სამართალი
ნაფიც მსაჯულთა პირველი სასამართლოს გამამტყუნებელი ვერდიქტი

თბილისი, 18 ნოემბერი, საქინფორმი. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ამ ინსტიტუტის ამოქმედების შემდეგ განხილულ სისხლის სამართლის პირველ საქმეზე 17 ნოემბერს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანა, – იტყობინება თბილისის საქალაქო  სასამართლო.

napiciთორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა ბრალდებული რევაზ დემეტრაშვილი დამნაშავედ ცნო 1994 წელს მინასიანების ოჯახის სამი წევრის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის დახმარებაში. აღნიშნული საქმე სამართალდამცველებმა გახსნილად, დაახლოებით, ორი თვის წინათ გამოაცხადეს. ამ საქმეზე ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტზე დაყრდნობით განაჩენს მოსამართლე გამოიტანს.

„საქმის არსებითი განხილვის პროცესში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით ჩატარდა 6 სასამართლო სხდომა, დაიკითხა ბრალდებული და 13 მოწმე, ასევე, მხარეთა მიერ გამოკვლეულ იქნა საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები“, – იტყობინება თბილისის საქალაქო სასამართლო, რომელიც მიღებულ ვერდიქტს „ისტორიული მნიშვნელობის ფაქტს“ უწოდებს.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება 2009 წელს მიღებული სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსით არის გათვალისწინებული. თუმცა პირველ ეტაპზე, კერძოდ კი, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, იგი მხოლოდ თბილისში და მხოლოდ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულთა (სსკ-ის 109-ე მუხლი) სისხლის სამართლის საქმეებთან მიმართებაში იმოქმედებს.

შემდგომში კანონით გათვალისწინებულია მისი როგორც გეოგრაფიული არეალის, ისე სისხლის სამართლის რიგ სხვა მუხლებზეც გავრცელება. კერძოდ, 2012 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე თბილისში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს სსკ-ის 111-ე (განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში) და 137-ე (გაუპატიურება) მუხლებით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის საქმეებს; ამავე პერიოდში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ამოქმედდება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რომელიც განიხილავს მხოლოდ სსკ-ის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეებს.

შემთხვევითი შერჩევის პრინციპით სასამართლოში გამოძახების შემთხვევაში, მოქალაქე ვალდებულია, ნაფიც მსაჯულობაზე თანხმობა განაცხადოს. ნაფიცი მსაჯულობა შეუთავსებელია განსაზღვრული კატეგორიის მოქალაქეებისთვის, მათ შორის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის, სამართალდამცავი სტრუქტურების, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის, იურისტებისთვის, ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრებისთვის.