საზოგადოება
„ზესტაფონს“ მეკარეთა ახალი მწვრთნელი ჰყავს

odikadze1თბილისი, 27 ნოემბერი, საქინფორმი. თამაზ ოდიკაძე ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ზესტაფონის“ კარის კიპერებს, სულ მცირე, სეზონის ბოლომდე გაწვრთნის. კონტრაქტს ოდიკაძესა და იმერულ მხარეს შორის 11 ნოემბერს მოეწერა ხელი.

ოდიკაძემ მეკარის კარიერა სწორედ „ზესტაფონში“ დაასრულა 2004 წელს და ამავე გუნდში წლების შემდეგ მეკარეთა მწვრთნელად დაბრუნდა.

პერსპექტიული მწვრთნელი დიდი ხნის განმავლობაში „ლოკომოტივის“ მეკარეებს ავარჯიშებდა. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ოდიკაძის გაწვრთნილთა შორის არიან გიორგი ლომაია (რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ეროვნული ნაკრების კარს იცავდა), ზურაბ ბათიაშვილი (რუსთავის „მეტალურგის“ სარეზერვო მეკარე) და კიდევ რამდენიმე ნიჭიერი მეკარე. ზესტაფონში მისი გადასვლა ნამდვილად ხელს შეუწყობს იმერელთა პერსპექტიული კიპერების წინსვლას.

თუკი ოდიკაძის მუშაობით კლუბის ხელმძღვანელობა კმაყოფილი დარჩება, მხარეები გრძელვადიან ხელშეკრულებას გააფორმებენ.