თბილისი, 15 ნოემბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორესა და ბიზნესმენ-პოლიტიკოს ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საქინფორმს ივანიშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნონა ყანდიაშვილმა დაუდასტურა, რომლის ინფორმაციით, შეხვედრა საპატრიარქოში დღეს, 2011 წლის 15 ნოემბერს, 18:00 საათზე, შედგება.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა პატრიარქთან შეხვედრის სურვილი გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დააფიქსირა. „ვაპირებ, ვესტუმრო მის უწმიდესობას. ვფიქრობ, თანხმობას მივიღებ შეხვედრაზე. კათოლიკოს-პატრიარქთან სასაუბრო ბევრი მაქვს. მინდა, რჩევები მივიღო ამ ბრძენი ადამიანისგან. გარდა იმისა, რომ ის არის მართლმადიდებელი მოსახლეობის სულიერი მამა, ამავე დროს, ბრძენიც არის. მას რამდენჯერმე შევხვედრივარ და ყოველთვის სიხარულით ვიხსენებ იმ წუთებსა და რჩევებს, რაც მიმიღია“, – განაცხადა ივანიშვილმა.
უწმიდესმა კი ბიზნესმენისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაზე საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა. პატრიარქის განცხადებით, ივანიშვილს აუცილებლად უნდა მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა.