თბილისი, 24 ნოემბერი, საქინფორმი. მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებების თანახმად, ბიუჯეტში თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 44.6 მლნ ლარით იზრდება.
შედეგად, თავდაცვის სფეროს ბიუჯეტი წელს გათვალისწინებული 660 მლნ ლარიდან 704.6 მლნ ლარს მიაღწევს. შარშან ეს მონაცემი 728 მლნ ლარი იყო, 2009 წელს 869.6 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო მომავალ წელს, ჯერ კიდევ დასამტკიცებელი ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 675 მლნ ლარი იქნება.
საბიუჯეტო ცვლილებების განმარტებით ბარათში თავდაცვის დაფინანსების ზრდის დეტალები არ არის მოცემული და მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ თავდაცვის სამინისტროს ასიგნებებში გადადის ვეტერანთა დეპარტამენტისთვის განკუთვნილი დაფინანსება, რადგან ეს დეპარტამენტი ცოტა ხნის წინათ ჯანდაცვის სამინისტროდან თავდაცვის უწყებას გადაეცა. ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს მთლიანი დაფინანსებიდან ვეტერანთა დეპარტამენტზე 836 ათასი ლარი მოდის.ცვლილებების პროექტი მიმდინარე წლის შემოსავლების ზრდას ითვალისწინებს არსებული 6.304 მლრდ ლარიდან 6.476 მლრდ ლარამდე. მათ შორის, საგადასახადო შემოსავლები იზრდება 125 მლნ ლარით. თუმცა შემცირებაა გრანტების ნაწილში 53 მლნ ლარის ოდენობით.
მთავრობის განმარტებითი ბარათის თანახმად, შემოსავლების ზრდა განაპირობა ეკონომიკურმა ზრდამ, რომლის საპროგნოზო მოცულობაც არსებული 5.5%-დან 6%-მდე იზრდება და ნომინალური მშპ-ის პროგნოზი 23.8 მლრდ ლარს შეადგენს.
ბიუჯეტის ხარჯები, წარმოდგენილი პროექტის თანახმად, არსებული 5.966 მლრდ ლარიდან 6.020 მლრდ ლარამდე იზრდება.
თავდაცვის უწყებასთან ერთად დაფინანსება ეზრდება სამინისტროების უმეტესობას.
წელს მხოლოდ ორ სამინისტროს შეუმცირდება დაფინანსება. ესენია: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომელიც 1.685 მლრდ ლარს მიიღებს, არსებული 1.692 მლრდ ლარის ნაცვლად; და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომელსაც 818.6 მლნ ლარი გამოეყოფა ამჟამად გათვალისწინებული 879.1 მლნ ლარის სანაცვლოდ.
თუმცა, ამავე დროს, მკვეთრად – ორჯერ მეტად, იზრდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსება არსებული 146 მლნ ლარიდან 327.8 მლნ ლარამდე.
ამასთან, მცირედით იზრდება პარლამენტის, მთავრობის კანცელარიის (თითქმის 1 მილიონი ლარით), სახელმწიფო დაცვის სამსახურის, სახალხო დამცველის აპარატის (დონორების დაფინანსების ხარჯზე), სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (750 ათასი ლარით) დაფინანსება. თვითმმართველობებისათვის გადასაცემი ტრანსფერების ოდენობა არსებული 835 მლნ ლარიდან 859 მლნ ლარამდე იმატებს.
სავარაუდოდ, აღნიშნული მატება განპირობებულია იმითაც, რომ რიგი მიმართულებებით ხარჯების შეკვეცაა გათვალისწინებული. მათ შორის, 62 მლნ ლარით მცირდება საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ხარჯები, დაახლოებით 19 მლნ ლარით – საშინაო ვალის; და 38 მლნ ლარით – ორგანიზაციების წინა წლებში წარმოქმნილი საგადასახადო დავალიანებების დაფარვა.
პარლამენტის საბიუჯეტო ცვლილებების ამ პროექტის განხილვა მესამეა 2011 წლის ბიუჯეტში აპრილსა და მარტში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ.