თბილისი, 14 ნოემბერი, საქინფორმი. ფრანგულ გამოცემა „Le Monde“-ში ბიზნესმენ და პოლიტიკოს ბიძინა ივანიშვილის წერილი დაიბეჭდა, რომლის ქართულ ვარიანტსაც „foreighnpress.ge“ აქვეყნებს.წერილს საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:
„ბიზნესმენად ჩამოყალიბებული ადამიანისთვის, რომელსაც პოლიტიკაში არანაირი გამოცდილება არ აქვს, ეს იოლი დებიუტი არ არის. მე საქართველოში პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ძალიან შეშფოთებული ვარ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მცოცავი ავტორიტარიზმით. მისი აზროვნების სტილი და ქმედებები, რაც გამომდინარეობს პრინციპიდან – „სახელმწიფო – ეს მე ვარ“, საქართველოს წონასწორობას უკარგავს და ჩემს ქვეყანას წარმატებული რეფორმირების უნარს უმუხრუჭებს.
თუკი საზოგადოება არ დაბალანსდება ოპოზიციურ ძალთა წყალობით, საქართველო იზოლაციისა და გაღატაკებისკენ სვლას განაგრძობს. თუკი უმრავლესობის პარტია კვლავ ძველებურად ჩაებღაუჭება ხელისუფლებას 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო, და კიდევ ერთი წლის შემდეგ დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში, აუცილებელი რეფორმები დღის სინათლეს ვერ იხილავს და ქვეყანა განადგურდება პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობით. დამოუკიდებლობის ოცწლიანი ტურბულენტური პერიოდის შემდეგ, საქართველო ვერ მისცემს თავს კიდევ ერთი რევოლუციის უფლებას.მე მტკიცედ მწამს, რომ ქართველები მზად არიან რეალური პოლიტიკური დებატებისთვის. ჩვენ ვართ ხალხი, რომელსაც დისკუსია გვიყვარს და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, დავაყენოთ ქვეყანა აყვავების გზაზე. ჩვენთვის დამამცირებელია, როდესაც ქვეყანაში მთავარი მედიასაშუალებები ხელისუფლების ხელშია, ოპოზიციის ხმა კი ჩახშულია.
ეს არაჯანსაღი სიტუაცია სახელმწიფო მოხელეებში უპასუხისმგებლობის განცდას და სახელმწიფოს საქმეებში გაუმჭვირვალობას ბადებს. შედეგად ვიღებთ კორუფციას და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, რაც, პირველ რიგში, ქართველ ხალხს აზიანებს. მე ყოველთვის მაოცებდა ქართველებისთვის დამახასიათებელი სიყოჩაღე. სამეზობლო ჩვენ ყოველთვის შემოქმედ და საქმიან ადამიანებად აღგვიქვამდა.
მიუხედავად იმ პირველი პოზიტიური ცვლილებებისა, რაც 2003 წლის „ვარდების რევოლუციას“ მოჰყვა, რომლის მიზანიც საქმიანი კლიმატის გაუმჯობესება და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა იყო, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიზერულია: 2629 დოლარი 2010 წელს, ხოლო სომხეთი და აზერბაიჯანი ჩვენზე წინ არიან.
2008 წელს საქართველო ჩაება და დამარცხდა რუსეთის წინააღმდეგ ომში, რომლის თავიდან არიდებაც შეიძლებოდა. ეს დისფუნქციური სისტემის პირდაპირი შედეგი იყო, რომლის არსიც ისაა, რომ მთავრობაში გადაწყვეტილებების მიღების სისტემა არ არსებობს და ძალაუფლება მთლიანად ერთი კაცის ხელშია. ჩვენ დღემდე ამის შედეგებს ვიმკით: დაკარგული გვაქვს ტერიტორიის 20% და სავაჭრო კავშირები რუსეთთან გაყინულია, მაშინ, როდესაც ის უმნიშვნელოვანესი ბაზარია ჩვენი პროდუქციისა და მომსახურებისთვის, და, იმავე დროს, ჩვენი მოსაზღვრე სახელმწიფოა. ჩვენი ისტორიის ამ სამწუხარო ეპიზოდმა დააზიანა ჩვენი ურთიერთობები ჩვენს მნიშვნელოვან დასავლელ პარტნიორებთანაც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საქართველო უპასუხისმგებლოდ მართავდა თავის ურთიერთობებს რუსეთთან.
ერთი სიტყვით, საქართველოს პოტენციალი ამაოდ იხარჯება, მიუხედავად მთავრობის სერიოზული ძალისხმევისა, ქვეყანა გარესამყაროს თვალში ენერგიულ რეფორმატორულ სახელმწიფოდ წარმოაჩინოს. სააკაშვილის შეუწყნარებლობა ოპოზიციის მიმართ და ქვეყანაზე ტოტალური კონტროლის სურვილი აფერხებს ჩვენს ბუნებრივ დინამიკას და ხელს უშლის საქართველოს უკმაყოფილო მოქალაქეების პოლიტიკური გამოხატვის შესაძლებლობას, მათ შორის, საჯარო სივრცეებშიც კი. ეს კი შიშის ატმოსფეროში ცხოვრებას გვაიძულებს. 2007 წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილის მიერ ანტისამთავრობო დემონსტრანტების სასტიკი დარბევა დავიწყებული არ არის და პირველად სწორედ ამან მიბიძგა, უფრო კრიტიკულად აღმექვა დღევანდელი მთავრობა.
უპირველესი ამოცანაა, გამოვძებნოთ ოპოზიციის გაძლიერების გზები და ჩავატაროთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, რათა ქართველებმა შეძლონ, თავად გააკეთონ არჩევანი საკუთარი ქვეყნის მომავალთან და პასუხისმგებელ ლიდერებთან დაკავშირებით. ეს მოითხოვს რეფორმებს, რომელიც ოპოზიციური პარტიებისთვის ნაციონალურ მედიას უფრო ხელმისაწვდომს გახდის, ასევე, ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში, რათა ის უფრო სამართლიანი გახდეს.
საქართველოს ხელისუფლების პასუხი ჩემს განცხადებაზე პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, აბსოლუტურად პროგნოზირებადი იყო და ავლენს მათ უკიდურეს ნევროტულობას მოვლენების კონტროლთან დაკავშირებით. ჩემი განცხადებიდან ხუთ დღეში მიხეილ სააკაშვილმა ცალმხრივ რეჟიმში ჩამომართვა საქართველოს მოქალაქეობა, რათა ხელი შეეშალა ჩემი მონაწილეობისთვის საპარლამენტო არჩევნებში. მე მაქვს, ასევე, რუსეთისა და საფრანგეთის მოქალაქეობა და ორივეზე უარის თქმის წინადადებით გამოვედი. მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას არანაირი კანონიერი საფუძველი არ აქვს.
მეორე დღეს ხელისუფლებამ რეგულარული რეისის დროს დააკავა ჩემი კუთვნილი „ქართუ ბანკის“ დაჯავშნული ავტომანქანა, რომელშიც დიდი ოდენობის თანხა იყო. შემდეგ მათ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ფულის გათეთრების ბრალდებით. როგორც ეს მოსალოდნელი იყო, დღეს ჩემს ბანკს ცენტრალური ბანკი და უშიშროების სამსახურები ამოწმებენ.
ამავე დროს, დევნიან და აპატიმრებენ ჩემი ნათესავების ზოგიერთ მეგობარს და ჩემი თანამშრომლების ახლო ნათესავებს. ჩვეულ მანერაში ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა ტელეარხებმა ჩემზე თავდასხმების განხორციელება დაიწყეს იმ საბაბით, რომ მე რუსეთის ინტერესების გამტარებელი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა თითქმის ათი წლის წინ დავტოვე. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მე ვაპირებ რუსეთში დარჩენილი ყველა ჩემი კომერციული აქტივის რეალიზაციას.
საქართველოს მთავრობის გადამეტებული რეაქცია იმაზე მიუთითებს, რომ ისინი კვლავ არასწორ გათვლას აკეთებენ და თავიანთ რეალურ სახეს აჩვენებენ. ვფიქრობ, ეს იმის ნიშანია, რომ მმართველმა პარტიამ იცის, რომ პარლამენტში მათი მანდატების კონტროლი სინამდვილეში არანაირად არ ასახავს მოსახლეობის რეალურ მხარდაჭერას.
იმის გამო, რომ 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ჩემი იმედგაცრუება სულ უფრო იზრდებოდა, ქვეყნის დატოვებაზე ვფიქრობდი. მე გადავწყვიტე დარჩენა, რადგან საკუთარ მოვალეობად მივიჩნიე, დავხმარებოდი საქართველოს, რათა ის სწორ გზაზე დადგეს. მოვლენებმა, რომელიც ჩემი განცხადების შემდეგ განვითარდა, ჩემი გადაწყვეტილების სისწორე დაადასტურა. როგორც ქართველს, მე არ მაქვს სხვა არჩევანი, თუ არა – შევუერთდე ჩვენს ბრძოლას უკეთესი და უფრო თავისუფალი მომავლისთვის“.