საზოგადოება
საქინფორმი: ივანიშვილისადმი მიმართვის შემდეგ „გურია“ ლანჩხუთის ვეტერანებზე ზეწოლა განხორციელდა!

GURIAAAAთბილისი, 18 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც მკითხველისთვის უკვე ცნობილია, ა.წ. 14 ნოემბერს გაზეთ „ასავალ-დასავალსა“ და საინფორმაციო -ანალიტიკურ სააგენტო „საქინფორმში“ გამოქვეყნდა საფეხბურთო კლუბ „გურია“ ლანჩხუთის ვეტერან ფეხბურთელთა  განცხადება ბატონ ბიძინა ივანიშვილისადმი. კიდევ ერთხელ გთავაზობთ ამ მიმართვის ტექსტს:

საფეხბურთო კლუბგურიალანჩხუთის ვეტერან ფეხბურთელთა

ჩვენ, ლანჩხუთისგურიასვეტერანი ფეხბურთელები მხარს ვუჭერთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვასთან დაკავშირებით. 

ღრმად გვწამს, რომ ბატონი ივანიშვილის გარშემო ჯანსაღი ძალების გაერთიანება შესაძლებელს გახდის პოლიტიკური პროცესების კოორდინირებულ მართვას და ერთობლივი ძალისხმევით სახელმწიფოს განვითარების ოპტიმალური მოდელის შემუშავებას. 

ჩვენ, ლანჩხუთისგურიასფეხბურთელებმა, 1990 წელს გადამწყვეტი სიტყვა ვთქვით ეროვნული ჩემპიონატის დამოუკიდებლად ჩატარების საკითხზე. დღეს კი, ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის 21- წლისთავზე, სამწუხაროდ, ვერაფრით მოვიწონებთ თავს.  

ამ ხნის განმავლობაში ფეხბურთის ფედერაციის მესვეურთა მხრიდან სულ გვესმის საუბარი ერთსა და იმავე პრობლემებზე, რომელთა მოგვარებას საშველი ვერა და ვერ დაადგა: კვლავ დაბალ დონეზე ტარდება ეროვნული ჩემპიონატი, რეგიონებში ფეხბურთი თითქმის ჩამკვდარია, ბავშვთა ფეხბურთში პრობლემების გადაწყვეტის ნიშანწყალიც არ ჩანს და ..

ერთი სიტყვით, სახეზე გვაქვს ქართული ფეხბურთის ღრმა კრიზისი.

ჩვენ იმედით შევცქერით მომავალს და გვჯერა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს დაწყებულ საქმეს და მის მიერ დაფუძნებული პარტიის პროგრამაში სათანადო ასახვას პოვებს ქართული სპორტის, სახელდობრ კი, ფეხბურთის რეალური რეფორმა.

პატივისცემით,

თემურ ჩხაიძე, დავით უგრელიძე, მერაბ მეგრელაძე, გია გილიგაშვილი, გია თავაძე, მერაბ თევზაძე, ვახტანგ ქორიძე, მურმან აკოფიანი, ავთანდილ ქანთარია, თემურ ებანოიძე, ლევან მელიქია, ვლადიმერ ახობაძე, ავთანდილ ნარიაშვილი, ანზორ გაბიტაშვილი, მურმან ძაგანია, ზურაბ ნემსაძე

ამ განცხადების შემდეგ საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურებმა განცხადებაზე ხელმომწერთა მიმართ ზეწოლა განახორციელეს! კერძოდ, ვეტერან ფეხბურთელებს ურეკავდნენ, ემუქრებოდნენ და მკაცრად მოითხოვდნენ ხელმოწერების უკან წაღებას. ერთ-ერთმა ხელმომწერმა, ბატონმა ავთანდილ ნარიაშვილმა, როგორც ჩანს, ზეწოლას ვერ გაუძლო და საკუთარ ხელმოწერაზე უარი თქვა (საქინფორმი შეეცადა, დაკავშირებოდა ბატონ ავთანდილს, მაგრამ მან ჩვენი ჟურნალისტის ზარს არ უპასუხა. როგორც ჩანს, მისი ტელეფონი საგანგებოდ გათიშულია).

მეტიც – გაზეთ „ალიაში“ სასწრაფოდ იქნა გამოქვეყნებული წერილი, რომელზეც საფეხბურთო კლუბ „გურია“ ლანჩხუთის სხვა ვეტერანების ჯგუფს ხელი მოაწერინეს, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია, რომ არავითარი მიმართვა ბიძინა ივანიშვილის სახელზე სინამდვილეში არ ყოფილა და ხელმომწერებიც რეალობაში არ არსებობენ.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, საქინფორმი უფლებამოსილია განაცხადოს:

1. იმ სახელმწიფო მოხელეების ვინაობას, ვინც ამ ზეწოლას ახორციელებს, საქინფორმი  აზუსტებს, მაგრამ მათი გვარების გამოქვეყნებისგან ჯერჯერობით თავს შეიკავებს და ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ ვეტერან ფეხბურთელებზე ზეწოლა გაგრძელდა.

2. საინტერესოა – რატომ აღაშფოთა ამ მიმართვამ ასე ხელისუფლება? რა არის მასში ნათქვამი ისეთი განსაკუთრებული, გარდა ვეტერან ფეხბურთელთა გულწრფელი სურვილისა და თხოვნისა – ბიძინა ივანიშვილმა თავისი წვლილი შეიტანოს ქართული ფეხბურთის აღორძინებაში? განა დღევანდელი ხელისუფლება „ვარდების რევოლუციიდან“ დაწყებული – დღემდე, მრავალჯერ არ მიმართავდა სხვადასხვა თხოვნით ბიძინა ივანიშვილს, რომელთა დაკმაყოფილებაზე ბიზნესმენს მილიონობით დოლარი აქვს დახარჯული? იმ ნაცხელისუფლებამ, როგორც ბიძინა ივანიშვილის ბიზნესიდან პოლიტიკაში გადასვლის შემდეგ გაირკვა, სწორედაც რომ მისი ფინანსური დახმარებით მოაღწია დღემდე...

მაშ, რა დააშავეს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „გურია“ ლანჩხუთის ვეტერანებმა და  ქართული ფეხბურთი გამონაკლისად რატომ უნდა იქცეს?!

3. საქინფორმი აქვეყნებს ვეტერან ფეხბურთელთა ბიძინა ივანიშვილისადმი მიმართვის ასლს, რათა მომავალში არავის შეეპაროს ეჭვი დაბეჭდილი მიმართვის ფალსიფიკაციაში.