თბილისი, 17 ნოემბერი, საქინფორმი. „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა და მათ ოჯახის წევრთა ფულად კომპენსაციას.
ორიოდ თვის წინათ სასამართლოში შედგა ერთ-ერთი ასეთი საქმის განხილვა და მოსამართლემ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის გზით მიყენებული ზიანი, ანუ, ფაქტობრივად, ადამიანის სიცოცხლე 400 ლარად შეაფასა. ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდნენ ადამიანის უფლებათა დამცველები, ადვოკატები, სამართალმცოდნეები და საქმე შეჩერდა.
როგორც საქინფორმი არაერთხელ იუწყებოდა, მოქალაქეებს ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს. ამჯერად „თავისუფალი საქართველო“ ყველა მოქალაქეს, რომლის ოჯახის წევრიც ან უშუალოდ თვითონ წარსულში გახდა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი, სთავაზობს დახმარებას კომპენსაციის მიღებისთვის საჭირო იურიდიული ხასიათის პროცედურებში.
შეგახსენებთ: დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ ცნობა პირის რეპრესირებულად აღიარების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ცნობა, რომ პირი ნამდვილად იყო გასამართლებული.