აქტუალური
ივანიშვილმა კალაძის ბანკის აქციების 8,67 პროცენტი შეიძინა

progresbankთბილისი, 27 ნოემბერი, საქინფორმი. მილიარდერმა ქველმოქმედმა ბიძინა ივანიშვილმა ფეხბურთელ კახი კალაძის მფლობელობაში არსებული „პროგრეს ბანკის“ აქციების 8.67 პროცენტი იყიდა, – განაცხადა „პროგრეს ბანკმა“.

განცხადების თანახმად, ბანკში ახალი პარტნიორის – ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის, შემოსვლის შედეგად „პროგრეს ბანკმა“ კაპიტალი 1 300 000 ლარით გაზარდა და მისმა საწესდებო კაპიტალმა 14 980 000 ლარი შეადგინა.

„პროგრეს ბანკი“ „კალა კაპიტალის“ შემადგენლობაში შედის, რომელიც 2008 წლის დასაწყისში ჩამოყალიბდა. 2010 წელს ბანკის მოგებამ 215 700 ლარი შეადგინა.

კახი კალაძემ ივანიშვილის მიმართ მხარდაჭერის შესახებ ჯერ კიდევ ოქტომბერში განაცხადა. თავის „Facebook“-ის გვერდზე 24 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა, რომ ივანიშვილსა და „პროგრეს ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „პროგრეს ბანკის“ საქმიანობის შემოწმება დაიწყო.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომელიც 19 ოქტომბრიდან ივანიშვილის „ქართუ ბანკს“ ამოწმებს, დაადასტურა, რომ ის „პროგრეს ბანკის“ საქმიანობასაც ამოწმებს, თუმცა დეტალების გამხელისგან თავი შეიკავა საკითხის კონფიდენციალურობის მოტივით.

მიმდინარე შემოწმების დეტალებზე არც კალაძის განცხადებაშია საუბარი. მისი თქმით, „ეს არის გაგრძელება საბანკო ტერორისა, რომელიც ეროვნული ბანკის ხელით დაიწყო „ქართუ ბანკზე“ და ამჟამად გრძელდება „პროგრეს ბანკზე“.

„ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს მეგობრობის ხელი გავუწოდე და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში გვერდით დგომა შევთავაზე, ეს ყველაფერი ძალაშია, – განაცხადა კალაძემ, – ვარდების რევოლუციის შემდეგ რვა წელი გავიდა, ეს იყო ხალხისათვის იმედგაცრუების და ნიჰილიზმის საშინელი რვა წელი. ჩვენ, ქართველმა ხალხმა, არა რევოლუციით, არამედ კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა გზით უნდა შევძლოთ არსებული რეჟიმის შეცვლა“.