აქტუალური
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი

parlamenti6თბილისი, 14 ნოემბერი, საქინფორმი. მთავრობის მიერ 2012 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტში რიგი პარამეტრების ცვლილებები განხორციელდა, მათ შორის, შემოსავლები – 6.607 მლრდ ლარით, ხოლო ხარჯები 6.181 მლრდ ლარით განისაზღვრა.

წელს ბიუჯეტის შემოსავლები 6.304 მლრდ ლარით არის განსაზღვრული, ხოლო ხარჯები – 5.966 მლრდ ლარით.

მომდევნო წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, გადამუშავებული პროექტის თანახმად, 5 საბაზისო პუნქტით 5.0%-მდე შემცირდა. ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ არსებული პროგნოზით, წლევანდელი წელი 6%-იანი ეკონომიკური ზრდით და ინფლაციის 7%-იანი მაჩვენებლით დასრულდება.  ბიუჯეტის პროექტში, მომავალ წელს ინფლაციის 6%-იანი ნიშნულია პროგნოზირებული.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მთავარ სიახლეს საპენსიო პაკეტის დაგეგმილი ზრდა წარმოადგენს, რისთვისაც, მისი თქმით, დაახლოებით, 70 მლნ ლარი იქნება გათვალისწინებული. თუმცა მან, ასევე, განაცხადა, რომ ეს თანხები პროექტში შემდგომი საპარლამენტო მოსმენისას იქნება ასახული. გეგმის თანახმად, პენსიონერების ნაწილს, კერძოდ, 67 წლის ასაკის ზევით მყოფ პენსიონერს, 1 სექტემბრიდან პენსია 100 ლარიდან 25 ლარით გაეზრდებათ; ამასთან, ყველა პენსიონერი მიიღებს 15-ლარიან სადაზღვევო ვაუჩერს.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრეტენზიები გამოთქვეს იმის გამო, რომ ყველა პენსიონერს არ გაეზრდება პენსია, რაც, მათი თქმით, დისკრიმინაციულია. მათ, ასევე, ეჭვი გამოთქვეს, რომ ხელისუფლება პენსიებს 1 სექტემბრიდან იმის გამო ზრდის, რომ ეს თარიღი ახლოსაა 2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან.

„ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელიც გამომდინარეობს პოლიტიკური ან არჩევნების მოტივით. ეს არის რაციონალური გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა ფისკალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში გრანტების ოდენობა 207 მლნ ლარს შეადგენს.

მომავალ წელს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება, 2011 წელთან შედარებით, 15 მლნ ლარით ეზრდება, პროექტის თავდაპირველ ვარიანტში გათვალისწინებული 30-მილიონიანი ზრდის ნაცვლად. შედეგად, თავდაცვის უწყება 2012 წელს 675 მლნ ლარს მიიღებს. წელს ამ უწყების დაფინანსება 660 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო შარშან 728 მლნ ლარი იყო.

ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით, ნაკლებ დაფინანსებას მიიღებს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროც  – 290.3 მლნ ლარი (თავდაპირველ პროექტში – 369.3 მლნ ლარი, 2011 წ. – 216 მლნ ლარი).

თავდაპირველ პროექტთან შედარებით, დაფინანსება გაეზრდებათ შემდეგ სამინისტროებს: სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 100.2 მლნ ლარი (თავდაპირველ პროექტში  – 69.8 მლნ ლარი; 2011 წ. – 79.9 მლნ ლარი); ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 129.3 მლნ ლარი (თავდაპირველ პროექტში – 80.3 მლნ ლარი; 2011 წ. – 106.3 მლნ ლარი); განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 580 მლნ ლარი (თავდაპირველ პროექტში – 560 მლნ ლარი; 2011 წ. - 555 მლნ ლარი); რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 920.3 მლნ ლარი (თავდაპირველ პროექტში – 914.7 მლნ ლარი; 2011 წ. – 879.1 მლნ ლარი).

საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებზე, ბიუჯეტის პროექტში თავდაპირველად გათვალისწინებული 599.7 მლნ ლარის ნაცვლად, მომავალი წლისთვის 493.7 მლნ ლარი დაიხარჯება, საიდანაც საბიუჯეტო სახსრები, პროექტის მიხედვით, – 212.4 მლნ ლარი, ხოლო კრედიტებით მიღებული თანხები 281 მლნ ლარი იქნება. კრედიტების წილი ჭარბობს მომავალ წელს დაგეგმილ რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის დაფინანსებაშიც.

პროექტის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის ცენტრალურ ბიუჯეტიდან გადასაცემი ტრანსფერი 818.9 მლნ ლარამდე მცირდება ბიუჯეტის პროექტში თავდაპირველად გათვალისწინებული 888.9 მლნ ლარიდან.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბიუჯეტის პროექტი გააკრიტიკეს მისი „არაგამჭვირვალობის“ გამო. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პროგრამული სახით არის წარმოდგენილი, მასში მწირი ინფორმაციაა მოცემული ხარჯების თაობაზე, რაც წინა წლების ბიუჯეტებში გაცილებით უფრო დეტალურად იყო გაწერილი.

„ფაქტობრივად, ბიუჯეტი დახურული დოკუმენტია, ჩვენ არ ვიცით, რა ხარჯები გაიწევა და ვერანაირი საზოგადოებრივი კონტროლი მასზე ვერ განხორციელდება“, – განაცხადა პარტია „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა, ფრაქციის –„ერთობა სამართლიანობისთვის“ – თავმჯდომარემ, დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა.

ბიუჯეტის პროექტს პარლამენტი მომდევნო საპარლამენტო მოსმენის შემდეგ, სავარაუდოდ, დეკემბერში დაამტკიცებს.