აქტუალური
თბილისი, 24 ნოემბერი, საქინფორმი. დღეს, 19:00 საათზე, „ივენთ ჰოლში“ „თბილისის მოდის კვირეული“ ჟურნალ „ამარტას“ ახალი ნომრის პრეზენტაციით გაიხსნება. პირველ დღეს წარმოდგენილი იქნება სამი დიზაინერის – თამუნა ინგოროყვას, ტამანინისა და გუდუს (ლაშა მდინარაძე) კოლექცია.
რიგით მე-5 მოდის კვირეული 24-27 ნოემბერს კომპანია „ჯეოფეშენის“ ორგანიზებით ჩატარდება და მასში მონაწილეობას 14 პროფესიონალი და 17 დამწყები დიზაინერი მიიღებს. ჩვენებები თბილისის „ივენთ ჰოლში“ გაიმართება. თბილისის მოდის კვირეულის ჩვენებების პარალელურად, „გრატო პასაჟში“ ყოველდღიურად მოეწყობა აქსესუარების გამოფენა და დიზაინერების „შოურუმი“, სადაც ყველა შეძლებს კოლექციების დათვალიერებას და სასურველი ნივთის შეძენას. დღეს თამუნა ინგოროყვას კოლექციის ჩვენება 20:00 საათზე დაიწყება, ტამანინის – 21:00 საათზე, გუდუს (ლაშა მდინარაძე) – 22:00 საათზე.