საზოგადოება
თბილისი, 21 ნოემბერი, საქინფორმი. უზბეკეთის თასის ფინალის დაპირისპირება „ნასაფსა“ და „პახტაკორს“ შორის ტაშკენტელების რიგებში მოასპარეზე ქართველის – ირაკლი კლიმიაშვილის, ბენეფისად იქცა.
„ნასაფის“ კარში სწრაფი გოლი მე-6 წუთზე გავიდა. გოლის ავტორი ირაკლი კლიმიაშვილი იყო. 29-ე წუთზე მისმა თანაგუნდელმა კლეცკოვმა ტაშკენტელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.
თამაშმა საკმაოდ კორექტულად ჩაიარა – მატჩის მთავარ არბიტრს არცერთი ფეხბურთელისთვის გაფრთხილება არ უჩვენებია. მეორე ტაიმის ბოლოს, 82-ე წუთზე, კლიმიაშვილმა აქტივში დუბლი ჩაიწერა და, ფაქტობრივად, მარტომ გადაწყვიტა თამაშის ბედი.
ქარშელებმა ღირსების გოლი გატანა დამატებულ 94-ე წუთზე მოახერხეს. გამარჯვება და თასი კი ტაშკენტელებს დარჩათ, რაშიც სწორედ ქართველს მიუძღვის ლომის წილი.
შეგახსენებთ, რომ კლიმიაშვილი „ანჟიდან“ არის განათხოვრებული „პახტაკორში“. იჯარის ვადა მას ნოემბრის ბოლოს ეწურება.