აქტუალური
ლაგოდეხი, 18 ნოემბერი, საქინფორმი. ლაგოდეხის რაიონის სოფელ თელაში მეწყერის შედეგად ჩვენს წელთაღრიცხვამდე II-I საუკუნეების უნიკალური ნივთები აღმოჩნდა. ადგილობრივ მცხოვრებთ ელინისტური შავპრიალა თიხის ჭურჭელი, დოქები, ბრინჯაოს სამაჯურები და კალმის სამკაულები იპოვეს, რომლებიც ოქროს მტვრით არის დაფარული. სპეციალისტების თქმით, ასეთი აღმოჩენა ლაგოდეხის ტერიტორიაზე ამ დრომდე არ ყოფილა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ თელას მცხოვრებთ განუცხადეს, მდინარე ბაისუბნის წყლის ადიდების დროს უძველეს ნივთებს ხშირად პოულობენ. ისინი სოფელში სპეციალისტების ჩასვლას და ტერიტორიის შესწავლას ითხოვენ. „ჯერ კიდევ ჩემი ბავშობიდან მახსოვს, რომ ამ მდინარის კალაპოტში იყო ძალიან ბევრი ქვევრის ტიპის და ქვაყუთოვანი სამარხები. ასეთი ნივთების პოვნის შემთხვევები ხშირია. ქვევრებში იყო სამკაულები, რომლებსაც ზოგიერთმა ადამიანმა რესტავრაციაც კი გაუკეთა და ახლაც კი ხმარობს. მსგავსი ნივთები ბევრ ოჯახში ინახება“, – განაცხადა სოფელ თელას საჯარო სკოლის დირექტორმა ლამარა ტაბატაძემ. ლაგოდეხის გამგეობის განათლებისა და კულტურის სამსახურის უფროსი აკაკი მჭედლიშვილის განცხადებით, ამ ტერიტორიაზე პირველად აღმოჩნდა მოჭიქული ბრინჯაოს სამაჯურები. „აქ არის ბრინჯაოს სამაჯურები, რომელიც არის მოჭიქული. ეს ძალიან საინტერესოა, რადგან ამ ტერიტორიაზე პირველად აღმოვაჩინეთ. სამწუხაროა, რომ თვითონ სოფელი თელა არ არის შესწავლილი. თუ დაიმეწყრა ტერიტორია, მაშინვე სოფლის სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები გვატყობინებენ. ჩვენ ჩამოვდივართ და ვნახულობთ, რამდენად ფასეულია ნივთები“, – აღნიშნავს აკაკი მჭედლიშვილი.