თბილისი, 22 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის მიერ გუშინ, 2011 წლის 21 ნოემბერს, ვლადიკავკაზში სამხედროებთან შეხვედრისას გაკეთებულ განცხადებას დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:
დ. მედვედევის აღიარებამდეც არავითარ ეჭვს არ იწვევდა, თუ ვინ, რატომ და რა მიზნების მისაღწევად დაიწყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი. კრემლის ამჟამინდელი ბინადარის აღნიშნული განცხადების შემდეგ სრულიად აშკარაა, რომ 1990-იანი წლებიდან სუვერენული საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას და 2008 წლის აგვისტოს ომს ჰქონდა და აქვს კონკრეტული მიზნები – ცივილიზებულ სამყაროში, კერძოდ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციისათვის ხელის შეშლა, საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობა და მიმდინარე წარმატებული რეფორმების შეჩერება. ამასთან, რუსეთი მიზნად ისახავდა ე.წ. პრივილეგიური ინტერესების ზონის დაკანონებას, სადემარკაციო ხაზის გავლებას დემოკრატიულ სამყაროსთან და ამ საკითხზე საკუთარი შეურიგებელი პოზიციის დემონსტრირებას. უპრეცედენტო კორუფციასა და ტოტალიტარიზმში ჩაფლული რუსეთის დღევანდელ მესვეურთათვის ძალზე გამაღიზიანებელ და საშიშ ფენომენს წარმოადგენს საქართველოს, როგორც წარმატებული დემოკრატიისა და კანონიერებაზე დამყარებული სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის მაგალითი, ვინაიდან ასეთი მაგალითის არსებობა შეუძლებელს ხდის მათთვის, დაუსაბუთონ საკუთარ მოსახლეობას იმ მახინჯი სახელმწიფოებრივი მოდელის აუცილებლობა, რომელსაც ისინი ქმნიან. სწორედ ამიტომაც არის რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურება. თუმცა კანონზომიერი ისტორიული პროცესების მსვლელობას და თავისუფლებისმოყვარე ერების წადილს მედვედევები ვერ შეაჩერებენ.
საქართველო აუცილებლად გააგრძელებს დემოკრატიულ აღმშენებლობას და წარმატებით დაასრულებს ცივილიზებულ სამყაროში ინტეგრაციის პროცესს“.