აქტუალური
თბილისი, 24 ნოემბერი, საქინფორმი. „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ კანონი პარლამენტმა დღეს საბოლოოდ დაამტკიცა.
ცვლილებების თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე, რომელიც იმ ქვეყნის მოქალაქეა, რომელსაც საქართველოში შემოსასვლელად ესაჭიროება ვიზა, უფლებამოსილი იქნება, ვიზის გარეშე გადმოკვეთოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ქვეყნის ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 დღისა იმყოფებოდეს. საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძველი კი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა იქნება.ამასთან, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხოეთის მოქალაქეს ენიჭება სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლება. სახელმწიფოს მიერ ზოგადი განათლების დაფინანსება გავრცელდება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხოეთის მოქალაქეზეც.
სპორტის შესაბამის სახეობაში საერთაშორისო ფედერაციის თანხმობის შემთხვევაში, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხოეთის მოქალაქეებს უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ სპორტულ შეჯიბრებებში საქართველოს სახელით ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.