აქტუალური
ცხინვალში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი

vibori_osetiiთბილისი, 14 ნოემბერი, საქინფორმი. ცხინვალში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ვერცერთი კანდიდატი 50%-ზე მეტს ვერ აგროვებს. ეგზიტპოლების მონაცემების მიხედვით, ანატოლი ბიბილოვს 48.1%-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, ალა ჯიოევას – კი 30.7%-მა. მესამე ადგილზეა ალან კოტაევი, რომელმაც ხმების 5.2% მიიღო. სხვა კანდიდატებმა ხმების 5% მოაგროვეს.

შესაბამისად, ამ დროისთვის ვერ ერთი კანდიდატი 50%-ზე მეტს ვერ აგროვებს, რაც, სავარაუდოდ, მეორე ტურის გამართვის საფუძველი გახდება.

შეგახსენებთ, რომ  სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები და რუსული ენის სახელმწიფო სტატუსის შესახებ რეფერენდუმი გაიმართა. პრეზიდენტის პოსტზე პრეტენზიას 11 კანდიდატი აცხადებდა. ესენი არიან:

ალა ჯიოევა – განათლების  ყოფილი მინისტრი;

ანატოლი ბიბილოვი – სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს უფროსი;

ალან კოტაევი – ცხინვალის მერის პირველი მოადგილე;

ვლადიმერ ქელეხსაევი – ყოფილი დეპუტატი;

ალან ფლიევი –  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

ვადიმ ცხოვრებოვი – პურპროდუქტების ქარხნის დირექტორი;

გიორგი კაბისოვი – ინფორმაციის, კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციების  სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე;

დიმიტრი ტასოევი – გაუქმებული სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი;

სერგეი ბიტიევი – სასამართლოს მთავარი აღმასრულებელი;

ჯემალ ჯიგკაევი – რესპუბლიკური საავადმყოფოს დიაგნოსტიკური განყოფილების გამგე;

სოსლან თედეტი – შს სამინისტროს მაღალჩინოსანი.

ცესკომ პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრებაზე უარი უთხრა: მხატვარ გენო ქაჯაევს, ადვოკატების პალატის წევრ ვასილი ბესტაევს, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმ ლევ გაგიევს, სახრეთ ოსეთის ყოფილ თავდაცვის მინისტრ ვალერი თედეევს და თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ჯამბოლატ თედეევს. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ედუარდ კოკოითის მთავარ მოწინააღმდეგედ ითვლებოდა, რომელიც მოქმედმა პრეზიდენტმა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გააძევა.