აქტუალური
ალასანია სადეპუტატო მანდატების ზრდის წინააღმდეგ

alasaniaa2თბილისი, 15 ნოემბერი, საქინფორმი. ხელისუფლების გადაწყვეტილება – დეპუტატების რაოდენობა არსებული 150-დან 190-მდე გაზარდოს, „ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ“ არის მიმართული და „ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავუპირისპირდეთ ამას“, – განაცხადა „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.

პარლამენტში გასულ კვირას ინიცირებულ იქნა საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2012 წელს არჩეულ პარლამენტში სადეპუტატო მანდატების ზრდას ითვალისწინებს.

ეს ინიციატივა საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, რომელსაც მმართველმა პარტიამ და რამდენიმე სხვა პარტიამ 27 ივნისს მოაწერეს ხელი. ამ შეთანხმებას რამდენიმე ოპოზიციური პარტია, მათ შორის, „თავისუფალი დემოკრატები“ არ შეუერთდნენ.

„ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს არ სჭირდება... ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც ყველანი ერთად უნდა დავუპირისპირდეთ. ჩვენ ვეწინააღმდეგებით გადაწყვეტილებას, რომელიც მიდის ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. რეფერენდუმმა მიიღო 2003 წელს გადაწყვეტილება და შეამცირა 150 დეპუტატამდე“, – განაცხადა ალასანიამ.

„ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა მან პარლამენტის შენობის წინ.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ დეპუტატების რაოდენობის ზრდა დამატებით „ათეულობით მილიონი ლარი“ დაჯდება და, მისი თქმით, ჯობდა, ეს თანხა რეგიონებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დახარჯულიყო.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გამოიანგარიშა, რომ პარლამენტის წევრთა 40-ით გაზრდის შემთხვევაში დეპუტატებისთვის გამოყოფილი დაფინანსება დაახლოებით 2.5 მილიონი ლარით გაიზრდება ყოველწლიურად.

სექტემბერში კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრების (CRRC) მიერ  აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტისთვის ჩატარებული კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 60 პროცენტი პარლამენტში ადგილების ზრდის წინააღმდეგ იყო და მხოლოდ 8 პროცენტი მიემხრო ამ იდეას.