აქტუალური
დღეს ჭაბუა ამირეჯიბის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

amirejibiთბილისი, 16 ნოემბერი, საქინფორმი. დღეს, 16 ნოემბერს, საპატრიარქოს დარბაზში მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის დაბადებიდან 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო მოეწყობა. ღონისძიება მწერალთა კავშირის ინიციატივით იმართება. „დაგვირეკეს მწერალთა კავშირიდან და გვითხრეს, რომ ჭაბუას იუბილეს აღნიშვნა სურთ. სამწუხაროდ, არ ვიცი, თავად რამდენად მოახერხებს მისვლას, რადგან, მოგეხსენებათ, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს“, – აღნიშნა ბატონი ჭაბუას მეუღლე თამარ ამირეჯიბმა.

ჭაბუა ამირეჯიბს 90 წელი18 ნოემბერს შეუსრულდება.

შეგახსენებთ, რომ ჭაბუა ამირეჯიბი 1921 წლის 18 ნოემბერს თბილისში დაიბადა. მისი ცნობილი რომანებია „დათა თუთაშხია“, „გორა მბორგალი“, „გიორგი ბრწყინვალე“. „დათა თუთაშხიას“ მოტივებზე გიგა ლორთქიფანიძემ ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო.

ჭაბუა ამირეჯიბი არის სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1979), შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1994), საქართველოს სახელმწიფო პრემიის (1998) მფლობელი, ღირსების ორდენის კავალერი (2001). დაჯილდოებულია უცხოური, რუსული, ქართული პრემიებითა და პრიზებით. მისი ნაწარმოებები დაბეჭდილია ოცდაათ ენაზე.