აქტუალური
ხვალიდან კიდევ უფრო აცივდება

goderdziაჭარა, 11 ნოემბერი, საქინფორმი. სინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოში ხვალიდან კიდევ უფრო აცივდება. დღეს კი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში იწვიმებს, აღმოსავლეთ საქართველოსა და მთაში კი მოთოვს. თბილისში სინოპტიკოსები ნალექს ვარაუდობენ. ტემპერატურა დედაქალაქში 7-8 გრადუსს მიაღწევს. დასავლეთ საქართველოში 3-8 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთში კი –  4-9 გრადუსი. სპეციალისტების პროგნოზით, მერყევი ამინდი საქართველოში ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

ამინდის გაუარესების გამო პრობლემებია შექმნილი აჭარაში. გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარმა უკვე 2 მეტრს მიაღწია. დაბა ხულოსა და მის სოფლებში 50 სანტიმეტრამდე მოთოვა. მაღალმთიან სოფლებში შიდა გზებზე გადაადგილება დილიდან შეუძლებელი იყო, თუმცა ამ დროისთვის რაიონულ ცენტრამდე მისასვლელი გზა გაწმენდილია. ხულოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგია მთელი დღის განმავლობაში გათიშული აქვს. „ენერგო პრო ჯორჯია“ დაზიანებული გადამცემი ხაზების აღდგენას უახლოეს ხანებში დაასრულებს. ხულოში საგანგებო სიტუაციების ეფექტური მართვის ჯგუფი შეიქმნა, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობას ნებისმიერ დახმარებას გაუწევს.

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდვებით ხორციელდება. მოძრაობა შეზღუდულია გუდაური-კობის ავტოსატრანსპორტო მონაკვეთზეც. თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით; ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია.

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უნდა განხორციელდეს ზვავდამცავი გვირაბების გავლით.