საზოგადოება
კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის მიმართვა კავკასიელ ხალხებს

mimarTvaaaთბილისი, 28 ნოემბერი, საქინფორმი. კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ქალბატონებო და ბატონებო, მაქვს პატივი, მოგესალმოთ კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის სახელით და დიდი მადლობა გითხრათ ჩვენი საქმიანობის მიმართ გამოჩენილი გულისხმიერებისა და ყურადღების გამო. სიამაყით მინდა, გაცნობოთ, რომ ჩვენს ბოლოდროინდელ მიმართვებს სხვადასხვა ფორმით ოფიციალურად გამოეხმაურა 46 000-ზე მეტი ადამიანი როგორც კავკასიაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. დარწმუნებული ვარ, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

მოგეხსენებათ, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები დიდ როლს ასრულებს კავკასიაში მიმდინარე პროცესების მიმართულებებში. ამიტომ, ბუნებრივია, რომ კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთ კავკასიურ დიასპორებში დიდია ინტერესი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების მიმართ. საინფორმაციო სივრცე შეზღუდულია, სადაც ყველა ცდილობს, თავისი სიმართლე ისე დაგანახოს, როგორც თვითონ ხედავს და აღიქვამს მოვლენებს. ამიტომ კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის მიმართვები არა მარტო სამართლიანობის აქტია, არამედ ინფორმაციული ვაკუუმის გარღვევის მცდელობაც.

ჩვენ არასოდეს გვიკადრებია სიცრუე და არც ახლა ვაპირებთ, დავფაროთ ან შევალამაზოთ სიმართლე.

დავიწყებ იმით, რაც თქვენც კარგად იცით: საქართველოში დაძაბული პოლიტიკური და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. მედია სუბიექტური და ტენდენციურია. ქვეყანაში არსებული კაპიტალი კი ხელისუფლების ათიოდე  წარმომადგენლის ხელშია.

სხვაზე რომ არაფერი ვთქვა, ჩვენ გადაგვიკეტეს შემოსავლის ყველა წყარო და მედიასაშუალებებიც კი. მათ შორის არიან ფსევდოოპოზიციური საინფორმაციო საშუალებებიც, რომლებისთვისაც ოპოზიციონერობა მომგებიანი ნიშაა ბიზნესის თვალსაზრისით და არა საშუალება სამართლიანობისაკენ მიმავალ გზაზე.

გულუბრყვილობა იქნება იმის ფიქრი, თითქოს ეს პროცესები ბუნებრივი მოვლენაა ქართულ პოლიტიკაში, რადგან ბიზნესში მთავარი კონკურენციაა. მედიასაშუალებები კი სკანდალურ ინფორმაციებს მხოლოდ, რადგან ანალიტიკა და სიმართლე თურმე კარგად „ვერ იყიდება“. ჩვენ დაგვიპირისპირდა ძალა, რომელმაც კარგად იცის ჩვენი შესაძლებლობები, კავშირები და ავტორიტეტი. როგორც ჩანს, ისინი თვლიან, რომ ჩვენ ჩვენი საქმიანობით და აქტიურობით სერიოზულად ვუშლით ხელს მათი ინტერესების გავრცელებას ჯერ საქართველოში, შემდეგ კი მთელ კავკასიაში. ალბათ ამიტომ არ უნდოდათ, რომ ჩვენ ჩვენი სახსრებით დავაფინანსოთ ჩვენი საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა, მოვიდეთ ხელისუფლებაში და ყველას გასაგონად განვაცხადოთ: „ჩვენ კავკასიელები ვართ!“ და „ჩვენ გვინდა, თვითონ განვაგებდეთ ჩვენს ბედს, ჩვენს მომავალს და თუ ვინმეს თავისი ეკონომიკური ინტერესები უნდა რომ გაატაროს კავკასიის რეგიონში, კეთილი ინებოს და კავკასიელების ინტერესები გაითვალისწინოს პირველ რიგში!“

შორს ვართ იმ აზრისაგან, თითქოს რომელიმე ერთი ქვეყნის სპეცსამსახურების სურვილისამებრ გვბლოკავენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა მივყვეთ ფაქტებს და თქვენ თვითონ განსაჯეთ, თუ რა ხდება ჩვენი ორგანიზაციის გარშემო.

მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება საქართველოს სათავეში მოვიდა 2003 წელს ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ, რაც ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ღრმა რწმენით, იყო დიდი პოლიტიკური სპექტაკლი, რომლის მიზანი იყო, მაშინდელი მმართველი პარტიის „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ კონსერვატიული, კორუმპირებული და სახელგატეხილი ნაწილი იმავე კავშირის ახალგაზრდული ფრთით, ე. წ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობით ჩაენაცვლებინათ, რადგან სამართლიანი არჩევნების გზით მათ ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსვლის თეორიული შანსიც კი არ ჰქონდათ. თავს ვალდებულად ვთვლით, განვაცხადოთ, რომ სააკაშვილის გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის პროცესში იმ დროს აქტიურად იყო ჩართული რუსეთის სპეცსამსახურებიც, და როგორც შემდგომ მათი მმართველობის პერიოდში გაირკვა, ისინი არც ნაციონალური ინტერესების დამცველები აღმოჩნდნენ და ვერც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის.

ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა პირველად მოხდა შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, მის დაკანონებას კი ხელი შეუწყო სააკაშვილის ხელისუფლებამ.

დებო და ძმებო კავკასიელებო, მინდა, გაგახსენოთ, რომ 1991-1992 წლების სამხედრო გადატრიალების შემდეგ ჩვენ უკომპრომისოდ და შეუპოვრად ვებრძოდით შევარდნაძის კრიმინალურ უსამართლო და კორუმპირებულ ხელისუფლებას, ისევე, როგორც რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ყოვლად გაუმართლებელ აგრესიას საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, რომელსაც რატომღაც კონკრეტულ პიროვნებასთან აიგივებდა. ეს პოლიტიკური დაპირისპირება გაგრძელდა 2000 წლამდე, მანამ, სანამ როგორც ახლა, იმ დროსაც ისე არ დაგვბლოკეს ფინანსურად და ინფორმაციულად, როგორც დღეს. როგორც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გაირკვა, შევარდნაძე „დანებებას“ აპირებდა მის მიერვე გამოზრდილ ახალგაზრდებთან და რადგან მათგან ხელშეუხებლობის გარანტია უფრო დამაჯერებელი იყო, მან ხელი შეუწყო უსისხლო გადატრიალებას და ხელისუფლებისაკენ გზა გაუხსნა ანტიხალხური, ანტიქართული და ანტიკავკასიური მენტალიტეტის მქონე ადამიანებს.

დამეთანხმებით, ღირსეული წინაპრების მადლიერ შთამომავლებს – კავკასიელებს, არ გვეკადრება ეს ბინძური, ჩვენი ნების წინააღმდეგ თავსმოხვეულიპოლიტიკური თამაშები, მაგრამ სამწუხარო რეალობა სახეზეა! ჩვენ აღარ გვეკითხებიან – რა გვინდა, რა გვტკივა და რა გვჭირდება, რადგან მოსახლეობაზე და ამომრჩეველზე გავლენას კარგად დაფინანსებული და ძალიან კარგად გაპიარებული თავისი ინტერესების დამცველი ჯგუფების მეშვეობით ახდენენ.

ჩვენ არ მოგვწონდა 2003 წელს არჩეული სააკაშვილის ხელისუფლება, მაგრამ მიუხედავად ამისა, 2004 წლის გაზაფხულზე ჩვენ გამოვეხმაურეთ ხელისუფლების წარმომადგენლების შემოთავაზებას თანამშრომლობაზე და შევთავაზეთ: 1) მიეღოთ კანონი ლუსტრაციის შესახებ და აემოქმედებინათ იგი საერთაშორისო სამართლის ნორმის ფარგლებში; 2) საჯარო განხილვის საგნად ექციათ ყველა დანაშაული, უკანონობა და ე. წ. გაუხსნელი საქმეები 1988 წლიდან 2003 წლამდე და 3) შეექმნათ უხუცესთა საბჭო პარლამენტის მიერ მინიჭებული უფლებებით, რაზეც კატეგორიული უარი მივიღეთ, რის შემდეგაც ჩვენგან მცდელობაც კი არ ყოფილა მათთან თანამშრომლობისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მათ ჩვენი იდეები და პროექტები მიითვისეს.

მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა შემდეგი ძირითადი ლოზუნგებით: 1) ბრძოლა სიყალბესთან და უსამართლობასთან; 2) ბრძოლა კორუფციასთან; 3) მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება; 4) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და 5) საქართველოს ინტეგრაცია საერთაშორისო ორგანიზაციებში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იმ დროს ნატოში გაწევრიანებაზე ისინი არაფერს ამბობდნენ. ეს მხოლოდ მერე განაცხადეს მათ, როდესაც ე.წ. ლობებს ერთმანეთთან სავაჭროდ დასჭირდათ საქართველოს ფაქტორი კავკასიაში.

რაც გაკეთდა და აშენდა საქართველოში, ამის შესახებ არაფერს ვიტყვი, რადგან მიხეილ სააკაშვილმა იმდენი იტრაბახა მთელ მსოფლიოში, რომ თქვენს გონებას მეტი ინფორმაციით აღარ დავტვირთავ და მხოლოდ იმ ფაქტებზე გავამახვილებ ყურადღებას, რასაც მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები საგულდაგულოდ მალავენ.

1) გაპრეზიდენტების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა გააყალბა ყველა არჩევნები, ისტორიული ფაქტები, მოვლენები და, თქვენ წარმოიდგინეთ, ობიექტური რეალობის გაყალბებაც კი სცადა, როცა ნეობოლშევიკური მეთოდებით დაიწყო მართვა და საზოგადოება დაყო ორ ნაწილად: თავისიანები, ანუ მისთვის საჭირო და მისაღები ადამიანები, და საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის საშიში ხალხი, ე.ი. მტრები. ცნობისათვის, ეს ის ხალხია, რომელიც არ შეეგუა მისი მმართველოში ძალადობრივ ფორმებსა და უსამართლობას. უსამართლობა კი ისეთ ხარისხშია აყვანილი დღეს საქართველოში, რომ ბევრმა ახალგაზრდამ, რომლებიც ტრადიციული ოჯახებიდან არ არიან და ღირსეული აღზრდა აკლიათ, არც კი იციან, რა არის სიმართლე და რა არის უსამართლობა, რა არის ტყუილი და რა არის მართალი. რადგან მათი საზომია  „მჭირდება“ ან „არ მჭირდება“.

2) კორუფციას შეებრძოლნენ და დაამარცხეს იგი საშუალო და ქვედა ფენებში. შეიძლება ითქვას, მოსპეს კიდეც იგი, მაგრამ არა კორუფცია, არამედ კონკურენტები დაბალი რანგის ჩინოვნიკების სახით, ხოლო იმ ფენაში მბრუნავი აღურიცხავი თანხები მაღალ ეშელონებში აიტანეს და ორიოდ ადამიანს ჩააბარეს ხელში. შემდეგ მოხდა ყველაზე ცუდი, რაც კი შეიძლებოდა მომხდარიყო კორუფციაზე უარესი: მოხდა კანონსაწინააღმდეგო კრიმინალური გარიგება ხელისუფლებასა და მსხვილ კაპიტალს შორის, რამაც საქართველოში მოსპო კონკურენცია, არჩევანის უფლება წაართვა მომხმარებელს და მოკლა მცირე და საშუალო ბიზნესი. რბილად რომ ვთქვათ, ამ მანკიერი გარიგების პირდაპირი შედეგია უმუშევრობა, სიღარიბე და შრომისუნარიანი ადამიანების არნახული გადინება საქართველოდან.

3) მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ სავალალო ციფრები დაახლოებით ასეთია: 30%-მდე ღატაკია, 60%-მდე – ღარიბი, თან უიმედო, უშანსო და უპერსპექტივო. თავმობეზრებული დამამცირებელი სიდუხჭირით, რომელსაც პრესითა და ტელევიზიით ყოველდღე არწმუნებენ, რომ ქვეყანა ეკონომიკური აღმავლობის გზაზეა, ბედნიერება მალე მოვა და მხოლოდ იმიტომ აგვიანებს, რომ გარშემო მტრები გვყავს და ამიტომ უნდა მოვითმინოთ. დამეთანხმებით, ესეც ნეობოლშევიკური მეთოდებია და ისიც, რომ საქართველოში 10%-მდე პოლიტიკური ელიტა და მათ ინტერესებზე მიბმული ბიზნესმენები უზომოდ გამდიდრდნენ.

ამიტომ იყო, რომ მე არაერთხელ მოგმართეთ ემიგრაციაში მყოფ კავკასიელებს თხოვნით, ხელი შეუწყოთ, პატივი სცეთ და დაეხმაროთ ერთმანეთს, რათა უფრო იოლი გახდეს თქვენთვის საკუთარი მიწიდან და სახლიდან განშორების ნოსტალგია და სევდა. კავკასიელები თავისი ნებით იშვიათად ტოვებენ სამშობლოს და სახლ-კარს.

4) ვინ დაიწყო ომი, ამის თქმა ძალიან ძნელია მანამ, სანამ გამოძიება არ დაადგენს, რა მოხდა რეალურად და ამიტომ ვერაფერს გეტყვით, სამაგიეროდ, ზუსტად ვიცი, ვინ წააგო ომი, ვინ დაკარგა ტერიტორიები, ვინ გაიქცა ბრძოლის ველიდან თავის სარდლებთან ერთად და ვინ მიატოვა ბედის ანაბარა მებრძოლი ვაჟკაცები უიარაღოდ, უმეთაუროდ და კომუნიკაციების საშუალებების გარეშე, რომლებიც უკანდახევის შემდეგაც კი მზად იყვნენ, პარტიზანული ბრძოლები გაეგრძელებინათ. ეს იყო მიხეილ სააკაშვილი!

5) საქართველოს ინტეგრაცია საერთაშორისო სტრუქტურებში გარკვეული ვადით გადაიდო, არავინ იცის, როდის მოხდება ეს ქვეყნის სახელმწიფოებრიობისათვის საჭირო და აუცილებელი გაწევრიანება ნატოში ან ევროკავშირში, რადგან საუბრის ეს თემა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდებში ხდება აქტუალური. ჩვენ ვთვლით, რომ მიხეილ სააკაშვილმა არაადეკვატურობით, აგრესიითა და ზედმეტი პოპულიზმით დააფრთხო დასავლეთი, რადგან ისინი მიხვდნენ, რომ სიკეთეზე მეტი პრობლემები მოდიოდა საქართველოდან და ეს არ იყო შემთხვევითი მოვლენა, ეს არი იყო მარტო ემოცია.

საქართველო ნელ-ნელა კარგავს ფუნქციას და დანიშნულებას და თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ მივიღებთ ახალი ტიპის კუბას კავკასიაში.

მსოფლიო პოლიტიკური პროცესების მიმართულება განსაზღვრულია: აშშ, ევროპა და რუსეთი, რაც იმის მომასწავებელია, რომ მომავალში ისინი ერთობლივი ძალისხმევით გადაწყვეტენ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემებს, რათა მათ სახელმწიფოებრიობას საფრთხე არ შეექმნას, ამავე მიზნით, ინტერესთა კონფლიქტების ზონებში, სადაც აშშ-სა და რუსეთის ინტერესებია დაპირისპირებული, ვითარებას ევროპელები დააბალანსებენ. ამის ნათელი მაგალითებია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ამერიკული ნავთობკომპანიის 500-მილიარდდოლარიანი ინვესტიცია რუსეთში, მაშინ, როცა რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტი წელიწადში 300 მილიარდ დოლარამდეა, რუსეთის ენერგომატარებლების ექსპორტის გაზრდა და უსაფრთხოდ მიწოდება ევროპელებისათვის, რის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტზე აშშ-სა და ევროპელი ლიდერების ზემოქმედების შედეგად რუსეთის გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. როგორც ჩანს, მსოფლიო პოლიტიკის ამ სამი დიდი მოთამაშის ინტერესები მათი შესაძლებლობების მიხედვით კავკასიაზეც გავრცელდება მიხეილ სააკაშვილის გარეშე.

აი ამ რთულ და არაორდინარულ სიტუაციაში ქართულ პოლიტიკაში შემოდის წარმატებული ქართველი ბიზნესმენი და მეცენატი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს ყოფილი ელჩი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ბატონი ირაკლი ალასანია. საბედნიეროდ, ეს ადამიანები კარგად იცნობენ კავკასიელებს და საღად უყურებენ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს. მათ აქვთ სურვილი და შესწევთ უნარი, გაითვალისწინონ და დააბალანსონ ინტერესები როგორც საქართველოში, ისე რეგიონში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი აზრით, ამ პროცესში ისინი პრიორიტეტს კავკასიელების ინტერესებს მიანიჭებენ.

მათი წარსული ცხოვრება იმედს გვაძლევს, რომ საქმე გვაქვს განათლებულ და პროფესიონალ ადამიანებთან, რომლებიც კავკასიური საზომებით სიტყვის კაცებიც არიან.

„კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია“ მართავს კონსულტაციებს და ეცდება, კიდევ უფრო გააღრმაოს მათთან თანამშრომლობა არჩევნებში მხარდაჭერის მიზნით.

დიდ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და გპირდებით, მომავალში უფრო დეტალურად მოგახსენოთ პასუხები იმ მტკივნეულ საკითხებზე, რაც კავკასიელებს აწუხებთ მშვიდობისა და სტაბილურობის, ეკონომიკური კეთილდღეობისა და მომავალი პერსპექტივების სახით.

პატივისცემით,

კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე

ზაალ კასრელიშვილი“