„45-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანების დასასაქმებლად მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ არის მიბმული არჩევნებსა და საარჩევნო წელზე. პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული საგადასახადო შეღავათის ვადა საარჩევნო წელიწადის შემდეგ იწურება და ბუნებრივია, დამსაქმებელს მათი შენარჩუნების არანაირი ვალდებულება აღარ ექნება. მოკლევადიანი და არაეფექტური სამუშაო ადგილები კი ამ ასაკობრივი კატეგორიის ადამიანების რეალურ დასაქმებას ნამდვილად ვერ უზრუნველყოფს. ერთი წლით მუშაობა ცუდი არ არის, მაგრამ ამ ხალხმა წინასწარ უნდა იცოდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მათ მხოლოდ ერთი – საარჩევნო წლის განმავლობაში ასაქმებს“, – განუცხადა სააგენტო „პირWელს“ ვეფხვაძემ.
ამასთან, აღნიშნული საგადასახადო შეღავათით ამ ასაკობრივი კატეგორიის ის პირები ისარგებლებენ, რომლებიც მუშაობას 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 ივლისამდე დაიწყებენ.
დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ პრეზიდენტის ეს საგადასახადო წინადადება „გარკვეულწილად ბოდიშის მოხდაა იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც თითქმის ყველა სამსახურიდან ქუჩაში სწორედ ასაკის გამო გაყარეს“. „დღეს, როგორც ჩანს, მმართველმა გუნდმა ჩათვალა, რომ საარჩევნო კამპანიაში ამ ასაკობრივი ჯგუფის ჩართვა მათთვის მომგებიანი იქნება“, – დასძინა ვეფხვაძემ.