აქტუალური
ივანიშვილის მრჩეველთა რიგებს გიორგი ვოლსკი შეემატა

volskiთბილისი, 15 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 25 ნოემბერს ფილარმონიაში საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ პრეზენტაცია იგეგმება. ორგანიზაციის დაფუძნებამდე ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტებას აგრძელებს. საბჭოს რიგებს ამჯერად ყოფილი დიპლომატი და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე, ექსპერტი გიორგი ვოლსკი შეემატა.

როგორც თავად ვოლსკი აცხადებს, ის ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს და ამ პროცესში უკვე აქტიურად ჩაერთო.

„ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ დაფუძნებას აპირებს.  ამჟამად მრჩეველთა შემადგენლობა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დასახელებული საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციის ორგანიზების საკითხზე მუშაობს. ბევრია შეხვედრები, კონსულტაციები, ინტერვიუები. გრაფიკი საკმაოდ დატვირთულია, მართვის სტილი – პროფესიონალურად დახვეწილი, თუმცა ხაზგასმით მეგობრული და ტრანსპარენტული. ვფიქრობთ, საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციაზე ბატონი ბიძინა უფრო კონკრეტულად ისაუბრებს როგორც საკუთარი ხედვების, ისე ამ პროცესებში მოსახლეობის ფართო ფენების ჩართვის და მოკავშირე პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის მექანიზმების შესახებ“, – აცხადებს ვოლსკი.