
ილია II: «ერისთვის დიდი საქმე სიმშვიდეში კეთდება»

patr-kadagebaთბილისი, 28 ნოემბერი, საქინფორმი. სიმშვიდე ხელს უწყობს ადამიანის სრულყოფას, - ამის შესახებ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

"ადამიანი დგას ან სრულყოფის ან დაცემის გზაზე. თუ ეცემა ადამიანი, ის დაუსრულებლად დაეცემა, თუ არაფერმა უშველა. თუ სრულყოფილების კიბეზე დგას, ის ბოლომდე ავა. მაგრამ უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რა გზები არსებობს სრულყოფილებისთვის", - განაცხადა პატრიარქმა.

მისივე თქმით, სარწმუნოება, სიყვარული, მიმტევებლობა და სიკეთე არის აუცილებელი პირობა, რომ ადამიანი სრულყოფის გზაზე დადგეს.

"არის კიდევ ერთი პირობა, რომელიც ხელს უწყობს სრულყოფას, ეს არის სიმშვიდე. ეს ისეთი თვისებაა, რომელიც აკლია თანამედროვე კაცობრიობას, თანამედროვე ადამიანს. ძალიან ადვილია სიმშვიდე შეინარჩუნოს ადამიანმა კეთილდღეობაში, ხოლო როცა განსაცდელშია, ხშირად კარგავს ამ სიმშვიდეს და ბევრ შეცდომას უშვებს. დიდი საქმე, ეს იქნება საკუთარი თავის თუ ერისთვის, კეთდება მხოლოდ სიმშვიდეში, ლოცვაში და ძალიან ხშირად მარტოობაში", - აღნიშნა ილია II-მ.

ტრადიციის მიხედვით, პატრიარქმა 17 ქართული გვარი დალოცა, მათ შორის შანავები, კვაშილავები, ბერაიები, გოგრიჭიძეები და ტატიშვილები.