თბილისი, 21 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წინანდალში ქართული ღვინის ინსტიტუტის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზარზე გატანა სტრატეგიული საკითხია და მზადაა, ქართული ღვინის ინსტიტუტი პირადი პატრონაჟის ქვეშ აიყვანოს“.
სააკაშვილის შეფასებით, „ქართული ღვინო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა ასევე მაღალი ხარისხით უნდა მოხდეს ამ ღვინის ბოთლებში ჩამოსხმა და შემდეგ მსოფლიო ბაზარზე უფრო დიდი რაოდენობით გატანა“.„ძალიან დაინტერესებული ვარ ამ საკითხით. ჩემს ნაკვეთში ვაკეთებ ღვინის ბიბლიოთეკას და მინდა, დავაკვირდე, სხვადასხვა ჯიში როგორ იხარებს. ვეპატიჟები უცხოელ პროფესორებს, რათა ერთად გავიაროთ ეს საკითხები. ყველა ერთად უნდა დავკავდეთ ჩვენი ღვინის გატანით. საქართველოს ბევრი ახალი მეღვინე სჭირდება, რომელსაც ეცოდინება, რა არის თანამედროვე ღვინის კეთება. მინდა, მოვუწოდო ახალგაზრდებს, აქ ისწავლონ. ჩვენ დავამატებთ სტიპენდიებს. რამდენი ნიჭიერი მეღვინეც გვეყოლება, იმდენს გავუშვებთ უცხოეთში, რათა ახალი ცოდნა შემოიტანონ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტმა კახეთსა და თუშეთში მიმდინარე აღდგენით სამუშაოებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ამ მხარეს, ისევე, როგორც მთელ საქართველოს, საინტერესო ტურისტული პოტენციალი გააჩნია“.
აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის ინსტიტუტი „სილქ როუდ ჯგუფისა“ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარებით დაფუძნდა.