აქტუალური
ქადაგიძეს პარლამენტში ელოდებიან

giorgi-qadagidze2თბილისი, 17 ნოემბერი,საქინფორმი. ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძეს „ბანკ ქართუსთან“ დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე პარლამენტში ელის. ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, „მას შემდეგ, რაც გიორგი ქადაგიძემ პარლამენტში თქვა, რომ მზად არის, „ბანკ ქართუსთან“ დაკავშირებით შეხვდეს ნებისმიერ ფრაქციას და მიაწოდოს ინფორმაცია, „ერთობა სამართლიანობისთვის“ მასთან შეხვედრას ითხოვს, თუმცა – უშედეგოდ.

ცაგარეიშვილის თქმით, მათ ეროვნულ ბანკს მიმართეს უკვე ორი წერილით, ხოლო მისი აპარატის უფროსი დღეში რამდენჯერმე უკავშირდებოდა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, თუმცა ქადაგიძის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით კონკრეტული ვერაფერი შეიტყვეს. შესაბამისად, ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუშინ უკვე მესამე წერილით მიმართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და შეატყობინა, რომ დღეს, 13:00 საათზე, პარლამენტში დანიშნულია ფრაქციის სხდომა, რომელზეც ქადაგიძეს ელოდებიან.

სხდომაზე მიწვეული არიან უფლებათა დამცველები და საბანკო სექტორების წარმომადგენლები.

მართალია, ქადაგიძე პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა რამდენჯერმე მიიწვიეს, თუმცა ცნობილი ხდება, რომ ის დღეს 13:00 საათისათვის პარლამენტში მივა, მაგრამ არა „ქართუ ბანკში“ შექმნილ ვითარებაზე სასაუბროდ და არა ფრაქციის – „ერთობა სამართლიანობისთვის“ – გაფართოებულ სხდომაზე.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელ ზურაბ მელიქიშვილის ინფორმაციით, ქადაგიძე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ოპოზიციური ფრაქციის სხდომის პარალელურად იმართება. კერძოდ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საკომიტეტო სხდომაზე რამდენიმე საკანონმდებლო პროექტთან დაკავშირებით არის მიწვეული.