რელიგია
ილია მეორე: „ჩვენ ერთად ვიყავით და ერთად ვიქნებით... ეს ღვთის განგებაა“

patriarq_iliaთბილისი, 15 ნოემბერი, საქინფორმი. ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობის“ („თეთრები“) ლიდერმა, ქართულ-ოსური მისიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თემურ შაშიაშვილმა სამების ტაძარში ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენების პარაკლისის აღვლენის შემდგომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს გადასცა ყოველთა ოსთა დიდი შეკრების მონაწილეთა მადლიერების სიტყვები.

„მე ბედნიერი ვარ, რომ ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღეს სამების ტაძარში შევხვდი მის უწმიდესობას, მოვისმინე ქადაგება, რომელიც, ჩემი აზრით, ყოველი ქართველისა და ქართველთა მეგობრებისათვის მრავალმხრივ დამაფიქრებელია და საშუალება მომეცა, ამ წმიდა დღეს წმიდა ტაძარში შემესრულებინა  ყოველთა ოსთა დიდი შეკრების მონაწილეთა თხოვნა: გადამეცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის, უწმიდესისა და უნეტარესისათვის ოსების კეთილი განწყობა, მადლიერების სიტყვები ოსი ხალხისადმი ნამდვილი ქართული, მართლმადიდებლური  სიყვარულისათვის, მიმეღო მისი მადლი“, – აღნიშნა თემურ შაშიაშვილმა პატრიარქთან შეხვედრის შემდგომ.

თემურ შაშიაშვილი დარწმუნებულია, რომ ბედნიერებაა  ყოველი ქართველისა და ყოველი ოსისათვის  ის, რაც სამების ტაძარში პატრიარქისაგან მოისმინა: „ჩვენ და ოსები სისხლისმიერი ნათესავები ვართ, მე მათგან უამრავი სიკეთე მახსოვს, ჩემი ცხოვრების გარკვეული ნაწილი ვლადიკავკაზთან არის დაკავშირებული, იქ მოვინათლე ქართულ ეკლესიაში, მუდმივად ვატარებ დიდ სითბოს ოსებისადმი... ჩვენ ერთად ვიყავით და ერთად ვიქნებით. ეს ღვთის განგებაა!“