მარიამ ცაცანაშვილის „წერილები ქეთოჩას“ კონკრეტული პიროვნებისათვის მიწერილი წერილებია, თუმცა ამ შემთხვევაში ქეთოჩა ტიპური სახეა დღევანდელი ახალგაზრდა თაობისა, და ამ წერილებში განხილული საკითხები აქტუალურია ყველასათვის. მათში ქალბატონი მარიამი, ცხოვრებისეული გამოცდილებით დახუნძლული, საინტერესო ყურადსაღებ რჩევებს იძლევა, თუ როგორ გაუადვილდეთ ცხოვრება ახალგაზრდებს დღვანდელ გლობალურ სამყაროში.ქალბატონი მარიამის თითოეული წერილიდან სისპეტაკის, სინაზის, კაცთმოყვარების, ურთიერთმიტევების სითბო იღვრება.
საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო „საქინფორმმა“ სწორედაც რომ დროულად და საჭიროდ ჩათვალა ამ კორესპონდენციების მკითხველისთვის გაცნობა. განვაგრძობთ მათ გამოქვეყნებას და გთავაზობთ ციკლიდან მეხუთე წერილს.როცა ბავშვობას უყურებ, საკუთარ მომავალს გრძნობ!
ტიციან ტაბიძეს აქვს ასეთი ფრაზა – „ბავშვობა ღვთიური სიხარულია და ზოგჯერ ცხოვრების ფერხულში ის კარგავს მხიარულ სახეს“. მე კი მგონია, რომ რაც ხშირად იყურები ბავშვობისაკენ, ღირსებაზე ორიენტაციას ინარჩუნებ, თავგასულობის, უტიფრობისა და მებრძოლი უმეცრებისაგან ახდენ დისტანცირებას. ამ სურათს ვუყურებ და შენი პირველი წერილი მახსენდება, ქეთოჩა; ეს შენი ხელის ანაბეჭდი იყო და გიხაროდა – წერილი მოგწერეო. მეც უზომოდ გავიხარე, როცა გულწრფელი ინტერესითა და სიდინჯით მკითხე – რა წერიაო მაგ წერილში. ბევრი ვისაუბრეთ მაშინ. გამზადებდი იმისათვის, რომ სამუდამოდ ბავშვი არ დარჩენილიყავი. ეს მაშინ, ახლა... ახლა, სინდისგარიგებული რომ არ გინდა, იყო, ღირსების სიმძიმის მსუბუქად ტარებისათვის ხარ მზად. მაშინდელივით მახარებს ბავშვური გულწრფელობით, მაგრამ ნიჭით ცხებული შენი კითხვები, რადგან არ შეიძლება, დიდ ადამიანს გულნამცეცას გული გქონდეს, და ნიჭით ცხებულს ჟანგი გიჭამდეს გულს.
იცი, რატომ გეუბნები ამას? დღეს, გორსალიზმის ტოტალური შემოტევის პირობებში, ღირებულებათა გადაფასებამ ადამიანები ბიბლიურ სიბრძნეს ჩამოაშორა, მოგვიანებით კანტის იმპერატივის სახელით რომაა ცნობილი: „მოექეცი სხვას ისე, როგორც ისურვებდი, რომ მოგქცეოდნენ შენ“. არ გაგეცინოს, გორსალა ძველმოდურ სიტყვად არ ჩამითვალო. თ. ჩხენკელის „მწვანე ბივრიტი“ ხომ გახსოვს: გორსალას, ერთი მხრივ, ახასიათებს ამპარტავნება, ქედმაღლობა და ველური მეგალომანია, ანუ განდიდების ბოდვა; მეორე მხრივ, მონური ქედის მოხრა, სულერთია, რის ან ვის წინაშე. ხშირად ეს თვისებები შენიღბულია და მთელი სისრულით მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციაში ვლინდება. გორსალა სხვის ადგილს იკავებს და ამიტომ ნიადაგ დადარაჯებულია, სხვას უსაფუძვლო შენიშვნა მისცეს, დაამციროს. ის ამით თავს იმკვიდრებს; ცხოველური გეშით გრძნობს ინტელიგენტს და სძულს იგი მთელი არსებით.
აი, ხომ ხედავ, რა კარგია, როცა ბავშვობას უყურებ, საკუთარ მომავალს გრძნობ და, უმცირესობაში ყოფნის მიუხედავად, უღირსი არ ხდები. ბევრი მინახავს შენზე უკეთესი მორკინალი, მაგრამ ნაკლებად – თუ ვინმე იქნება შენზე თავმდაბალი, შენზე ერთგული საზოგადო სიკეთისადმი, შენზე მორჩილი ბედისწერისადმი და მოყვასთა ცდომის მიმართ შენზე დიდსულოვანი. ჩერჩილს ასეთი სიტყვები წამოსცდენია, როცა თავის ბავშვობას უყურებდა – ბედს ის ამარცხებს, ვინც თვითონ ესხმის მას თავს!
იქნებ ესეც გამოგადგეს გორსალებთან საბრძოლველად, ქეთოჩა?!.