თბილისი, 17 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები კოალიციას – „არჩევანის თავისუფლებისთვის“ – ქმნიან . კოალიციის პრეზენტაცია დღეს მედიასახლი „პალიტრის“ საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართება. კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ და ორმა ექსპერტმა დააფუძნა.
დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირება და არჩევნების ჩატარება მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს არ უნდა მიენდოთ; აუცილებელია, პროცესში აქტიურად ჩაერთოს სამოქალაქო საზოგადოება. ამიტომ, დამფუძნებელთა აზრით, აუცილებელია, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააერთიანონ რესურსები და შეიმუშაონ ერთიანი სამოქმედო გეგმა, რაც გაზრდის საარჩევნო პროცესებზე ეფექტიან სამოქალაქო კონტროლს და მას რეალურ შედეგამდე მიიყვანს.
სწორედ ამ მიზნით შეიქმნა კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“. სხვადასხვა სფეროში მომუშავე ორგანიზაციები და ექსპერტები საკუთარი რესურსებისა და შესაძლებლობების გაერთიანებით კოალიციის ფარგლებში საქმიანობას რამდენიმე მიმართულებით წარმართავენ. დეტალებზე დამფუძნებლები დღეს დაგეგმილ პრეზენტაციაზე ისაუბრებენ. პრეზენტაციას საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.